Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკის ყურის კატასტროფა კასპიის ზღვის რეგიონს აშფოთებს


ნავთობის ოფშორული პლათფორმა კასპიის ზღვაში
ნავთობის ოფშორული პლათფორმა კასპიის ზღვაში
მექსიკის ყურეში გრძელდება ბრძოლა დაღვრილი ნავთობის შესაკავებლად - როგორც იცით, დაღვრა კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მიერ ოფშორულ ზონაში ამუშავებულ სადგურზე მოხდა. ამ პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს - განსაკუთრებული შეშფოთებით კი ის რეგიონები, სადაც ნავთობის მოსაპოვებელი ოფშორული სადგურები მუშაობს. კასპიის ზღვის ირგვლივ არსებული ვითარება გამორჩეულად საყურადღებოა - ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაბამისი ზომების გაუტარებლობას შესაძლოა რთული შედეგები მოჰყვეს.

უკვე წლებია, რაც კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის დიდძალი რესურსების განკარგვისთვის ბრძოლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე რეგიონის გარემოს დაცვა.

ხუთივე გარშემომრტყმელი ქვეყანა - აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, რუსეთი და თურქმენეთი - გეგმავს კიდევ უფრო მეტად განკარგოს ზღვის რესურსი, რომელიც, არსებული შეფასებით, დაახლოებით 44 მილიარდ ბარელ ნავთობს შეადგენს.

ეს კი ნავთობის მოსაპოვებელი ახალი სადგურების აშენებას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ინციდენტის მოხდენისა და ზღვაში დიდძალი ნავთობის ჩაღვრის საშიშროებას.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბრისას აზერბაიჯანის მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარემ მაის გულალიევმა თქვა, რომ ამგვარი საფრთხის აღკვეთისთვის ზომების მიღებაა აუცილებელი:

„მექსიკის ყურის ინციდენტი აჩვენებს, რომ ამგვარი კატასტროფა ყველგან შეიძლება მოხდეს. აშშ, თავისი ულტრა-თანამედროვე აღჭურვილობით, კატასტროფას ძლივძლივობით უმკლავდება. წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანი მიადგება გარემოს, ასეთი რამ აზერბაიჯანში რომ მოხდეს.“

20 აპრილს „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მიერ ამუშავებულ სადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ მექსიკის ყურეში ყოველდღიურად სულ მცირე 5,000 ბარელი ნავთობი იღვრება. საფრთხის ქვეშ არის ველური ბუნება, სანაპიროები და თევზჭერის ობიექტები.

დაღვრის შეჩერების მიზნით „ბრიტიშ პეტროლეუმი“ და აშშ-ის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის გამოძიება. აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ოფშორული სადგურებისთვის გარემოსდაცვითი რეგულაციების გადახედვას გეგმავს.

აშშ-ში მიმდინარე პროცესების ფონზე, ნავთობის ჩაღვრისგან წყლების დაცვის მიზნით კანონმდებლობის შემუშავება-გამკაცრებაზე კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებშიც ალაპარაკდნენ - მაგალითად, რუსეთსა და ყაზახეთში. მაგრამ, ბევრი ექსპერტის აზრით, ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამ ქვეყნებმა პოტენციურ კატასტროფასთან გასამკლავებელი შესაძლებლობები გამოიმუშაონ და საჭირო აღჭურვილობით შეიარაღდნენ.

კასპიის ზღვასთან მიმართებით არსებული საშიშროება საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩნდა - 1985 წელს ცეცხლი გაჩნდა ყაზახეთის ერთ-ერთ საბადოზე. ჭაბურღილი ერთი წლის განმავლობაში იწვოდა, სანამ ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა.

მაშინ 3 მილიონი ტონა ნავთობი და ათობით მილიარდი კუბური მეტრი სხვადასხვა გაზი დაიწვა, რამაც ადგილობრივ გარემოს დიდი ზიანი მიაყენა.

გარემოს დამცველები შიშობენ, რომ მას შემდეგ ზოგიერთი საბადოს უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არ გაძლიერებულა.

კასპიის ზღვის რეგიონში ათობით სადგური მოქმედებს. საუბარია, ძირითადად, ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე, სადაც ყველაზე მეტი დასავლური ინვესტიციაა კონცენტრირებული.

თუმცა ნავთობის მოსაპოვებელი სამუშაოები დანარჩენ სამ ქვეყანაშიც ვითარდება. ზღვის რუსეთის სექტორში ნავთობის კომერციული წარმოება გასულ თვეში დაიწყო კომპანია „ლუკოილმა“; წლის დასაწყისში ირანმა გამართა ჭაბურღილი კასპიის ზღვის სამხრეთით; თურქმენეთი კი უცხოელ პარტნიორებთან ერთად განაგრძობს კასპიის რეზერვების ათვისებას.

გარემოს დამცველები შიშობენ, რომ ენერგეტიკული პროექტები, დიდწილად, ადგილობრივი ხალხის ინტერესებისა და გარემოს დაცვითი პრინციპების უგულებელყოფით ხორციელდება. თუმცა რეგიონში მომუშავე ენერგეტიკული კომპანიები აცხადებენ, რომ თავიანთი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას მაქსიმალურად იცავენ.

აქტივისტების აზრით, ამ ქვეყნების მთავრობებმა ენერგეტიკული კომპანიების მუშაობის პროცესი უფრო აქტიურად უნდა აკონტროლონ. ამასთან, გარემოს დამცველების აზრით, კარგი იქნებოდა საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ - კერძოდ კი, იმ მექანიზმების თაობაზე, რომელმაც გარემოსა და ადგილობრივი ხალხის ინტერესების დაცვა უნდა უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG