Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 29 ივნისი 2010


დღევანდელ გაზეთებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიმართ მოლოდინებზე წაიკითხავთ. ”თავისთავად ასეთი ვიზიტი უკვე შედეგია, ეს უკვე ფასეული და მნიშვნელოვანი მოვლენაა” - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე, რომელთან ინტერვიუც ”რეზონანსში” იბეჭდება. აბაშიძე კონკრეტულ შედეგებზე საუბარს ვიზიტის შემდეგ ამჯობინებს, თუმცა იცის, რას არ უნდა ელოდეს: ”არ უნდა ველოდეთ სასწაულს და რაღაც დიდ გარღვევებს”, - ამბობს ის. კლინტონის ვიზიტის მნიშვნელობაზე ”24 საათის” კორესპონდენტმა პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ჰკითხა. მისი აზრით, ვიზიტი იმაზე მიუთითებს, რომ ”ამერიკას საქართველოს მიმართ კვლავ გააჩნია ინტერესი”. გოგოლაშვილი მოელის, რომ ვიზიტისას რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხიც დადგება. ”ახალი თაობა” ამერიკის პოლიტიკაზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა. ის ფიქრობს, რომ ”სანამ შტატები, ევროკავშირი, რუსეთი და თურქეთი არ შეთანხმდებიან მთლიანად კავკასიის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე, არაფერი გამოვა, ვერანაირად ვერ მოგვარდება არსებული კონფლიქტები.”

რაც შეეხება სხვა თემებს, ”ახალი თაობის” პირველ გვერდზე მთავარი ადგილი უკავია სათაურს - ”რაზე ოცნებობდა ვანო მერაბიშვილი რევოლუციამდე”. ეს ეროსი კიწმარიშვილთან ინტერვიუს სათაურია. კიწმარიშვილის სიტყვით, ”ვარდების რევოლუციამდე” ერთი წლით ადრე ის ახალციხეში სავაჭრო ცენტრის მფლობელობაზე ოცნებობდა. ”რომ გენახათ მისი დეპუტატობის პირველი დღე, შეუძლებელია ვანო მერაბიშვილის გეშინოდეთ”, - ამბობს კიწმარიშვილი. ”ახალ თაობაშივე” ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე: ”ოპოზიცია უნდა დაირაზმოს ყველა მთავარი სახელმწიფოებრივი საკითხის გარშემო და არა ნოღაიდელის თუ ოქრუაშვილის გარშემო”. კირთაძის აზრით, ოქრუაშვილმა, ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა ”ასი ფუთი მარილი უნდა ჭამონ”, რომ მათგან საშუალო დონის პოლიტიკოსი ”გამოდნეს”.
”რომელი ”ნაციონალი” ექს-დეპუტატი და შოუმენი არიან ”წამლის ბარიგები”?” - ეს ”ალიას” მთავარი სათაურია. გაზეთში ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან ინტერვიუს ნახავთ, სადაც რესპონდენტი, ერთ-ერთი პატიმრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ბელგიიდან საქართველოში ნარკოტიკების შემოტანას ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი ხელმძღვანელობდა, რეალიზაციას კი ”ხელისუფლებასთან დაახლოებული შოუმენი” ახდენდა. ხაჭაპურიძე არ აზუსტებს მათ ვინაობას. ”ალიას” ავტორი კი ახალი მოწვევის პარლამენტის ყოფილი ”ნაციონალი” დეპუტატების მთელ სიას სთავაზობს მკითხველს. ”ალიაშივე” წაიკითხავთ, რომ გორში სტალინის ძეგლის აღების გამო გორის ერთ-ერთი მცხოვრები გულის შეტევით გარდაიცვალა.

სტალინის ძეგლის აღება რამდენიმე გაზეთის თემად რჩება. ”საქართველოს რესპუბლიკის” პირველი გვერდი: ”მეოცე საუკუნეში ჰიტლერი დაესხა სტალინს, ოცდამეერთეში - სააკაშვილი (ის - ცოცხალს, ეს - მკვდარს...) თქვენ იკითხეთ, თორემ სტალინს რა...”. ციტატა ”საქართველოს რესპუბლიკის“ ერთ-ერთი პუბლიკაციიდან: ”ჩამოაგდეს, ასიათასობით სხვა ძეგლიც ჩამოყარეს, მაგრამ ფაშიზმის დამამხობელი დიდი მხედართმთავრის ღირსებას, მის სახელს, ნიჭსა და გენიას ამით არაფერი დაჰკლებია. ის, ვინც მზეს ტალახს ესვრის, თვითონ აღმოჩნდება ლაფში”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკაში”, როგორც თავად უთითებს, 1956 წლის 9 მარტის გამოსვლების ერთ-ერთი მონაწილე. ამავე გაზეთის პირველ გვერდზე მსჯავრდებულ ვლადიმერ ვახანიას ადვოკატები აქვეყნებენ ღია წერილს, სადაც მათი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტოებით საკანში გადაყვანას მისი სიცოცხლის მიმართ საფრთხედ აფასებენ.

”რეზონანსი” წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას აპირებს, რისთვისაც პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც გაზსადენი არასაპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან არის ამოღებული.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG