Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ წელიწადში ირანს ბირთვული იარაღი ექნება?


შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ირანს დაახლოებით ერთ წელიწადში ბირთვული იარაღი ექნება, თუკი იგი გააგრძელებს არჩეული გზით სიარულს. ამერიკის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს ირანის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის შემთხვევაში.

14 აპრილს, შეერთებული შტატების სენატში გამართული მოსმენების დროს, სამხედრო დაზვერვის სააგენტოს დირექტორს გენერალ რონალდ ბერჯესს დაუსვეს შეკითხვა, რა დრო დასჭირდება ირანს იმისათვის, რომ შექმნას თუნდაც ერთი ბირთვული იარაღი, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლისო.

„სერ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტი ციფრი ცენტრიფუგებისა, საერთო კონსენსუსის თანახმად, ლაპარაკია ერთ წელიწადზე.“

ახალი გათვლა გამოაშკარავდა იმავე დღეს, როდესაც ირანმა განაცხადა, რომ, გაეროს მოთხოვნების საპირისპიროდ, უკვე შექმნა მაღალგამდიდრებული ირანის პირველი მოზრდილი პარტია. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, ქვეყნის ბირთვული უწყების ხელმძღვანელის ალი აკბარ სალეჰიზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ 3.5 პროცენტიდან 20 პროცენტამდე გაიზარდა ურანის ხარისხი, რაც საჭიროა, როგორც საწვავი, სამედიცინო კვლევითი რეაქტორისათვის.

ბარაკ ობამამ კვირის დასაწყისში ვაშინგტონში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა, რომ სურს „სწრაფი“ და „გაბედული“ რეაქცია გაეროს მხრიდან. იგივე გაიმეორა 14 აპრილს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა, რომელსაც კონგრესის მოსმენაზე მოუწია ეპასუხა რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის შეკითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მკაცრ სანქციებს მხარს ჩინეთი და რუსეთი.

„ დიახ, სერ, მე ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, ჩვენ შევძლებთ მივიღოთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.“

სენატორი ჯონ მაკკეინი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ამ სავარაუდო პასუხმა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ვერ იზიარებს ასეთ ოპტიმიზმს, რადგან რუსეთი და ჩინეთი თითქმის ერთი წლის განმავლობაში „ცდილობენ ჩვენს მოთმინებიდან გამოყვანასო“. გარდა ამისა, სამი თვეა, რაც ამოიწურა ირანისათვის მიცემული ვადა, შეეწყვიტა ურანის გამდიდრების სამუშაოები. ბარაკ ობამამ ამ კვირაში კვლავ განაცხადა, თეირანს აქვს დრო, რათა თავიდან აიცილოს საერთაშორისო სანქციებიო. საკომიტეტო მოსმენაზე, შესავალ სიტყვაში, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა თეთრი სახლის ასეთი სტრატეგია ირანის სანქციების საკითხში შეადარა გატენილ იარაღს, რომელიც არ ისვრის:

„მოდი, პირდაპირ ვთქვათ. თუკი ირანი შექმნის ბირთვულ იარაღს, ეს იმის ბრალი კი არ იქნება, რომ ჩვენ ვერ შევძელით მისი შეჩერება, არამედ იმისა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, არ შეგვეჩერებინა ის.“

კიდევ უფრო მკვეთრი იყო სენატის საკომიტეტო მოსმენაზე სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი, რომელმაც განაცხადა, რომ თუკი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციაც უშედეგო აღმოჩნდება და ირანი არ შეწყვეტს ბირთვული იარაღის შექმნას, მაშინ „შეერთებული შტატები სამხედრო ძალის გამოსაყენებლად უნდა მოემზადოს.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG