Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აირზენა" მოსკოვში ჩარტერულ რეისებს შეასრულებს


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
დღეს 14:30 საათზე ავიაკომპანია "აირზენა" თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. 18:00 საათზე კი შესრულდება რეისი მოსკოვიდან თბილისში.

დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, სახელმწიფო არ ერევა კერძო კომპანიის, ამ შემთხვევაში “აირზენას” საქმიანობაში.

“რეისები, რომლებიც ხორციელდება “აირზენას” მიერ, არის ჩარტერული და არა - რეგულარული. ეს არის კერძო კომპანიების მოლაპარაკებების საგანი. რეგულარულ რეისებს სჭირდება სახელმწიფო ჩარევა. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის აღდგენილი და ამ ეტაპზე რეგულარული რეისების შესრულებაზეც ლაპარაკი არ არის”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროდან მიღებული ნებართვის თანახმად, ”აირზენა” მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს: 24, 26, 27, 29, 31 მაისს, 2, 3, 6, 9, 28 და 30 ივნისს და 1-ელ ივლისს.
XS
SM
MD
LG