Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 ივლისი 2010


დღევანდელ გაზეთებში კვლავაც წააწყდებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის გამოძახილს. კერძოდ, ლაპარაკია მის მიერ სიტყვა ”ოკუპაციის” წარმოთქმასა და რუსეთის რეაქციაზე. გაზეთ ”24 საათისთვის” პოლიტოლოგ ვასილ ჭყოიძეს უთქვამს, რომ ტერმინ ”ოკუპაციის” დამკვიდრება აუცილებლად მიიღებს სამართლებრივ გაფორმებას და საერთაშორისო დოკუმენტებში აისახება და ”თუკი დღესდღეობით რუსეთისგან 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებას მოითხოვენ, ტერმინის დამკვიდრების შემდეგ დასავლეთში დეოკუპაციის საჭიროებაზე გააკეთებენ აქცენტს.”

ოკუპაციის აღიარების თემაა გავრცობილი ინტერვიუში პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან. ტექსტი ”ვერსიაში” ქვეყნდება. ”ასეთი პოზიციის დაფიქსირება შეუძლია მხოლოდ ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც არის შეერთებული შტატები, ისეთ პრინციპულ ქვეყანას, როგორიცაა ლიტვა და ისეთი პოლიტიკური ვითარების მქონე ქვეყანას, როგორიცაა მოლდოვა. მათ შეძლეს ასეთი პოლიტიკური ფუფუნების უფლება მიეცათ თავისი თავისთვის”, - ამბობს ცინცაძე, რომელიც არ ელის სხვა ქვეყნებისგან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ რაიმე რეზოლუციის მიღებას.

”ვერსიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ კონსერვატიული პარტიის ლიდერ ზვიად ძიძიგურთან. ის კვლავ რუსეთთან მოლაპარაკებების საჭიროებაზე ლაპარაკობს: ”ეს პოლიტიკაა. მონღოლები რომ იდგნენ საქართველოში, მათ ქართველი მეფეები არ ელაპარაკებოდნენ? რა, ისინი არ იყვნენ ოკუპანტები და დამპყრობლები? არ ელაპარაკებოდნენ თურქებს, სპარსელებს?” - კითხულობს ძიძიგური. ”ვერსიის” კორესპონდენტს შსს-ის მიერ მოქალაქეთა არასანქცირებული მოსმენების პრობლემაზე ესაუბრება დეპუტატი ნიკა ლალიაშვილი: ”ზოგადად, თვალთვალი ძალიან რთული რამ გახლავთ, რადგან ამან მიჩვევა იცის”, - ამბობს ლალიაშვილი.

საქართველოს სტრატეგიული ობიექტების რუსეთის მიერ ხელში ჩაგდების შესაძლებლობაზე საუბრობს დეპუტატი გურამ ჩახვაძე და საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორ უმრავლესობის დეპუტატთა არგუმენტს ასე უპასუხებს: ”თუკი ჩვენ ეკონომიკას და პოლიტიკას განვაშორებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი პოლიტიკურად აგრესორია და დამპყრობელი, მაგრამ ეკონომიკის მიმართულებით რუსეთი არის ლიბერალი, კეთილმეზობელი პარტნიორი. ჩვენ აბსურდამდე მივდივართ”, - ამბობს ჩახვაძე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ამავე თემას ”რეზონანსი” უძღვნის სტატიას დღევანდელ ნომერში, სათაურით - ”საქართველო სტრატეგიული ობიექტების გარეშე. ოპოზიცია შიშობს, რომ ხელისუფლება რკინიგზასაც ყიდის და მაგისტრალურ გაზსადენსაც.”

”საქართველოს რესპუბლიკა” სტატიაში, სათაურით ”ხელისუფლება აფრასიძეების წინააღმდეგ”, პროექტ ”სახალხო სასამართლოში” მიმდინარე მორიგ პროცესზე წერს: ”პირველ პროცესზე ბრალდების მხარემ წამოაყენა შუამდგომლობა, რომ ამჯერადაც გაეგზავნათ წერილი ხელისუფლებისთვის ისე, როგორც ეს ვაზაგაშვილის საქმის განხილვის დროს მოხდა, რათა თავისი ადვოკატი დაენიშნა. გუშინ კი ხელისუფლებისთვის მიცემული ათდღიანი ვადა ამოიწურა. როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ ამჯერადაც უყურადღებოდ დატოვა ხალხის, საზოგადოებრიობის შეთავაზება. ამიტომ ”სახალხო სასამართლომ” დაუყოვნებლივ გააგრძელა აფრასიძეების საქმის განხილვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე უმძიმესი და უპრეცედენტოა, რადგან ხელისუფლების პირველ პირთა ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით, სამართლებრივ მოთხოვნათა და დემოკრატიის ძირითად პრინციპთა სრული იგნორირებით განხორციელდა, ფაქტობრივად, სადამსჯელო ოპერაცია საკუთარი მოსახლეობის მიმართ”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი ”სახალხო სასამართლოში” მიმდინარე მორიგი პროცესის შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG