Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 28 მაისი 2010


მიმოხილვა ”ვერსიით” დავიწყოთ, სადაც დღეს წაიკითხავთ სტატიას, სათაურით ”ოპოზიცია მეორე ადგილისთვის და ქუჩის ლიდერის სტატუსისთვის იბრძვის”. სტატიაში მოყვანილია "კონსერვატორების" ახალგაზრდული ფრთის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. ამ გამოკითხვის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა გიგი უგულავა - 32 პროცენტით, მეორეზე კი ზვიად ძიძიგურია - 15 პროცენტით. გაზეთი შედეგების კომენტირებას პოლიტიკური გაერთიანება "იმედის" თავმჯდომარეს ირინა სარიშვილს სთხოვს, რომელიც ამბობს, მერობის ოპოზიციური კანდიდატები რეალურად მეორე ადგილისთვის იბრძვიან და ეს კვლევაც სწორედ ამის დასტურიაო.

ოპოზიციის შანსებზე მსჯელობს დღეს ”ახალი თაობაც” და ოპოზიციონერთა ნაწილში არსებულ განხეთქილებაზეც წერს. თუ რომელ ნაწილში, ეს სათაურიდანვე ირკვევა. სათაურია ”არჩევნების შემდეგ ნოღაიდელს „ეროვნული საბჭოდან“ უშვებენ?!” გაზეთი წერს: ”ბოროტი ხმები ამბობდნენ, საბჭოში შემავალი პარტიები ნოღაიდელს ხელმომჭირნეობის გამო აუშარდნენ. უცხო არავისთვის არაა, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ნოღაიდელს მისი ფინანსების გამო დაუმეგობრდა. ეგონათ, რომ ნოღაიდელი მათ დასაფინანსებლად მუთაქას პირს მოხსნიდაო”, თუმცა, აგრძელებს ”ახალი თაობა”, ”თავიდან ექს-პრემიერი ხელგაშლილი იყო, მერე კი, როცა ოპოზიციის ლიდერის ნიშა დაიკავა, ისევ ხელმომჭირნე გახდაო”. გაზეთი სტატიას ასე ასრულებს: შეიძლება ესეც ჭორია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ნოღაიდელთან დაკავშირებით მაგარი სკანდალი მწიფდებაო.

ბოლოს „რეზონანსიც“ ვნახოთ, რომელიც წერს, სტავროპოლის ტერაქტისას ადგილობრივი ბავშვთა ქართული ანსამბლის, “სიხარულის”, 7 წევრი დაიჭრაო. გაზეთი ინტერფაქსზე დაყრდნობით წერს, 26 მაისს მომხდარი ტერაქტისას 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 45 და მათ შორის არიან ქართველებიო. თუმცა რუსების გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში არ ადასტურებენ - ანსამბლ „სიხარულის“ შესახებ ინფორმაციას აქ არ ფლობენ. სახელმწიფო სამინისტრო დიასპორის საკითხებში ამბობს, რომ“სიხარული” დიასპორული ანსამბლი არ არის და, შესაბამისად, არც ინფორმაცია აქვთ, კულტურის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში ამ სახელწოდების 3 ანსამბლი არსებობს და სამივე ამჟამად საქართველოშიაო. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი სულაც განმარტავენ, აფეთქებისას არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ დაშავებულაო, - წერს „რეზონანსი“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG