Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს და ევროსაბჭოს დამკვირვებლები ადასტურებენ პროცედურულ დარღვევებს


მაისის ადგილობრივი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მხრივ აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა, კვლავ მოსაგვარებელია მნიშვნელოვანი ხარვეზები - ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დამკვირვებლების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. საერთაშორისო მეთვალყურეთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნები გამჭირვალედ და პროფესიონალურად მოამზადა, არჩევნების დღეს ზოგიერთ რეგიონში სისტემური დარღვევები შეინიშნებოდა. ეუთოს და ევროსაბჭოს დამკვირვებლები ადასტურებენ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევებს და ხმების დათვლის პროცესში არსებულ პროცედურულ დარღვევებს. საერთაშორისო მეთვალყურეები საარჩევნო კანონმდებლობაში და მისი განხორციელებისას გამოვლენილ ხარვეზებზეც მიუთითებენ. მათივე შეფასებით, საარჩევნო გარემო არათანაბარი იყო მმართველი პარტიის კანდიდატთა სასარგებლოდ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ოდრი გლოვერის განცხადებით, დროა, შემდეგი არჩევნების წინ ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას ეროვნულ დონეზე საარჩევნო დარღვევათა პრაქტიკის აღსაკვეთად. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დეტალური ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG