Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ხელი მოაწერა ბირთვული გაცვლის შეთანხმებას


თეირანის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა და შუამავლებმა - ბრაზილიისა და თურქეთის ლიდერებმა, ერდოანმა და და სილვემ
თეირანის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა და შუამავლებმა - ბრაზილიისა და თურქეთის ლიდერებმა, ერდოანმა და და სილვემ
ირანმა თანხმობა განაცხადა თავისი ურანი თურქეთში გაგზავნოს, იქ გადამუშავდეს ბირთვულ საწვავად და შემდეგ უკან, ირანშივე, მიიღოს. ლაპარაკია მცირედ გამდიდრებულ ურანზე, რომელსაც, როგორც ითქვა, ირანიდან გაგზავნიან თურქეთში, სადაც მას გადაამუშავებენ ბირთვულ საწვავად და უკან დააბრუნებენ ირანის ბირთვულ სამედიცინო-კვლევით რეაქტორში. გამრიგებლებთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწერა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა მოლაპარაკების განახლებისკენ, მოლაპარაკებისა,რომელიც უნდა დაეფუძნოს, მისი თქმით, გულწრფელობას, სამართლიანობას და ორმხრივ პატივისცემას.

ამ შეთანხმებას შუამავლობა გაუწიეს, პირველ რიგში, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვემ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა. ორივე ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოშია ახლა, როგორც არამუდმივი წევრი. მათი შუამდგომლობით მიღწეულმა შეთანხმებამ უშიშროების საბჭო უნდა დაარწმუნოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა არ ემსახურება სამხედრო მიზნებს, ანუ ეჭვის საფუძველი, რომ ირანი მალავს თავის განზრახვას და ატომის არა მხოლოდ სამშვიდობო, არამედ სხვა მიზნებით გამოყენება სურს, უნდა შესუსტდეს. გაეროს უშიშროების საბჭო, მისი მუდმივი წევრები და გერმანია ამუშავებენ ირანისთვის სანქციების დაწესების პროექტს, რომლითაც თეირანი უნდა დაისაჯოს, რადგან არ ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ, ჟურნალისტებს თეირანში მიღწეული ამ სამმხრივი შეთანხმების არსი გააცნო:

„ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდა 1200 კილოგრამი მცირედ გამდიდრებული ურანის თურქეთში გაგზავნაზე. ურანი თურქეთის ტერიტორიაზეც ირანის საკუთრება რჩება. ირანს და ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლიათ გამოყონ მეთვალყურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ურანის უსაფრთხოებას თურქეთში.“

ახლა, მოთაქის თქმით, ირანი აცნობებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმების შესახებ. მომავალი კვირის განმავლობაში და შემდგომ კი დეტალებზე მოილაპარაკებენ:

„მას მერე, რაც ვენის ჯგუფი, ანუ აშშ, რუსეთი, საფრანგეთი და სააგენტო დადებითად გამოეხმაურებიან შეთანხმებას, ბირთვული გაცვლის დეტალებს ირანსა და ვენის ჯგუფს შორის წერილობითი ზუსტი დოკუმენტით დავადგენთ.“

რაზეც თეირანში შეთანხმდნენ, ხელი მოაწერეს ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა და შუამავლებმა - ბრაზილიისა და თურქეთის ლიდერებმა, ერდოანმა და და სილვემ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმათ დავიდოღლუმ განაცხადა, რომ შეთანხმება უნდა იქნეს მიღებული დადებითად და ირანისთვის გაეროს სანქციების დაწესება აღარაა საჭირო. ახლა დასავლეთმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, როგორ უყურებს თეირანში მიღწეულს - არის თუ არა ის საკმარისი იმისათვის, რომ გადაიფიქრონ სანქციების დაწესება. ერთი მხრივ, ირანმა ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ თქვა, რომ გეგმავს გააგრძელოს 20 პროცენტიანი ურანის წარმოება, რაც დასავლეთის შეშფოთების მთავარი საფუძველია. გერმანიის და საფრანგეთის რეაქციები თავშეკავებული იყო. ბერლინს და პარიზს სურთ შეთანხმების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეტრინ ეშტონმა თქვა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ შეშფოთებას ჯერ მთლიანად პასუხს ვერ გასცემს.

რეაქცია ისრაელისგან ეკუთვნოდა ინკოგნიტო ოფიციალურ პირს, რომელმაც ირანს დააბრალა თურქეთის და ბრაზილიის ლიდერების მანიპულირება. გაეროს მაღალჩინოსანმა დიპლომატმა თქვა, რომ შეთანხმება გარღვევად ვერ იქნება მიჩნეული, თუკი ის არ ემთხვევა გაეროს მიერ ადრე შეთავაზებულ წინადადებას. ამ დოკუმენტის მიხედვით, ირანს თავისი ურანი, სამ-ნახევარ პროცენტამდე გამდიდრებული, უნდა გაეგზავნა რუსეთში, იქ გაემდირებინათ 20 პროცენტამდე და იქიდან უკვე საფრანგეთისთვის მიეწოდებინათ ბირთვულ საწვავად გადამუშავებისთვის, რის შემდეგაც უნდა დაბრუნებულიყო ირანში. ამ იდეას ირანი თავიდან მიემხრო, მაგრამ შემდეგ გადამუშავება ირანის ტერიტორიაზე მოითხოვა, რაზეც სხვებმა უარი უთხრეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG