Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ მინსკისა და გაზპრომის დავა, გაზის ომში გადაიზარდა


ბელოურისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დავალიანების გამო მინსკისა და კომპანია გაზპრომის დავა, გაზის ომში გადაიზარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან დღევანდელი შეხვედრისას ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელორუსიის ტერიტორიის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი აკრძალა, სანამ გაზპრომი სატრანზიტო დავალიანებას არ დაფარავს. თავის მხრივ, გაზპრომი ბელორუსიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებას განაგრძობს. ორშაბათს დაწესებული 15%-იანი შეზღუდვა დღეს 30%-მდე გაიზარდა. გაზპრომი მინსკისგან დაახლოებით 200 მილიონი დოლარის დავალიანების დაფარვას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზმომარაგების 85%-ით შეზღუდვას აპირებს. თავის მხრივ, ბელორუსიის მთავრობამ გაზპრომს შესთავაზა 217 მილიონი დოლარის სატრანზიტო დავალიანება დაფაროს, რის შემდეგაც საკუთარ ვალს, 187 მილიონ დოლარს მინსკი ხუთ ივლისამდე გადაიხდის. ამ წინადადებას გაზპრომი არარეალისტურს უწოდებს. რუსული კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რეალური წინადადებების ნაცვლად გაზპრომმა მინსკისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. კუპრიანოვის თქმით, ბელორუსიის მთავრობა იმუქრება, რომ თუ გაზმომარაგების შეზღუდვა გაგრძელდება, ქვეყნის საჭიროებისთვის ბუნებრივ აირს სატრანზიტო მილსადენიდან გამოიყენებს. გაზპრომი ირწმუნება, რომ ყველას ზომას მიმართავს, რათა მინსკის მიერ სატრანზიტო გაზის გამოყენების შემთხვევაში, ევროპელი მომხმარებელი არ დაზარალდეს. რუსეთისა და ბელორუსიის დავის გამო ევროკომისიამ დღეს საგანგებო სეხვედრა მოიწვია.
XS
SM
MD
LG