Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სადაც დღეს ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი იყო ჩასული, 30-მდე მეამბოხე მოკლეს


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის ჯარისკაცებმა, სულ ცოტა, 26 ისლამისტი მეამბოხე მოკლეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონში შეტაკებებისას. ავღანეთთან პაკისტანის საზღვარზე მოქმედი ერთ-ერთი გასამხედროებული ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებით, სახმელეთო ჯარებმა, არტილერიისა და ვერტმფრენების მხარდაჭერით განახორციელეს რეიდები ოთხ სოფელში თალიბი ექსტრემისტების შესაპყრობად. ოპერაცია ბაჯაურის რაიონში განხორციელდა და მის მსვლელობაში 15 ექსტრემისტი მოკლეს. ხოლო ორაკზაის რაიონში მეამბოხეების ჯგუფმა მიიტანა იერიში უშიშროების ძალების საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ჯარისკაცებმა, სულ ცოტა, 11 ექსტრემისტი მოკლეს, დაიღუპა ორი ჯარისკაციც. იუწყებიან აგრეთვე, რომ, სავარაუდოდ, აშშ-ის სამხედრო ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დაიღუპა ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. დღეს პაკისტანში იმყოფებოდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც პაკისტანიის არმიის სარდალს, გენერალ აშფაგ ფარვეზ კაიანის შეხვდა. არმიის განცხადებით, გენერლებმა „პროფესიულ ინტერესთან დაკავშირებული საკითხები“ განიხილეს. განცხადებაში სხვა დეტალები არ არის მოყვანილი.
XS
SM
MD
LG