Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს


20 ივლისამდე ქობულეთში იმ ქუჩების სარემონტო სამუშაოების დასრულებას ელოდებიან, რომლებიც ზღვის პარალელურად მდებარეობს. ასეთი ქუჩა კი საკურორტო ქალაქში ორია, სადაც ამჟამად წყლისა და საკანალიზაციო მილების გამოცვლა მიმდინარეობს. უმეტესად ამ ქუჩებზე მდებარეობს ფეშენებელური თუ კერძო სასტუმროები, მაგრამ, როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ეს სამუშაოები არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი იმისათვის, რომ ტურისტული სეზონი შედგეს, მით უმეტეს, რომ, 1 ივლისის მონაცემებით, მხოლოდ ქობულეთში 20 ათასამდე ტურისტი უკვე ნამყოფია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ტურისტებს პრობლემა არ შეექმნათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მთავარ ტურისტულ ქალაქში –ბათუმშიც. ზუსტად ერთი კვირის წინ დასრულდა რუსთაველის ქუჩის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სასტუმრო “შერატონსა” და “ინტურისტ-პალასთან” მისასვლელი გზები ჩახერგილი აღარაა, თუმცა ტურისტების მიღებას ვეღარ ახერხებენ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროები. მაგალითად, სასტუმრო “ალიკის” მფლობელ ალიკა ინწკირველის თქმით, მათ უკვე მოუხდათ რამდენიმე შეკვეთის გაუქმება.
წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პარალელურად სახელმწიფომ ქუჩების რეკონსტრუქციისა და შენობების რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მიიღო. აღნიშნული პროცესი კი დაახლოებით 4 წელი გაგრძელდება. მიუხედავად ამ მონაცემებისა, ტურისტული სააგენტოები ტურისტებთან მოლაპარაკებას მაინც აგრძელებენ, ხოლო ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. პირიქით, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ დიასამიძე ამბობს, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ტურისტი ძველ ბათუმში ნამდვილ სასწაულს ნახავს. წელს აჭარაში დაახლოებით 800 ათას ტურისტს ელოდებიან.
XS
SM
MD
LG