Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლება საზღვრებს გარეთ


კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოს ცერემონია
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოს ცერემონია
მაისის ბოლოს გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის კიდევ 52-მა მოსწავლემ დაასრულა სწავლა და ისინი ახლა განათლების მისაღებად უკვე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ განათლების მიღებას.

საბა კვესიტაძე ის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია, რომელიც სწავლას სექტემბრიდან ამერიკის ნორთისტერნის უნივერსიტეტში გააგრძელებს. როგორც საბა ამბობს, მომავალი პროფესია, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებებს უკავშირდება, აღნიშნულ უნივერსიტეტში საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ მას უნივერსიტეტის შერჩევისას ბევრი არ უფიქრია. რაც მთავარია, გაუმართლა, სასწავლებლად მიიღეს. საბამ მაისის თვეში თბილისში ჩამოსულ ნორთისტერნის უნივერსიტეტის წარმომადგენელს ანდრე კოსტუსოვს საკუთარი ნამუშევარი წარუდგინა: ”მათემატიკური თამაში შევქმენი, რომელიც მაღალკლასელებისთვის არის განკუთვნილი. როგორც სახეზე შევატყვე, მგონი, მოეწონა ჩემი ნამუშევარი”, - ამბობს საბა.

ამერიკულ აკადემიასთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ, ვიცით რა ხარისხის განათლებას აძლევენ აქაურ მოსწავლეებს. ჩვენი უნივერსიტეტის მიზანია წარმატებული სტუდენტები მოვიძიოთ და მათ სწავლის გაგრძელების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, ამბობს ანდრე კოსტუსოვი, ამერიკის ნორთისტერნის უნივერსიტეტის სტუდენტთა შერჩევის განყოფილების დირექტორი. ის მოხარულია, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მათ უნივერსიტეტში ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული ისწავლის:

”ნორთისტერნის უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნებიდან წარმატებული სტუდენტების მოზიდვა. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი სტუდენტებისათვის უმნიშვნელოვანესია მიეცეთ სხვადახვა ერის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა კულტურის სტუდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. სწორედ ეს არის ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. მე ვესაუბრები ქართველ სტუდენტებს და ვუხსნი, თუ განათლების მიღების რა პერსპექტივები შეიძლება დაუსახოს მათ ჩვენმა უნივერსიტეტმა”, - ამბობს ანდრე კოსტუსოვი.

ნორთისტერნის უნივერსიტეტთან ერთად საკუთარი უნივერსიტეტი წელს ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულებს კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჯეიმს მინტერმაც წარუდგინა: შენ აქ სახლში ხარ, აქ ყველა საკუთარ სახლშია, ნიუ-იორკი ხომ ის ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ყველა შესაძლებლობის, ყველა იდეის, ყველა გეგმის განხორციელება შეიძლება. ასე დაუხასიათა ნიუ-იორკი ქართველ სტუდენტებს ჯეიმს მინტერმა და შეეცადა ისინი კოლუმბიის უნივერსიტეტის უპირატესობაში დაერწმუნებინა. მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს სქართველოსადმი, იმიტომ რომ მე ამერიკულ ჯორჯიაში გავიზარდეო, ამბობს ჯეიმს მინტერი:

”ამერიკული განათლების სისტემას მართლაც რომ არაერთი პერსპექტივა შეუძლია დაუსახოს ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც შემდეგ ისინი საკუთარი ქვეყნისა და პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ. კოლუმბიის უნივერსიტეტი განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება მის კედლებში უცხოელი სტუდენტების სწავლას, რადგან ჩვენი უნივერსიტეტი ისტორიულად გამოირჩევა მულტიკულტურული სტუდენტების დიდი რაოდენობით. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი საქართველოში და შესაძლებლობა მომეცა კოლუმბიის უნივერსიტეტი წარვუდგინო თქვენს სტუდენტებს და გავაცნო ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი მათ სთავაზობს.”

ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მოსწავლეებს საუკეთესო უნივერსიტეტების შერჩევაში. ერთ-ერთი მიზანია, სწორად შევარჩიოთ მათთვის უმაღლესი სასწავლებლები. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ მოსწავლეებს კარგად ვიცნობთ, ზუსტად ვიცით, თუ რომელ უნივერსიტეტში იქნება მათთვის უკეთესი სწავლის გაგრძელება, ამბობს ამერიკული აკადემიის დირექტორი რიჩარდ ლუსენი: ”ისევე როგორც ევროპისა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები, სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებული შტატებიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ჩვენი სტუდენტებისათვის. უმაღლესში მიღების პროცედურა თითქმის ყველგან ერთნაირია. ჩვენ მათ ვეხმარებით გამოცდებისათვის მზადებაში, რომელიც, ჩვენს შემთხვევაში, ესეების წერის კულტურის ჩამოყალიბებას გულისხმობს; ვეხმარებით სხვადასხვა უნივერსიტეტების სააპლიკაციო ფორმების შევსებაში; ჩვენ ასევე რედაქტირებას ვუკეთებთ მათ ესეებს, რომლებსაც ისინი საკუთარ თავზე წერენ.”

გარდა იმისა, რომ აკადემიური მოსწრების საუკეთესო მაჩვენებლები უნდა გქონდეს, თუ გინდა, რომ სწავლა საზღვარგარეთ რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში გააგრძელო, საკუთარ თავზე წერაც უნდა შეგეძლოს. წელს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში ასეთი 3 ათეულზე მეტი კურსდამთავრებული აღმოჩნდა. ისინი სექტემბრიდან სწავლას ამერიკის, ევროპისა და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG