Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა. 15 მაისი 2010


ისე მოხდა, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ქართული პრესის მთავარი თემა წინასაარჩევნო მზადება არ იყო. ორშაბათს გაზეთები პირველი გვერდებიდანვე განიხილავდნენ ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარ ამბავს და იმ მოვლენებს, რაც ამბავს წინ უსწრებდა. თუმცა პრესა ამ მოვლენებს სწორედ კარს მომდგარი არჩევნების ჭრილში განიხილავდა.

„ვერსია“ წერდა: “7 მაისის პირდაპირ ეთერში განვითარებულმა მოვლენებმა ყველა კითხვას უპასუხა: პროვოკაცია შედგა, თუმცა იმაზე უფრო სახიფათო სახე მიიღო, ვიდრე ველოდით - ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ შესაძლებელია რელიგიური ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელი აქციები სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რომელიც პიკს სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 მაისს, მიაღწევს. ყველაზე სახიფათო და გულდასაწყვეტი კი ის გახლავთ, რომ ამ პროცესში ჩათრეული აღმოჩნდა ტელეკომპანია “კავკასია”, რაც შესანიშნავად მოახერხა „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და, სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგამ, მალხაზ გულაშვილმა.”

“მიტინგებსა და მის ძალით დაშლას ასე თუ ისე შევეჩვიეთ. აი, სარწმუნოებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი კი გაცილებით რთული, მრავალმხრივი და სახიფათოც აღმოჩნდა, რადგან ასეთ დროს ზღვარი აღმსარებლობის შეურაცხყოფასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ძნელი გასავლებია ”, - წერდა ორშაბათს “კვირის პალიტრა”.

პარასკევს „რეზონანსი“ პარლამენტის წინ დაწყებულ ადვოკატთა საპროტესტო აქციის შესახებ წერდა: “ხსნის კომიტეტის შექმნა, ყოველდღიური საინფორმაციო მიტინგი, კარვების დადგმა და გზის გადაკეტვა - ეს ადვოკატების ბრძოლის ახალი სტრატეგიული გეგმებია, რომლის განხორციელებასაც იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს არ შეიტანენ.“

შაბათის პრესიდან კი ვიგებთ, რომ ადვოკატთა აქციაზე მიმდინარე მოვლენები მოულოდნელად კვლავ „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“ დაუკავშირდა.
„ალია“ წერს: ” სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები “კავკასიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნინო ჯანგირაშვილის ძმას, მალხაზ ჯანგირაშვილს, მათი აქტივისტის დაჭრაში ადანაშაულებენ.”

ყოველივე ამას ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი გაზეთ “რეზონანსიდან” ასე უპასუხებს: “ტელეკომპანია „კავკასიაში“ 2010 წლის 7 მაისს მომხდარი სამწუხარო ინციდენტის შემდეგ პირადად მე, ნინო ჯანგირაშვილი, ჩემი ოჯახი და მთლიანად ტელეკომპანია “კავკასია” გავხდით მუდმივი შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტები ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე ჯგუფი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს შექმნილი ვითარება და “კავკასიის” შეურაცხყოფის ხარჯზე რაც შეიძლება დიდი “მოგება” მიიღოს.“

შუა კვირაში “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი მელაშვილმა, “ალიას” უთხრა: ”ვიცი, რომ საქართველოს მაღალჩინოსნები აქტიურად ურთიერთობენ რუსეთთან, - ვგულისხმობ ძალოვნებს. ვფიქრობ, რომ ძალოვნების მხრიდან იქნება პროვოცირების მცდელობა. ჩემი აზრით, საქართველოს ძალოვნებს სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ. მე ვფიქრობ, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ასეთი პოლიტიკური იდეა, კერძოდ, რელიგიური მოტივით ისინი შექმნიან სიტუაციას: თუ ეს ხელისუფლება არ დარჩა, რელიგიური ექსტრემისტები და პრორუსული ძალები მოვლენ.”

შაბათის ნომერში კი „რეზონანსი“ წერს, რომ მამისონის უღელტეხილი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა კონტროლს დაუქვემდებარა და 6 მაისს ბლოკსაგუშაგოც გახსნა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ 18-20 კილომეტრიანი ზოლი საქართველოს არ დაუკარგავს და ქართველი მესაზღვრეები ადრინდელ სადისლოკაციო ადგილას იმყოფებიან. გაზეთი ასევე წერს, რომ, ექსპერტების განცხადებით, ქართველმა მესაზღვრეებმა მამისონის უღელტეხილიდან 20 კილომეტრით უკან დაიხიეს და ახლა შოვში არიან დაბანაკებულნი.

გაზეთი შეახსენებს მკითხველს, რომ მამისონის უღელტეხილზე რუსული სასაზღვრო პოსტის გახსნას რუსული მედია საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ მოსკოვისა და ცხინვალის შეთანხმების კონტექსტში აშუქებს.

სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა „რეზონანსს“ უთხრა, ჩვენი ხელისუფლება თავად არ იჩენს აქტიურობას, რომ დასავლეთს მოსთხოვოს ამ შეთანხმებაზე მეტი კრიტიკული მიდგომა რუსეთის მიმართო. მისივე თქმით, მუდმივი საუბარი ომსა და მის ალბათობაზე ხელისუფლებას გარკვეულწილად აძლევს იმის საშუალებას, რომ არსებული პრობლემებიდან აქცენტები სხვა საკითხებზე იყოს გადატინილი.

მეორე სამხედრო ექსპერტი კი, გიორგი თავდგირიძე, შაბათის “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ასე აფასებს ვითარებას: ”არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგია, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ მეზობელი სახელმწიფო უაპელაციოდ იტაცებს ჩვენს ტერიტორიებს (მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზს ასახელებს) და ამით ლახავს ქვეყნის სუვერენიტეტს. აღარაფერს ვამბობ ქვეყნის ავტორიტეტის შელახვაზე. ფაქტობრივად, ხელისუფლება იმყოფება ღრმა კრიზისში და ვერ პოულობს გზას სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად. მეორე მხრივ, პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელიც ამაზე აქცენტს აკეთებს და ხელისუფლების კრიტიკით გამოდის, უნდა შემოგვთავაზოს პრობლემის მოგვარების გზები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ერთია ვიღაცის შეცდომის დანახვა და ქმედების გაკრიტიკება, მეორეა, მზად იყო, დაიკავო მისი ადგილი და მოსვლის შემთხვევაში მოახერხო პრობლემაზე რეაგირება. ანუ რეაგირება არ არის მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი აპელაცია, მიმართვა და დაფიქსირება, თუ როგორ გჩაგრავს მეზობელი სახელმწიფო”, - უთხრა გიორგი თავდგირიძემ „ახალ თაობას“.
XS
SM
MD
LG