Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჩვენი უფლებაა ვისწავლოთ, ვიმოძრაოთ, გავერთოთ”...


პირველ ივნისს თბილისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის იყო კონფერენცია, სახელწოდებით ”ბავშვის უფლებაა - მოუსმინონ”. კონფერენციაზე არაერთ პრობლემაზე ისაუბრეს, რომელიც ბავშვთა უფლებების დარღვევას უკავშირდება, თუმცა უმთავრესი პრობლემა, რომელიც პირველი ივნისისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოიკვეთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების პრობლემები და მათი მოგვარების გზების ძიებაა.

სალომე 2 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა. სიკვდილს ძლივს გადაურჩა, თუმცა მას შემდეგ სიარული ვეღარ შეძლო და უკვე 13 წელია ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. ამის გამო მას საკმაოდ ბევრი პრობლემა ექმნება და ამბობს, რომ საზოგადოებას უფრო მეტი დაფიქრება მართებს იმაზე, თუ როგორ შეუმსუბუქონ ყოფა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებს:

”ჩვენი უფლებები არ არის დაცული თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ გადაადგილებისას ძალიან დიდი პრობლემა გვექმნება. მართალია, შემოიყვანეს ავტობუსები, მაგრამ ვერ ვიყენებთ, რადგან პანდუსი ძალიან მაღალია და მოუხერხებელი.”

ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს სათანადო პროგრამები და კანონმდებლობა უნარშეზღუდული მოზარდების უფლებების დასაცავად, ამაზე რადიო თავისუფლებასთან ირინე ინასარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ანიკას” ხელმძღვანელი, საუბრობს. მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების უმეტესობისათვის განათლება არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ათ საპილოტე სკოლაში განათლების სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების პროგრამა ამოქმედდა, ბავშვების დიდი ნაწილი კვლავაც ვერ ახერხებს სწავლას, რაც მომავალში მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას უშლის ხელს და რაც მათი უფლებების პირდაპირი დარღვევაა:

”პრობლემები მართლაც ბევრია. განათლება არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება სკოლებს, ეს 10 სკოლა არ არის უნარშეზღუდული მოსწავლეების სახლებთან ახლოს და, შესაბამისად, მათ სჭირდებათ ტრანსპორტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სკოლებს არ აქვთ. გარდა ამისა,მოზარდებს გართობა უნდათ, მაგალითად,ახალგაზრდულ კლუბებში სიარული, მაგრამ ეს კლუბებიც არ არის მათზე ადაპტირებული. აქედან გამომდინარე, მათთვის გართობის საკითხიც კი პრობლემად რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ შემდგომ უკვე პროფესიის დაუფლებაზე.”

"ბეიბიბოქსი" ხუთი წლისაა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:51 0:00
გადმოწერა


გასული წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კონკრეტულად ბავშვთა უფლებებსა და მათ პრობლემებზე მუშაობს. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი ამბობს, საბჭომ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი ბავშვთა სახლების ლიცენზირების შესახებ, რომელსაც უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პარლამენტს წარუდგენენ და, გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა უნარშეზღუდული ბავშვების განათლების შესახებ კანონპროექტზე. როგორც არსენიშვილი ამბობს, პროგრამა ძალიან ძვირად ღირებული იქნება, თუმცა მას სახელმწიფო ბიუჯეტის იმედი აქვს:

”აგვისტოში ბიუჯეტის პირველადი განხილვები დაიწყება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამ პროგრამის ლობირებას, თუმცა ადვილი ნამდვილად არ იქნება, რადგან დანახარჯები საკმაოდ დიდი იქნება. მაგრამ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს, რათა მოზარდებმა, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ისედავ უნარშეზღუდულად ითვლებიან, კიდევ უფრო მეტად არ იგრძნონ თავი საზოგადოებისგან გარიყულად”, - ამბობს არსენიშვილი.

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირობა დადო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლების მიღების პრობლემა დაიძლიოს.

ირინე ინასარიძე, ”ანიკას” ხელმძღვანელი, ამბობს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება უნარშეზღუდული ბავშვებისადმი ჯერ კიდევ არაერთგვაროვანია. ბავშვები მათში, როგორც წესი, სიბრალულის გრძნობას იწვევენ. ასეთი დამოკიდებულება კი აუცილებლად უნდა შეიცვალოსო, ამბობს ირინე, რომელიც თავად არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის მშობელი:

”როდესაც მე და ჩემი შვილი ქუჩაში მივდივართ, ხშირად მესმის, ვაი, ეს საცოდავიო. საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიცვალოს. ამისათვის კი ერთობლივი, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებაა აუცილებელი. ასე წვრილ-წვრილი აქციებით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ის დროში აუცილებლად გაიწელება.”
XS
SM
MD
LG