Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თვითმკვლელთა მატარებელმა“ 18 წლის ავტორი გამარჯვებამდე მიიყვანა


„ლიტერატურული გაზეთის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი - „ერთი მოთხრობის კონკურსი“
ლიტერატურული ტრადიციების მიუხედავად, საქართველო კონკურსების სიმრავლით ვერ დაიკვეხებს, თუმცა ბოლო დროს ცალკეული გამოცემები ვითარების შეცვლას ცდილობენ. „ერთი მოთხრობის კონკურსი“ - ასე ჰქვია „ლიტერატურული გაზეთის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსს, რომელშიც 30 წლამდე ასაკის მწერლები მონაწილეობენ. ორიოდე დღის წინ ჟიურიმ კონკურსის შედეგები შეაჯამა. გამარჯვებული მოთხრობის ავტორი სულ რაღაც 18 წლისაა.

„ანა თავისუფალი გოგოა. მხოლოდ ბიჭებთან მეგობრობს და ერთხელ ისიც მითხრა, ბიჭს ,,იქ” მოვკიდე ხელიო. ანა რასაც მეუბნება, მე სულ საიდუმლოდ ვინახავ. რამე რომ გავამხილო, დედა სცემს, მერე ანა ტირილს დაიწყებს და მერე... მოკლედ, არაფრის თქმა არ შეიძლება. რამე რომ ვთქვა, ანა ჩემი და აღარ იქნება. სახლში მთვრალი როცა მოდის, დედა ყოველთვის უყვირის. თუ ძალიან მთვრალია, მაშინ დედას არ ეპასუხება, თუ ძალიან მთვრალი არაა, მაშინ დედას სიტყვას უბრუნებს და ისე ვერ გადარჩება, რომ სილა არ მიიღოს.“ - ესაა ციტატა მოთხრობიდან „თვითმკვლელთა მატარებელი“, რომლის ავტორი ნინო ტეფნაძეა. ნაწარმოებში ერთი ოჯახის - 11 და 15 წლის დებისა და მათი დედის რთული ურთიერთობაა აღწერილი. ნინო ტეფნაძე ამბობს, რომ მოთხრობაში საზოგადოების რეალურ, სოციალურ პრობლემებზეა საუბარი, თუმცა, მისივე განმარტებით, ნაწარმოების ფორმა და შინაარსი მხოლოდ სინამდვილეს არ განუსაზღვრავს:

ნინო ტეფნაძე, კონკურსში გამარჯვებული
„მოთხრობა დაიწერა სიზმრის მიხედვით. ვნახე თვითმკვლელთა მატარებელი, რომელიც მოძრაობდა ქალაქში, მასში სხდებოდნენ თვითმკვლელები და ერთად მიდიოდნენ ქალაქის მთავარ ნაგავსაყრელზე, სადაც თავს იკლავდნენ. მესიზმრა, რომ ამ მატარებელში იჯდა ჩემი დაც. ეს იყო ძალიან, ძალიან მტკივნეული და როცა მოვუყევი, მთხოვა რამე დამეწერა. საბოლოოდ გამოვიდა მოთხრობა და რაკი ისეთი გამოვიდა, რომ მე მომეწონა, კონკურსზეც გავაგზავნე.“

ნინო ტეფნაძესთან ერთად „ლიტერატურული გაზეთის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში 45-მდე ახალგაზრდა მწერალი მონაწილეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილი და 800 ლარი ლადო კილასონიას, ხოლო მესამე ადგილი და 500 ლარი ალექსანდრე ქურხულს ერგო. რაც შეეხება გამარჯვებულს (პირველი ადგილი და 1200 ლარი), ნინო ტეფნაძეზე არჩევანი შეაჩერა ჟიურის ყველაზე ავტორიტეტულმა წევრმა, მწერალმა რეზო ჭეიშვილმა, რომელმაც, რადიო თავისუფლების თხოვნით, გამოყო ის ძირითადი თემა, რომელსაც კონკურსში მონაწილე ახალგაზრდა მწერლები უტრიალებენ.
„თბილისი და ნარკომანია!“, განაცხადა რეზო ჭეიშვილმა.

თუმცა თემის სიმწვავე არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ნაწარმოები ერთნაირად მაღალი მხატვრული ღირებულების იყო. ჟიურის კიდევ ერთი წევრის, მწერალ ლაშა იმედაშვილის თქმით, სტილისტიკის თვალსაზრისით რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი იყო, თუმცა განსაკუთრებული შთაბეჭდილება არც ერთ ნაწარმოებს არ მოუხდენია, რაც, მისივე თქმით, სულაც არ აკნინებს კონკურსის მნიშვნელობას.

„კონკურსის დანიშნულებაც ისაა, რომ ვიღაცას ხელი წააშველოს, გზა დაულოცოს და განვითარების საშუალება მისცეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა იმედაშვილმა.

განვითარების საშუალება მიეცემათ კონკურსის სხვა მონაწილეებსაც. „ლიტერატურული გაზეთის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე ამბობს, რომ კონკურსი მხოლოდ ფულადი პრემიების გაცემით არ შემოიფარგლა. გაზეთი ასევე დაბეჭდავს ჟიურის მიერ შერჩეულ 15 მოთხრობას.

ჟიურის მიერ გამორჩეული ავტორების ნაწილს კარგად იცნობს გამომცემელი ბაკურ სულაკაური, რომლის თქმითაც, კონკურსების ჩატარება და პრემიების გაცემა მნიშვნელოვანია ლიტერატურული პროცესისათვის.

„მაგალითისთვის, საფრანგეთში 3 ათასი ლიტერატურული პრემია არსებობს. ბუნებრივია, რაც უფრო მეტი კონკურსი და პრემია იქნება საქართველოში, მით უფრო მეტი სტიმული ექნებათ მწერლებს, რომ წერონ, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემა ისაა, რომ გვყავს ცოტა მწერალი და ისინიც ძალიან ცოტას წერენ. ასეთი კონკურსები არის შესანიშნავი სტიმული განსაკუთრებით ახალგაზრდა მწერლებისთვის. თუ ისინი მეტს იმუშავებენ და შეეცდებიან გახდნენ პროფესიონალები, ამას რა ჯობია“, უთხრა რადიო თავისუფლებას ბაკურ სულაკაურმა.

მუშაობას და პროფესიული ოსტატობის დახვეწას აპირებს „ერთი მოთხრობის კონკურსის გამარჯვებული“ 18 წლის ნინო ტეფნაძე, რომლის მოთხრობა „თვითმკვლელთა მატარებელი“ თვით რეზო ჭეიშვილს მოეწონა:

„ძალიან ამაღელვებელი პატარა ნოველაა იმაზე, თუ როგორ უვლის უმცროსი და უფროს დას, რომლის ამბებსაც უმალავს დედას. მერე ეს გოგო კვდება... მძიმე წასაკითხია, თუმცა კარგი ტექსტია.“

ცნობილი მწერლის ამგვარი შეფასება ძვირფასია ახალგაზრდა შემოქმედისათვის.

რეზო ჭეიშვილი, მწერალი
„რეზო ჭეიშვილმა პირადად მითხრა, რომ თქვენი მოთხრობა ჩემი ფავორიტი იყოო. ფულადი პრემია რომ არ ყოფილიყო, ასეთი სიტყვები საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ძალიან ბედნიერი ვიყო. ასეთი რამ მაიძულებს უფრო უკეთესად ვწერო!“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ტეფნაძემ, რომლის მოთხრობამ - „თვითმკვლელთა მატარებელი“ - „ლიტერატურული გაზეთის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველი ადგილი აიღო. ციტატა მოთხრობიდან:

„მესიზმრება უზარმაზარი მატარებელი და რელსები, რომლებიც ქალაქს გვერდს უქცევს და ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელისაკენ მიემართება. მატარებელში მხოლოდ თვითმკვლელები სხედან. გზის განაპირა მხარეს კი დგანან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, უბრალო მოქალაქეები და ემშვიდობებიან ნაცნობებსა თუ უცნობებს. ცოტა ხანში კი გაისმის ერთი დიდი ,,ბუმ” და ნაგავსაყრელზე ყველა ერთად იკლავს თავს. ქალაქი დროებით ყრუვდება.

...მატარებლის ბორბლების ხმა ძალზე ცხადად ჩამესმა და ამან გამაღვიძა. თვალი გავახილე, მაგრამ ხმაური გრძელდებოდა. სიზმრიდან გამომყვა. ძალიან მეშინოდა და მივხვდი, ანა რომ არ მენახა, გული გამისკდებოდა, ყურებში კი ფეთქავდა ისევ ის რიტმი - დგდ-დნ-დგდ-დნ. ქუჩაში გავედი და ფანჯრიდან გადავძვერი მასთან. ანა, მოვედი, ანა! - შევანჯღრიე. დგდ-დნ-დგდ-დნ. ანა არ გამეპასუხა. რაღაც საშინელის მოლოდინში ფეხები მომეკვეთა. შუქს ვეცი, ავანთე და დავინახე - ანა იწვა, თვალებღია და ტუჩებზე დუჟმომდგარი. აქეთ-იქით კი წამლის ფირფიტები ეყარა.

დგდ-დნ- დგდ-დნ.

მატარებელმა ჩაიარა.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG