Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ კურორტი შოვი გარე სამყაროს მოსწყვიტა


ზემო რაჭაში სტიქია აღარავის უკვირს, მაგრამ ის, რაც მდინარე დღვიორამ ქნა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პირველად ნახეს - უეცრად წამოსულმა ლაფმა, ნაშალმა ქვამ და, როგორც ჩანს, მდინარის სათავიდან წამოსულმა ყინულის მასამ მდინარეზე გადებული ხიდი დაანგრია, მდინარე ჭანჭახის შესართავამდე ჩაიტანა და კურორტი შოვი გარესამყაროს მოსწყვიტა, დატბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გაანადგურა ნათესები და ადგილობრივები მოსავლის გარეშე დატოვა. ამ ხიდის გარეშე ზემო რაჭა უკვე მესამედ დარჩა.

როგორც ჩანს, ამ მდინარეს ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა სათავე, წვიმა არც სჭირდებოდა, მთლიანად წამოიღო ყინული, თოვლიანი მიწა, ნაშალი ქვა, ქვიშა...
”გუშინ, ღამის ოთხ საათზე, ისევ წამოვიდა რაღაც ლავისმაგვარი, მთელი კალაპოტი შეავსო. დღეს მთელი დილა იქ ვიყავით, საცალფეხო მოძრაობა აღდგენილია. საუბარია შოვთან მისასვლელ ხიდზე, რომელიც მდინარე დღვიორაზეა გადებული.”

ონის რაიონის ახალ გამგებელს ვალერი გობეჯიშვილს, რომელმაც სულ სამი დღეა ეს პოსტი დაიკავა, უკვე სტიქიასთან ბრძოლა უწევს. ზემო რაჭველებისთვის მდინარეების ადიდება, ხიდების წაღება, მეწყერი - შეჩვეული ჭირია, მაგრამ ისეთი პატარა მდინარისგან, როგორიც დღვიორაა და რომელიც სოფელ გლოლასთან ჩამოდის, კურორტ შოვთან ახლოს, ამას მართლა არავინ ელოდა.

”როგორც ჩანს, ამ მდინარეს ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა სათავე, წვიმა არც სჭირდებოდა, მთლიანად წამოიღო ყინული, თოვლიანი მიწა, ნაშალი ქვა, ქვიშა. ტურბაზაში ძალიან დიდი ზარალია - იქ ჩვიდმეტი კოტეჯი იყო, რომლებიდანაც 9 მთლიანად დაშლილია, დანარჩენი კი ამ სილისა და ლაფის შუაშია მოყოლილი.”

ვალერი გობეჯიშვილი გვეუბნება, რომ ზარალი, სავარაუდოდ, დიდი იქნება. განადგურებულ ნათესებს და დანგრეულ ხიდს რომ თავი დავანებოთ, არავინ იცის, რა იდო ტურბაზაში არსებულ კოტეჯებში, რომლებიც კერძო საკუთრებაშია:

”ჩვენ ვიცით მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის ზარალი. ორი სახლი დიდი საშიშროების წინაშეა და ათი ბოსტანი მთლიანადაა წაღებული. დღეს ველოდებით თბილისიდან გეოლოგებს, ჰიდროინჟინრებს, რომ ნახონ, რა შეიძლება გავაკეთოთ. გეოლოგიური დასკვნის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, თან ამინდებიც უნდა გამოვიდეს.“
სოფელ გლოლის მცხოვრებ იასონ ბიძიშვილის სახლი მდინარესთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, ის ყველაზე მეტად დაზარალდა:

კარტოფილის და ლობიოს ნათესები სულ განადგურებულია. წელს მოსავალი საერთოდ აღარ იქნება.
”პატარა მდინარეა, მაგრამ იმ რაოდენობის ქვიშა და ქვა წამოიღო, არასოდეს რომ არ უქნია. თან მოსახლეობისკენ გადმოვარდა კალაპოტი. მთლიანად სოფელს ელოდება ახლა საშიშროება. ეტყობა, ქანი ჩამოიშალა მთიდან და მაგის გამო მოხდა ეს ყველაფერი.”

რაზეც ყველაზე მეტად დარდობს, განადგურებული ნათესებია. იასონ ბიძიშვილის თქმით, დატბორილია ყანები. ადგილობრივ მოსახლეობას მოსავალი აღარ ექნება:

”კარტოფილის და ლობიოს ნათესები სულ განადგურებულია. წელს მოსავალი საერთოდ აღარ იქნება.”

პრეზიდენტის რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დავით გაგოშიძე აცხადებს, რომ გეოლოგების დასკვნისთანავე ხიდის მშენებლობა დაიწყება და 15 ივლისისათვის დასრულდება.

შოვის ე.წ. ტურბაზაში ჯერ დამსვენებელი არ არის, არც ოდნავ მოშორებით მდებარე კურორტ შოვში არიან დამსვენებლები, თუმცა, შარშანდლისგან განსხვავებით, ამ ზაფხულს მეტ სტუმარს ელოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ორ-სამ კვირაში პრობლემა მოგვარდება. ხიდის გადაღმა ახლაც დგას ტრანსპორტი, რითიც კურორტამდე მისვლა შეიძლება. იქამდე კი საცალფეხო გზა მიდის. რადგან კურორტი დამსვენებელს უკვე დღე-დღეზე ელოდა, იქ საკვების ერთი თვის მარაგია მომზადებული.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG