Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითვალისწინებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია?


შეერთებულ შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს წარმოადგინა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია - დოკუმენტი, რომელშიც ასახულია პრიორიტეტული ამოცანები დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატები კვლავაც ძლიერია, მაგრამ თავისი ძალა განსხვავებულად უნდა გამოიყენოსო, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ახალ სტრატეგიაზე საუბრისას.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით, ყურადღება მახვილდება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მყოფი „რადიკალიზებული“ ექსტრემისტებისაგან მომდინარე საფრთხეზე. შეერთებული შტატები, სახელმწიფო მდივნის თქმით,“ შინ უნდა იყოს ძლიერი საიმისოდ, რომ ძლიერი იყოს უცხოეთში“. ჩვენ საკუთარ ძალებში უნდა ვიყოთ დარწმუნებული ლიდერის როლის შესასრულებლადო, განაცხადა ჰილარი კლინტონმა ხუთშაბათს ვაშინგტონში, კვლევით ცენტრ ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას.

ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში მოყვანილია კომპლექსური საფრთხეების სია, რომელთა წინაშეც შეერთებული შტატები დგას, დაწყებული მასობრივი განადგურების იარაღით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები სხვადასხვა ზომას მიმართავს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის იზოლაციაში მოსაქცევად, თუ მათ მიერ უგულებელყოფილი იქნება მათს ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები.

„ეს არის ეროვნული უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელშიც ინტეგრირებულია ჩვენი ძალა აქ, შინ, ჩვენი ვალდებულებები საშინაო უსაფრთხოების, სახელმწიფოს დაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში“, განაცხადა კლინტონმა. მან სტრატეგიის არსად დაასახელა ამერიკის, როგორც ლიდერის როლის „გაძლიერება და გამოყენება ეროვნული ინტერესების დასაცავად და საერთო პრობლემების მოსაგვარებლად“.

ამასთან, ობამას ადმინისტრაციის სტრატეგია მიჩნეულია დაშორებად წინა პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დოქტრინიდან „ტერორის წინააღმდეგ ომის“ შესახებ. ახალი შეზღუდვები უწესდება ბუშის „პრევენციული ომის“ კონცეფციას და ეროვნული უსაფრთხოებისთვის შესაძლო შედეგების მქონე მოვლენებად სახელდება ეკონომიკური დაღმასვლა, გლობალური დათბობა, კიბერშეტევები, ბირთვული იარაღის გავრცელება და ეთნიკური კონფლიქტები. დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატები ინარჩუნებს სამხედრო ოპერაციის ცალმხრივი წესით დაწყების უფლებას, მაგრამ შეზღუდვა უფრო მკაცრია, ვიდრე ბუშის მმართველობის დროს იყო.

ობამას ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია საქართველოზე მინიშნებასაც მოიცავს. ტექსტის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას, ამ ურთიერთობაში ვაშინგტონის ინტერესებს ასახავს, ვკითხულობთ, რომ შეერთებული შტატები, რუსეთთან თანამშრომლობისაკენ მიმართულ აქტიურ ძალისხმევასთან ერთად, მხარს დაუჭერს რუსეთის მეზობლების სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG