Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 მაისი 2010


წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებით; არჩევნების შემდგომ, გაყალბების შემთხვევაში, სავარაუდო ნაბიჯებზე მსჯელობით; თბილისის მოქმედი მერის პიარის განხილვით არის გაჯერებული დღევანდელი პრესა. ვიდრე საარჩევნო ამბების გაშუქებაზე გეტყოდეთ, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ინტერვიუს აშშ ელჩთან საქართველოში - ჯონ ბასთან. ეს ინტერვიუ “კვირის პალიტრაში” ქვეყნდება. “ჩემი აზრით, საქართველომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. განსაკუთრებით, თუ შევადარებთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. სამუშაო კვლავ ბევრია, განსაკუთრებით კი ის ქმედებებია არასასურველი, ზოგიერთჲ მოქალაქე და უწყებებიც რომ ავლენენ და რაც არ არის თანხვედრაში მთავრობის ოფიციალურად დეკლარირებულ პოლიტიკასთან. ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშში, რომელიც ამას წინათ გამოქვეყნდა, ჩვენ აღწერილი გვაქვს ზოგიერთი კონკრეტული შემთხვევა... ეს შემთხვევები მოიცავს მედიის არასრულ თავისუფლებას, როდესაც ჟურნალისტებს არ ჰქონდათ საშუალება, გაეშუქებინათ სხვადასხვა ფაქტი და მათზე ზეწოლას ახდენდნენ; შეინიშნება ობიექტურობის ნაკლებობა იმ ფაქტების გამოძიებაში, რომლებიც სამართალდამცველთაგან უფლებამოსილების გადამეტებას უკავშირდება, იქნება ეს ნოემბრის ცნობილი მოვლენები თუ მისი შემდგომი პერიოდი”, - ამბობს აშშ ელჩი საქართველოში “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ვერსიაში” ქვეყნდება გასული კვირის მედიამონიტორინგის შედეგები. მიმოხილვაში, სხვა ბევრი მომენტის გარდა, აღნიშნულია, რომ “ჟურნალისტები არ ერიდებიან საკუთარი პოლიტიკური გემოვნების ტირაჟირებას. მათ კარგად იციან, რომ ასეთივე გემოვნების მკითხველები ასეთ ჟურნალისტიკას აღიარებენ”. “ვერსიის” ავტორი თბილისის მერის კამპანიაზე წერს:

“ასეა, თუ ისე, გასულ კვირაში გიგის მცდელობა არ დაუკლია - დაჭრა ხორცი, დააცხო პურები, შეფუთა წამლები და დაჩი ცაგურიას ჩაუსხა ბენზინი. მოკლედ, ყველა პროფესია სცადა, გარდა ერთისა. ამ პროფესიას უმუშევრობა ჰქვია. უმუშევრობისთვის კი ის არის დამახასიათებელი, რომ ეძებ და ვერ შოულობ სამუშაოს და არ ეძებ, მაგრამ შოულობ არაყს.”

“საქმე ლაპარაკის ნაცვლად რასაც ჰქვია, გიგი უგულავა სწორედ ამას აკეთებს. ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა პროფესიებს ექცევა ყურადღება. სანაპიროზე მივდიოდი და ვფიქრობდი, აბა, ახლა გიგი სად იქნება?” - რუსუდან კერვალიშვილი, “ახალი თაობა”.

“გაყალბება რომ არ სჭირდებოდეს, მაინც გააყალბებს”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი, რომელთან ვრცელი ინტერვიუც “მთელ კვირაში” ქვეყნდება, და იმავე ინტერვიუში დასძენს: “მიხეილ სააკაშვილი არ გამოსწორდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებზე მისი დამარცხება შეუძლებელია.” ამავე გაზეთში კახა კუკავასთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის ამბობს: “თუ ქართველი ხალხი ჩვენ მოგვცემს მანდატს გამოვიდეთ ქუჩაში და მშვიდობიანი პროტესტის გზით შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუ ქართველი ხალხი ამ მანდატს არ მოგვცემს, არ გავაკეთებთ.”

ზვიად ძიძიგურმა “ახალ თაობას” განუცხადა, რომ სააკაშვილი “თუ დაიწერს 67 პროცენტს, მაშჲნ ის დაიწერს თავის პოლიტიკურ ეპიტაფიას”. “ახალ თაობაშივე” პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს: “ვინც ამბობს, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია, ის ან ხელისუფლების კაცია, ან ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.”

რუსეთში ვიზიტის გამო “ეროვნული საბჭოს” ყველა ლიდერთან წაიკითხავთ დღევანდელ პრესაში ვრცელ ინტერვიუს. კობა დავითაშვილს “კვირის ქრონიკა” ორ გვერდს უთმობს. ისიც იმასვე ამბობს კერძოდ, რომ, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ისინი ხალხს შეკრებენ, შემოარტყამენ ალყას სახელმწიფო დაწესეულებებს და არ დაიშლებიან. „ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. მაშინ რომ გავჩერდით, ომი მოხდა, ხალხი დაიღუპა, ტერიტორიები დავკარგეთ.”

“ასავალ-დასავალი” დიდ ადგილს უთმობს პრეზიდენტ გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებს. რამდენიმე ვრცელი პუბლიკაცია ქვეყნდება ამ თემაზე. უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვალტერ შურღაია კორესპონდენტს ეუბნება, რომ იცის, ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია. ინტერვიუში არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერზე კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა და რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელი მისი გარემოცვიდან არ არის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG