Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინციდენტი მდინარე ენგურის ხეობაში


მდინარე ენგური
მდინარე ენგური
მდინარე ენგურის ადიდებამ, რომელიც ენგურჰესის წყალსაცავიდან წყლის გაშვებამ გამოიწვია, საფრთხე შეუქმნა შვიდი მოქალაქის სიცოცხლეს.

გალელები, რომლებიც ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონიდან ჭუბურხინჯში სატვირთო მანქანით მიდიოდნენ, ადიდებულ მდინარეში 10 საათის განმავლობაში იყვნენ. მგზავრებს შორის იყო მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი.

რადიო თავისუფლება ზუგდიდის სახანძრო სამაშველო სამმართველოს ხელმძღვანელ თამაზ უბილავას დაუკავშირდა, რომელიც მდინარე ენგურის ხეობაში სამაშველო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში კურირებდა.

”ადიდებული მდინარის გამო სამაშველო სამუშაოები დილამდე გაგრძელდა. როგორც მგზავრები ყვებიან, მანქანას ძრავა გამოერთო და წყალში ამიტომ დარჩნენ. მათ მობილური ტელეფონი არ ჰქონდათ და გამვლელმა დაინახა, რომელმაც პოლიციას შეატყობინა. მგზავრების თქმით, გუშინ საღამოს 6 საათიდან იყვნენ წყალში. მათი გამოყვანა 4 საათამდე ვერ მოხერხდა”, - ამბობს თამაზ უბილავა.

რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა ენგურჰესის ოპერატიულ სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ენგურჰესის ხელოვნური ავზიდან წყლის გაშვებაზე სოფლის რწმუნებულები წინასწარ გააფრთხილეს. რწმუნებულებს ამის შესახებ მოსახლეობა უნდა გაეფრთხილებინა.

მორიგე ოპერატორის თენგიზ ჭანტურიას ცნობით, ავზიდან წყალი ამჟამადაც გაშვებულია.

”გუშინ საღამოს შეგვატყობინეს, რომ მდინარეში დარჩნენ მგზავრები და დაგვეკეტა კაშხალი. მაგრამ დილის 8 საათზე ისევ გავუშვით. წყალსაცავში წყლის მომატება გამოიწვია უხვმა ნალექმა. ამიტომ ჭარბი წყალი უნდა დაღვრილიყო”, - გვიხსნის თენგიზ ჭანტურია.

ენგურჰესის ოპერატიული სამსახური აფრთხილებს სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მდინარე ენგურის გადალახვისგან, რადგან ზაფხულის განმავლობაში ენგურჰესის წყალსაცავიდან წყლის გაშვება ეტაპობრივად მოხდება.
XS
SM
MD
LG