Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 27 მაისი 2010


დღევანდელ პრესაში 26 მაისის აღნიშვნას არაერთი პუბლიკაცია ეძღვნება. მათ შორის, ”24 საათის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ - ”დაბრუნებული აღლუმი”. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ორწლიანი პაუზის შემდეგ რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. ”სამხედრო აღლუმს ”24 საათი” მიმოიხილავს სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან ერთად, რომელსაც მიაჩნია, რომ აღლუმი სტანდარტული იყო, თუმცა - გამორჩეულად გრანდიოზული. თავდგირიძის აზრით, აღლუმი თავისთავად კარგად იყო ორგანიზებული. ისევე როგორც ავიაციამ, სამხედროებმაც განსაკუთრებული საშემსრულებლო დისციპლინა დაიცვეს. თავდგირიძე ყურადღებას ამახვილებს ქართული შეიარაღებული ძალების ახალ ფორმაზე - მულტიკამზე, რომელიც, ექსპერტის აზრით, კარგი კამუფლაჟია”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შესახებ ლაპარაკობს „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში: ”უნდა აღნიშნო, მაგრამ აღნიშნო გაცილებით სხვანაირად - არა სამხედრო აღლუმით, არამედ ეკლესიაში წასულიყო ხელისუფლება და სანთელი აენთო, ელოცა ქვეყნის გამთლიანებისთვის და ელოცა იმ დაღუპული ჯარისკაცებისთვის, რომლებიც უშუალოდ სააკაშვილის მსხვერპლნი არიან, იმიტომ რომ მან გამოიწვია ეს ომი.”

”ალია” იარაღით ვაჭრობაში კორუფციის საქმეზე აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მისი შეფის ვიზიტზე წერს: ”იმ საიდუმლო დასკვნის შესახებ, რომელიც რობერტ მიულერმა საქართველოში ვიზიტისას შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჩამოუტანა და რომლის მიხედვითაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და მისი მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხიც შეიძლება დადგეს, ”ქრონიკა” უკვე წერდა”, - წერს ავტორი და ამავე სტატიაში განაგრძობს: ”ამჯერად სიტუაცია გაცილებით გართულებულია და, კეზერაშვილთან ერთად, როგორც პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჰყვება, გამორიცხული არაა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც ‘გასკვანჩონ’.”

რობერტ მიულერის თბილისში ვიზიტს იხსენებს ”ყველა სიახლის” ავტორიც. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ხაინდრავას, თქმით, ინფორმაცია იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ ზვიად ძიძიგურს უშიშროების მაღალჩინოსანმა მიაწოდა. ”როგორც ირკვევა, უკრაინისგან ნაყიდი რაკეტები ირანს მიჰყიდეს. ამ პროცესში დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი მონაწილეობდნენ”, - ამბობს ხაინდრავა. ოპოზიციამ სწორედ იარაღით უკანონო ვაჭრობის საკითხს დაუკავშირა ეფ-ბი-აის ხელმძღვანელ რობერტ მიულერის თბილისში ვიზიტიც”, - წერს ”ყველა სიახლე”. ამავე გაზეთსა და ”ალიაში” ქვეყნდება გიორგი გურგულიას კომენტარიც გია თორთლაძის პარტიის დატოვებასა და კანდიდატურის მოხსნაზე: ”პარლამენტშიდა ოპოზიცია მე სხვანაირად წარმომედგინა. მას არ უნდა ამ მთავრობასთან ოპოზიციაში ყოფნა. ყველაფერი სხვაგვარადაა, დამიჯერეთ”, - ამბობს გურგულია.

”რეზონანსი” წერს: ”იდუმალებით მოცული აფეთქება საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ქართველი და თურქი ჯარისკაცები უშედეგოდ ეძებენ ცეცხლმოკიდებული მფრინავი ობიექტის კვალს, რომელიც საზღვართან ჩამოვარდა და აფეთქდა”. გაზეთის კორესპონდენტისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, შოთა უტიაშვილს, განუცხადებია: ”ჩვენი უწყებიდან საზღვარი შემოწმებული იქნა და აფეთქების მსგავსი ჩვენს მხარეს არაფერი მომხდარა. რაც შეეხება იმას, მოხდა თუ არა აფეთქება თურქულ მხარეს, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობთ. ეს ჩვენი მოკვლევის საგანი არ არის, თურქულ მხარეს კი დადასტურებული ინფორმაცია არ მოუწოდებია.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG