Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პოლიტბომონდის საჩუქარი რუსულ პროპაგანდას


1992-93 წლების ომის დროს აფხაზეთში რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ სოხუმს არა რუსეთის, არამედ საქართველოს მიერ გადაღებილი რუსული წარმოების თვითმფრინავები ბომბავდნენ. ამ სიცრუეს დიდი გასავალი ჰქონდა, რადგან საქართველო იმხანად წმინდად აგებდა საინფორმაციო ომს. მაგრამ რუსეთის მედიამ სიცრუის ტირაჟირება მაშინვე შეწყვიტა, როგორც კი რუსული გამანადგურებელი სოხუმის თავზე აფეთქდა. ეს მოხდა 1993 წლის მარტში. მსოფლიოს წამყვანმა ტელეარხებმა ოპერატიულად გაავრცელეს კადრები, რომელზეც აფეთქებული თვითმფრინავის ნარჩენები, საბორტე ნომერი, დაღუპული პილოტის, მაიორ შვიდკოს გვამი და პირადობის მოწმობის მონაცემები იყო გადაღებული.

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის პროპაგანდა კვლავ მთელი ძალით მუშაობდა - ნიაღვარივით მოედინებოდა ცრუ ინფორმაცია ცხინვალში დაღუპულ 2000 მშვიდობიან მოქალაქეზე, ათეულ ათასობით ლტოლვილზე, მიწასთან გასწორებულ ცხინვალზე, ბრძოლებში საქართველოს მხარეს ამერიკელი, ისრაელი თუ უკრაინელი მეომრების მონაწილეობაზე, თუმცა „გადაღებილი ქართული თვითმფრინავებით“ საკუთარი ქალაქებისა და დაბების დაბომბვაზე კრემლის დახელოვნებულ პროპაგანდისტებს ორი წლის წინ არაფერი უთქვამთ. არა იმიტომ, რომ მოსკოვს ეს არ უნდოდა: უბრალოდ, არახელსაყრელი ვითარება შეიქმნა. საქართველოს არმიის საჰაერო თავდაცვითმა ძალებმა ბრძოლის პირველივე დღეს ჩამოაგდეს ჯერ რუსეთის კუთვნილი სუ-24 ტიპის საფრონტო, მერე კი ტუ-22 მ3 ტიპის ბომბდამშენები, მათი პილოტები კი დაატყვევეს და მოგვიანებით ქართველ სამხედრო ტყვეებში გაცვალეს.

მაგრამ გავიდა დრო და რაც რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ ვერ მოახერხა, ამას ძალიან წარმატებით აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები.

ჯერ იყო და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გადაუშალა გული რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ და ისეთი რამ თქვა, რის გამოც თავის მართლება მერე არაერთხელ მოუხდა. „იცით, გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოში რუს სამხედროებს 50 000 დოლარი შესთავაზა იმისათვის, რომ გორში სტალინის ძეგლი დაენგრიათ. მაშინ ხომ კონტაქტები არაოფიციალური იყო და ფულის მეშვეობით რუსებისგან ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა და გადაწყდა, სტალინის ჩამოშორება ფულზე გადაცვლილიყო. მათ გორი დაბომბეს, მაგრამ სტალინის ძეგლს ხელი არ ახლეს.“

სწორედ ასეთ შემთხვევაში ამბობენ, „ენა ჩემი ჩემი მტერიაო“.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლების ოპონენტებმა ისე გაიგეს, რომ სწორედ ამ შეთავაზების შემდეგ დაიბომბა გორი, რის გამოც დღემდე ითხოვენ პასუხისგებაში მიეცეს შინაგან საქმეთა მინისტრი.

გულწრფელად გითხრათ, დღემდე ვერ გავიგე, თუ რისი თქმა უნდოდა ამ ბუნდოვანი ფრაზით ვანო მერაბიშვილს, რომელსაც თანამდებობრივად მოეთხოვება, იყოს უფრო ფრთხილი და წინდახედული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ, „მგრძნობიარე“ თემებზე საუბრისას. საკითხს მორალის კუთხიდან თუ შევხედავთ, საქმე კიდევ უფრო რთულადაა, რადგან არავინ იცის, ვინ უფრო დიდი დამნაშავეა - რუსი გენერალი, რომელიც ფულის გამო ყველაფერს კადრულობს, თუ ქართველი მოხელე, ვინც მას ფულს სთავაზობს, თუნდაც დიქტატორის ძეგლის ასაფეთქებლად, რასაც აუცილებლად მოჰყვება ნგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

მაგრამ პოლიტიკის მორალის თვალსაზრისით ასევე გაუგებარია იმ პოლიტიკოსების საქციელი, რომელთაც, ხელისუფლების სიძულვილით, დასაშვებად მიაჩნიათ ივარაუდონ, რომ გორი თავად საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა. უფრო ადრე ოპოზიციის ზოგიერთი წევრი იმასაც ვარაუდობდა, თითქოს 2007 წლის 6 აგვისტოს თავად ქართულ ავიაციას შეეძლო ჩამოეყარა ბომბები სოფელ წითელუბანში.

საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ხუთდღიანი ომის წინ, უშუალოდ ომის დროს და შემდეგაც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა სერიოზულ შეფასებებს და მკაცრ დასკვნებს იმსახურებდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მიუკერძოებლად და დიდი სიფრთხილით, რომ ხელისუფლებისთვის მოქნეული ხელი საქართველოს არ მოხვდეს.

უაპელაციო ვარუდები და იმის დაშვებაც კი, რომ გორი შესაძლოა თავად საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა, დიდი საჩუქარია რუსეთის პროპაგანდისათვის, რომელიც კარგად შეფუთავს და საჭირო დროს საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს ქართველი პოლიტიკოსების - ერთმანეთის სიძულვილითა და გაუტანლობით განპირობებულ - მსგავს გამოთქმებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG