Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი


ჩვენი ყური შეეგუა, ჩვენი გული და გონება აღარ რეაგირებს ცნობებზე სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ. იგულისხმება, რომ რაკი არმიაში ხარ და თანაც ბრძოლის ველზე, დაღუპვა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც ჯირითში ცხენიდან გადმოვარდნა. ასეა ყველგან და ასეა საქართველოშიც.

გასულ კვირაში საქართველოში დიქტატორის ძეგლის აღებაზე უფრო დიდი ხმაური ატყდა, ვიდრე კაპრალ ასკილაშვილის დაღუპვაზე. საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე 21 ივნისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა თანამებრძოლმა. როგორ? რატომ? რა გარემოება აიძულებს პროფესიონალ სამხედროს, მშვიდობიან გარემოში აიღოს იარაღი და თანამებრძოლს მიუშვიროს? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა სარისკოა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი გაგა კირკიტაძეც მხოლოდ პირველადი, მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა:

"სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი კაპრალის ასკილაშვილის ოჯახს," თქვა მან. - "კაპრალი ასკილაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა. გუშინ ღამით ის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრა ამავე ბრიგადის კაპრალმა აზარაძემ. ასკილაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო აზარაძე, რომელმაც ასკილაშვილი დაჭრა, დაკავებულია სამხედრო პოლიციის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულებამდე პირველი საარტილერიო ბრიგადის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი გათავისუფლებულია სამსახურიდან."

გამოძიების დასრულებამდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რა იყო ეს: განზრახ მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით თანამებრძოლის დაღუპვა? თუმცა, ყოველი შემთხვევისათვის, თავდაცვის სამინისტრომ ბრიგადის რამდენიმე პასუხისმგებელი პირი გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ეს ადეკვატური გადაწყვეტილებაა. ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია სამხედრო ნაწილისთვის და იმისთვის, რომ ღამით სამხედროები ერთმანეთს არ ხოცავდნენ. ანდა სასწავლო პოლიგონზე უსაფრთხოების ზომები ისე იყოს დაცული, რომ გაუფრთხილებელმა გასროლამ არ იმსხვერპლოს პროფესიონალი ჯარისკაცი.

23 მარტს, სულ რაღაც სამი თვის წინ, გონიოს პოლიგონზე, სწორედ თანამებრძოლის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა კაპრალი სოსო ჟვანია. შეკითხვა, თუ რატომ ხდება ეს, მაშინაც უპასუხოდ დარჩა. თავდაცვის სამინისტრო ჩაკეტილი უწყებაა და ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იქ არ უყვართ. არაფორმალურ საუბარში კი გეტყვიან, რომ არმია ცოცხალი ორგანიზმია, სადაც არავინ არის დაზღვეული უბედური შემთხვევისაგან. ეს, ალბათ, მართალია: რთული სამსახური ცვლის ადამიანის ფსიქიკას, ამას ემატება ჩაკეტილი სივრცისათვის დამახასიათებელი იერარქიული ურთიერთოებები, შეზღუდული კონტაქტი ახლობლებთან, არასაკმარისი კულტურული პროგრამები განტვირთვისათვის, ღობის მიღმა არსებული არასტაბილური გარემოს ზემოქმედება და სოციალური პრობლემები, რაც ჯერ კიდევ აწუხებთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სახელმწიფო უწყების - საქართველოს არმიის - სამხედრო მოსამსახურეებს.

სწორედ მოუგვარებელი საყოფაცხოვრებო პრობლემა და უბინაობა გახდა მიზეზი იმ კონფლიქტისა, რომლის გამოც გასულ კვირაში სამხედრო სამსახური დაატოვებინეს ეროვნული გვარდიის კაპრალს დავით დავითაშვილს, ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაბრძოლ სამხედრო მოსამსახურეს. სამხედრო უწყება თვლის, რომ ჯარისკაცმა სუბორდინაცია დაარღვია. თუმცა, როგორც დავითაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, იგი 1999 წლიდან იმყოფება სადავო ბინაში, საიდანაც ცოტა ხნის წინ მას და მის სამ მცირეწლოვან ბავშვს გასახლება დაემუქრა: „საომარ მოქმედებებში მაქვს მონაწილეობა მიღებული", - ამბობს დავითაშვილი. - "2006 წელს ვიმყოფებოდი ერაყში სამშვიდობო მისიით. შემდეგ, 2008 წელს წარმოებულ ბრძოლებში რუსეთთან, ვიყავი მე-4 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში. ჰოდა, 1999 წლიდან ვარ ამ ბინაში და ახლა მასახლებენ.“

სერჟანტ დავით დავითაშვილის ისტორია და მისი კონფლიქტი სამხედრო უწყებასთან ცალკე საკითხია და მას სჭირდება უფრო მეტი ჩაღრმავება, სათანადო კომენტარები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნაბრძოლი, სამშვიდობო მისიით ერაყში ნამყოფი სამხედრო პირი დაეთხოვა სამხედრო სამსახურიდან პენსიისა და კმაყოფის გარეშე და, როგორც დავითაშვილი ამბობს, დაეყენებინა დილემის წინაშე, დატოვოს ქვეყანა და თავშესაფარი იმ სახელმწიფოს სთხოვოს, რომლის ოკუპაციის წინააღმდეგაც ჯარისკაცი 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. რა თქმა უნდა, არმია ცოცხალი ორგანიზმია და იგი დავითაშვილის დაკარგვასაც ისევე იოლად მოინელებს, როგორც სხვებისა მოინელა. გზაც იქით ჰქონიაო, იტყვის ზოგი. მაგრამ თუ კარგად ჩავუფიქრდებით, ეს ამბავი ცუდი პრეცედენტი იქნება იმ სტრუქტურისათვის, რომელსაც ყველა ჩვენგანი საკმაოდ დიდ ფულს აძლევს, რათა მებრძოლები დააფასოს სიცოცხლეში და არა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG