Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

media.ge - უნიკალური საიტი ქართულ მედიაზე


media.ge-ის პრეზენტაცია
media.ge-ის პრეზენტაცია
საქართველოში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი, საინფორმაციო საშუალებების სიმცირეს არ უჩივიან, თუმცა ორ ასეულზე მეტ გაზეთს, ინტერნეტგამოცემას, ტელევიზიასა და რადიოსადგურს შორის საიტი media.ge ერთადერთი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც, ძირითადად, მედიისათვის ან მედიის მუშაობით დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის საჭირო ინფორმაციას აგროვებს და ავრცელებს. საიტმა დაარსებიდან ხუთი წლის განმავლობაში არაერთი მკითხველი და ხელმომწერი შეიძინა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რამ განაპირობა საიტის წარმატება?
media.ge-ს არ აქვს არანაირი პროპაგანდისტული დღის წესრიგი. ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ, თუ რა არის მნიშვნელოვანი დღეს ქართულ მედიაში.“

www.media.ge - ამ ინტერნეტმისამართს დღის განმავლობაში ათასამდე ადამიანი კრეფს. გარდა ამისა media.ge-ის ბიულეტენი გამოწერილი აქვს დაახლოებით 2000-მდე ორგანიზაციას თუ კერძო პირს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში: ინგლისურენოვანი ბიულეტენი ეგზავნება 600-ზე მეტ ხელმომწერს, რუსულენოვანი კი - 300-ს. საიტის პროდუქციის აქტიური მომხმარებელია პაატა გურგენიძე - კავკასიის ჟურნალისტთა ქსელის დირექტორი:

“დღეს ქართული მედიასივრცე დამახინჯებულია. მისი მთავარი ტრენდი არის პროპაგანდა. ის, რომ მედიას ავალია ინფორმაციის გადმოცემა, თითქოს ყველას დაავიწყდა. media.ge-ს არ აქვს არანაირი პროპაგანდისტული დღის წესრიგი. ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ, თუ რა არის მნიშვნელოვანი დღეს ქართულ მედიაში.“

საიტი ქართული მედიის შესახებ, მართლაც, ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. არადა, როგორც „ინტერნიუსი საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი გენადი უჩუმბეგაშვილი ამბობს, ამ ხუთიოდე წლის წინ მსგავსი ინფორმაციის მოპოვება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული:

დავით მჭედლიძე, რედაქტორი
„მედიაზე რამე ინფორმაცია რომ მჭირდებოდა, ვეძებდი სხვადასხვა საიტებზე. ვერ ვნახე ვერაფერი ისეთი, სადაც მედიის შესახებ ინფორმაცია იქნებოდა კომპაქტურად თავმოყრილი. გადავწყვიტეთ ჩვენი კომერციული შემოსავლით დაგვეფინანსებინა. დათოს გავუზიარე ჩემი ჩანაფიქრი, რომ მინდოდა ყოველდღიური ბიულეტენი მედიის შესახებ. ვიცოდი, რომ ამგვარი ინფორმაცია აინტერესებდათ ჩემს მეგობრებს ამერიკაში და ზოგადად საინტერესო იქნებოდა“, უთხრა გენადი უჩუმბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას, მის მიერ ნახსენები დათო კი media.ge-ის რედაქტორი დავით მჭედლიძეა. მისი თქმით, საიტს საინფორმაციოსთან ერთად საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს:

„მუდმივად ვაქვეყნებთ ინფორმაციას ტრენინგების, კონკურსების შესახებ. შეიძლება ჟურნალისტი იყოს უმუშევარი, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს რომელიმე ცალკეულ პროექტსა თუ კონკურსში. ასეთი შემთხვევა ბევრი იყო. გარდა ამისა, ეს არის საერთო პლატფორმა ჟურნალისტებისათვის“. - დავით მჭედლიძის თქმით, საიტისა და საინფორმაციო ბუკლეტების განახლებაზე ყოველდღიურად 15 ადამიანი ზრუნავს. თარჯიმნებსა და ტექნიკურ პერსონალთან ერთად საიტზე, ცხადია, ჟურნალისტებიც მუშაობენ. ლანა ბერიძე ერთ-ერთი მათგანია:

