Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ სიტყვა, შემდეგ საქმე დიდი ოპოზიციური გაერთიანების შესაქმნელად


”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი
”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი
დღეს, გამთენიისას, ევროპიდან თბილისში დაბრუნდა ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლების შეცვლის მექანიზმებისა და ოპოზიციურ ძალთა ახალი გაერთიანების შესახებ. ამ რიგის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა 16 ივნისს მიუნხენში გაიმართა და მასში, ზურაბ ნოღაიდელის გარდა, მონაწილეობდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, ”დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და ”ფონდი-2020”-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი. სწორედ ეროსი კიწმარიშვილმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ”ქართული იდეა” იყო.

იყო კონსულტაციები, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა შევცვალოთ სააკაშვილის რეჟიმი. ჯერ, უბრალოდ, მიდის კონსულტაციები იმის შესახებ, რომ საერთოდ შედგეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება...
”საუბარი იყო “ქართულ იდეაზე”, რომელიც სოზარ სუბარმა წარმოადგინა. მე პოლიტიკურ კონსულტაციებზე ვთქვი, რომ არ მიმიღია კონსულტაციებში მონაწილეობა. რაც შეეხება ქართული იდეის თემას, ამ თემაზე გვქონდა ძალიან საინტერესო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა”, - განუცხადა ეროსი კიწმარიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს.

რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურ კონსულტაციებს, მასზე უფრო დაწვრილებით ზურაბ ნოღაიდელი შეჩერდა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარ საგნს ამ ეტაპზე შესაძლო გაერთიანების პრინციპები წარმოადგენს.

”იყო კონსულტაციები, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა შევცვალოთ სააკაშვილის რეჟიმი. ჯერ, უბრალოდ, მიდის კონსულტაციები იმის შესახებ, რომ საერთოდ შედგეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება, საქართველოს დავუბრუნოთ გაერთიანებისა და განვითარების შანსი. ამ გზაზე კი მთავარი წინაღობა სააკაშვილი და მისი რეჟიმია.”

საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე შეთანხმებული საუბრები ზურაბ ნოღაიდელმა და ირაკლი ოქრუაშვილმა ერთობლივად 8 ივნისს დაიწყეს. ამ დღეს პარიზში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც მოჰყვა სპეციალური განცხადება, ხელისუფლების შეცვლის მთავარი იარაღის, ოპოზიციური ერთობის შექმნის შესახებ.

” მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და გაერთიანება. ახალმა გაერთიანებამ ქვეყანას და საზოგადოებას უნდა შესთავაზოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, გაერთიანებას უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრუქტურები”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორებიდან ერთი, ” მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, სამშობლოში 19 ივნისს, პრაქტიკულად ამავე განცხადების პათოსით, კონკრეტული შეთანხმების გარეშე, სამუშაო პროცესის ერთ-ერთი წინამღძოლის მანდატით დაბრუნდა. გაერთიანებამ უნდა შეძლოს ერთობლივი პროგრამის წარდგენა და უნდა უზრუნველყოს რაღაც დონის ერთიანი სტრუქტურების ჩამოყალიბება, -აღნიშნა, თავის მხრივ, ჩვენთან საუბარში ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” წევრმა პეტრე მამრაძემ. თუმცა ერთია პერსპექტიული მიზანი და მეორე - ფაქტობრივი რეალობა. ჯერჯერობით დიდი ოპოზიციური გაერთიანება მხოლოდ ინიციატივის სახით არსებობს:

„ქართული იდეა“ ეს არის ერთგვარი მსჯელობის დაწყების სურვილი ჩემი მხრიდან, რომ ცოტა გრძელვადიანად ვიფიქროთ ქვეყნის პერსპექტივაზე - რა გვინდა...
”რეგულარული კონტაქტები აქვს, ფაქტობრივად, ყველასთან ნოღაიდელს და არასოდეს არ ეზარება თვითონ მივიდეს ოფისებში, რაც არაერთხელ გააკეთა იმავე თბილისში და ასე შემდეგ. ასე რომ, კონტაქტები სულ არის, სულ არის ცოცხალი და აქტიური კონტაქტები, მაგრამ მხოლოდ მაშინ იქნება ეს კონკრეტული, როდესაც კონკრეტული შედეგი იქნება.”

ნოღაიდელისა და ოქრუაშვილის გარშემო გაერთიანების წინააღმდეგ განცხადებები უკვე გააკეთეს კონსერვატიულმა და ხალხის პარტიებმა. თავად ზურაბ ნოღაიდელის ფაქტორის გამო, ცნობილია ყოფილი ” ალიანსი საქართველოსთვის” სუბიექტების პოზიციაც. ალიანსს დაშლამდე გარიდებული სოზარ სუბარის ”ქართული იდეა” კი მიუნხენში გამართულ ოთხთა შეხვედრაზე განსჯის ერთ-ერთ საგნად იქცა.

”კონკრეტულად რა ილაპარაკეს, როგორ ხედავენ, მე არა მაქვს ამის შესახებ წარმოდგენა. მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული იდეა“ ეს არის ერთგვარი მსჯელობის დაწყების სურვილი ჩემი მხრიდან, რომ ცოტა გრძელვადიანად ვიფიქროთ ქვეყნის პერსპექტივაზე - რა გვინდა, საით მივდივართ, როგორი ტიპის სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და როგორ უნდა ავაშენოთ. ამიტომაც არის საჭირო იყოს მსჯელობა და შეიქმნას გარკვეული ხედვის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება უკვე შემდეგ გადავიდეს პოლიტიკოსების ხელში, ასე ვთქვათ.”

თვითმყოფადობის, პროგრესისა და უსაფრთხოების სამ პრინციპზე აგებული ”ქართული იდეა” მიუნხენში ”ფონდ 2020”-ის დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა და ”დაიცავი საქართველოს” ხელმძღვანელმა ლევან გაჩეჩილაძემ წარადგინეს. თავის მხრივ, სწორედ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა ამ იდეის პრეზენტაციაზე, 9 ივნისს, რომ მზად არის იდეის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციის ერთ-ერთი აქტივისტი გახდეს. რა ადგილს დაიკავებს სოზარ სუბარის ”ქართული იდეა” ნოღაიდელ-ოქრუაშვილ-გაჩეჩილაძის დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის პროცესში, უცნობია. თავად სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ამ იდეის მიუნხენში განხილვამ საზოგადოების ცალკეულ, თუნდაც ექსპერტულ წრეებში მისი დაბლოკვაც კი გამოიწვიოს. ყოფილი ომბუდსმენი ”ქართული იდეის” ასეთ მომავალს არ მიესალმება, მის წარმატებას მხოლოდ ფართო კონსენსუსის პირობებში ხედავს და მასზე მსჯელობაში ჩართულობისაკენ ყველას მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG