Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის შესაძლებლობაზე უფიქრია


მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის შესაძლებლობაზე უფიქრია, თუმცა, ჯერჯერობით ბევრი რამ გაურკვეველია. ”ვინ იცის, რა მდგომარეობაში იქნება საკონსტიტუციო რეფორმა 2 წლის შემდეგ და როგორი იქნება ეკონომიკური სიტუაცია, ჩემი განწყობა და პოლიტიკური რეიტინგი” - განუცხადა ფრანგულ გაზეთ ”მონდს” პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ამავე ინტერვიუში რუსეთსა და აშშ-თან ურთიერთობაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველო რაიმე პოლიტიკური გარიგების მსხვერპლი არ არის. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთზე საუბრისას პრეზიდენტი ობამა საქართველოს მუდმივად ახსენებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უკვე ექვსჯერ შეხვდა, ეკონომიკური კრიზისის დროს კი, თბილისმა ვაშინგტონისგან მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკელები ცდილობენ პრაგმატულები იყვნენ, მაგრამ ეს მათივე ფუძემდებლური პრინციპების დაზარალების გარეშე არ გამოვა. რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად აუცილებელ პირობებზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველები სულელები და თვითმკვლელები არ არიან და ესმით, რომ რუსეთთან მტრობა უდიდეს პრობლემებს წარმოშობს. ”ყველაფრის გასაღები რუსეთის მოდერნიზაცია. ან ამჟამინდელი ფეოდალური სისტემა ნამდვილი ლიბერალური დემოკრატიით შეიცვლება, ან დიდი პრობლემები თავად რუსეთს შეექმნება” - განუცხადა ფრანგულ გაზეთ ”მონდს” საქართველოს პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, მისი მისამართით პრეზიდენტ მედვედევის უსიამოვნო შეფასებების მიუხედავად, სურს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეალურად რაღაცას წარმოადგენდეს და არ ასრულებდეს ისეთ ფუნქციას, როგორსაც სტალინის მმართველობისას კალინინი ასრულებდა
XS
SM
MD
LG