media.ge იძლევა არა მარტო ფაქტობრივ ინფორმაციას, არამედ ინფორმაციას იმ ტენდენციებზე, რომლებიც იკვეთება ქართულ მედიაში. ყველას, ვისაც აინტერესებს მედიაში მიმდინარე მოვლენები, აქვს საშუალება გაიგოს ის, რაც არ იბეჭდება გაზეთებსა და სხვა მედიაგამოცემებში.
„ვაგროვებ ყველა ტიპის ინფორმაციას, რომელიც ეხება ქართულ მედიას - იქნება ეს პრობლემა თუ ახალი გადაცემა. გვაქვს ბლოგები, რუბრიკა „საუბრები მედიაზე“, ვმუშაობთ ახალ ამბებზე, რუბრიკაში „ახლო ხედით“ კონკრეტული მედიაორგანიზაციის შესახებ ვიძიებთ ინფორმაციას, დაფუძნებიდან დღემდე როგორ განვითარდნენ და მოვიდნენ აქამდე.“

ლანა ბერიძის თქმით, media.ge-ის მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია ინფორმაცია 35 ტელეკომპანიის, 34 რადიოს, 84 გაზეთის და 44 ინტერნეტგამოცემის შესახებ. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის სამოქალაქო პროგრამების უფროსი მენეჯერი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ საიტის საშუალებით დაინტერესებული პირი ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იღებს.

„media.ge იძლევა არა მარტო ფაქტობრივ ინფორმაციას, არამედ ინფორმაციას იმ ტენდენციებზე, რომლებიც იკვეთება ქართულ მედიაში. ყველას, ვისაც აინტერესებს მედიაში მიმდინარე მოვლენები, აქვს საშუალება გაიგოს ის, რაც არ იბეჭდება გაზეთებსა და სხვა მედიაგამოცემებში.“

ალბათ, ამის გამოა, რომ media.ge ბიულეტენის ხელმომწერთა შორის არიან საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება, ნიდერლანდების მთავრობა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი, ეუთო, ევროპის კავშირი, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და თითქმის ყველა საერთაშორისო ჟურნალისტური გაერთიანება. უნდა ითქვას, რომ მომხმარებელთან ერთად media.ge არც პარტნიორების ნაკლებობას უჩივის. 2008 წლამდე პროექტს საქართველოში ეუთოს მისია აფინანსებდა. მიმდინარე პროექტის მხარდამჭერთა შორის კი არიან ნაციონალური ფონდი დემოკრატიისათვის, ამერიკის საელჩო საქართველოში და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“. ირაკლი ცერცვაძე ამ უკანასკნელის წარმომადგენელია:

“საიტის მუშაობას ვაკვირდებოდით კარგა ხნის განმავლობაში. ინტერნიუსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. სულ ახლახან საიტის ასე რომ, როცა პროექტი წარმოადგინეს, ჩვენმა საექსპერტო კომისიამ მიიღო ამ სამენოვანი პორტალის დასაფინანსების გადაწყვეტილება. წარმატებული ვებ-გვერდია საინფორმაციო და სხვა არაერთი თვალსაზრისით. ინტერფეისი შეიცვალა და კიდევ უფრო უკეთესი გახდა.“

ინტერფეისის შეცვლის გარდა, ასევე მოხდა media.ge -ს მონაცემთა ბაზის უნიფიკაცია, რაც, საიტის რედაქტორის დავით მჭედლიძის თქმით, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ერთმანეთთან მარტივი დაკავშირების საშუალებას იძლევა.

სულ 2005 წლიდან დღემდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 13 000-მდე ახალი ამბავი, ინტერვიუ და მიმოხილვა, 1500-ზე მეტი ინფორმაცია კონკურსების, ტრენინგების და კონფერენციების შესახებ. მნიშვნელოვნია ისიც, რომ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული ყველა ეს ინფორმაცია სინქრონიზებულია. გარდა ამისა, საიტზე “სარგებლო ბმულებში“ განთავსებულია ინფორმაცია 150-მდე ორგანიზაციის, მათ შორის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ინსტიტუტების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ჟურნალისტური თუ უფლებადაცვითი ორგანიზაციების შესახებ. მოკლედ, თუ ჟურნალისტი ხართ ან მედიის მკვლევარი და გესაჭირეობათ უფასო თანაშემწე, ჩართეთ კომპიუტერი და ინტერნეტბრაუზერის მისამართის ველში თამამად აკრიფეთ www.media.ge.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG