Accessibility links

ახალი ამბები

აშშ და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების შეხვედრა გაიმართა

ჩრდილოეთი კორეის სამხედროებმა გაეროს სამხედრო ხელმძღვანელობასთან მოლაპრაკებები გამართეს. ეს იყო მხარეების პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის მარტში ჩრდილოეთი კორეის მიერ სამხრეთი კორეის გემის ჩაძირვის შემდეგ. შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. გაეროს ამერიკელი პოლკოვნიკი კერტ ტეილორი წარმოადგენდა, ჩრდილოეთი კორეისას კი - პოლკოვნიკი პაკ კი-იონგი. მოლაპარაკებები სამხრეთი კორეისა და ჩრდილოეთი კორეის საზღვართან მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანი უფრო მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის მომზადებაა. ჩრდილოეთი კორეა უარყოფს ბრალდებას.

ყველა ახალი ამბავი

საქართველო ქართული ტოლერანტობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას ითხოვს

ქართული მხარის ინიციატივა, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და იუნესკოს გენერალულ მდივნის, ოდრი აზულის შეხვედრისას განიხილეს. შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი".

ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, საუბარი ასევე შეეხო განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, გოგონების და ქალების განათლების მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო შესწორებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა საკონსტიტუცი შესწორებას, რომელიც ეხება ქვეყნის მიზანს, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

19 თებერვალს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პოროშენკომ თავის „სტრატეგიულ მისიად“ მოიხსენია უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. მისი თქმით, ქვეყანამ არაუგვიანეს 2023 წლისა უნდა შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მიიღოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

თუმცა მან აღიარა, რომ უკრაინას ჯერ "გრძელი გზა" აქვს გასავლელი ორივე ბლოკში მისაღები კრიტერიუმების შესასრლებლად.

უკრაინის პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებაზე ხელმოწერას დაესწრო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. მან უკრაინის პარლამენტს უკრაინულად მიმართა.

ირანში დაიწყო პრეზიდენტ როჰანის ძმის სასამართლო პროცესი

თეირანში დაიწყო ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის ძმის, ჰოსეინ ფერეიდუნის სასამართლო პროცესი. ორი წლის წინ ის მცირე ხნით იქნა დაკავებული ფინანსური დარღვევების ბრალდებით.

ფერეიდუნი კიდევ ოთხ ბრალდებულთან ერთად ესწრებოდა სასამართლო სხდომას. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ფერეიდუნი 2017 წელს დააკავეს კორუფციაში ბრალდებით და მალევე თავდებით გაათავისუფლეს. როჰანის მხარდამჭერთა ვარაუდით, მისი სამართლებრივი დევნის მიზეზი ირანის მკაცრი კურსის მომხრე ძალების მცდელობა, დაასუსტონ პრეზიდენტი.

ვებპორტალ „მიზანის“ ინფორმაციით, სასამართლოს შემდეგი სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება.

ფერეიდუნსა და მის ძმას სხვადასხვა გვარი აქვთ იმის გამო, რომ ის როჰანიმ შეიცვალა.

მერის მოადგილე: თბილისში ტრამვაის კომპენსირებას დიდი ზომის ავტობუსებით ვაპირებთ

თანამედროვე ტრამვაი თბილისში (ფოტომონტაჟი)

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში სამწუხაროდ აღარ არსებობს ტრამვაის ინფრასტრუქტურა. ტრამვაის კომპენსირება, მისი თქმით, მოხდება დიდი ზომის, 18-მეტრიანი ავტობესებით, ხოლო დიდი დიღმიდან ცენტრის მიმართულებით დაგეგმილია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება.

მერის მოადგილის ეს პასუხი მოჰყვა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვას, "რას ფიქრობთ თბილისში ტრამვაის აღდგენაზე?"

თბილისის მერის, კახა კალაძის აზრით, ტრამვაის აღდგენა “რა თქმა უნდა, მიმასასალმებელი" იქნებოდა, მაგრამ ინფრასტრუქტურა, რომელიც თბილისში ადრე არსებობდა, მოშლილია და ახლის შექმნა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

კალაძე: არ მიგვიღია არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საზიანო იყო ქალაქისათვის

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობას არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საზიანო იქნებოდა ქალაქისათვის.

ფეისბუქის პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხის გაცემისას, კალაძე ასე გამოეხმაურა შეკითხვას: "ჩუღურეთში ფეხბურთის სტადიონი ნინოშვილის ქუჩაზე აშენდება თუ ისევ მაღალი კორპუსების მშენებლობას აპირებთ?" კალაძის თქმით, დედაქალაქს ჰყავს ძალიან პასუხისმგებლობიანი მთავრობა, რომელიც ამაყობს იმით, რომ მუშაობის ერთწლიან პერიოდში არ მიუღია ქალაქისათვის საზიანო გადაწყვეტილებები, მაგალითად სკვერების ან სპორტული მოედნების შეზღუდვის ხარჯზე.

კალაძესთან ერთად, მისი მოადგილეებიც პასუხობენ მოქალაქეების კითხვებს ფეისბუქის პირდაპირი ეთერით.

გარემოს დამცველები მოითხოვენ ზომებს დასავლეთ ბალკანეთში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

საწარმო ბოსნიის ქალაქ ტუზლაში

გარემოს დამცველი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირს მოუწოდებს, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს დასავლეთ ბალკანეთში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების საკითხში.

აქტივისტების მონაცემებით, ელექტროსადგურები, რომელთაც დაძველებულად და სტანდარტების შეუსაბამოდ მიიჩნევენ, ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას.

19 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებით ჰაერის დაბინძურების შედეგია 3900-მდე ადამიანის სიკვდილი, 8500 ბავშვის დაავადება ბრონქიტით და სხვა ქრონიკული დაავადებებით.

დასავლეთ ბალკანეთში კომუნისტურ პერიოდში აგებული 16 საწარმოს გამონაბოლქვი 2016 წელს შეიცავდა გოგირდის ორმჟავას ისეთივე მოცულობით, როგორიც აღირიცხა ევროკავშირში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების „მთელი ფლოტის“ – 250 საწარმოს შემთხვევაში.

დასავლეთ ბალკანეთში ბევრგან იყენებენ დაბალი ხარისხის მურა ქვანახშირს, ლიგნიტს, რადგან ის უფრო იაფი ჯდება.

ამ ქვეყნებს „ენერგეტიკულ თანამეგობრობაში“ გაწევრიანებისას ნაკისრი აქვთ ვალდებულება, რომ 2018 წლამდე შეასრულებდნენ გარემოს დაბინძურების შეზღუდვის ევროპულ სტანდარტებს. მაგრამ, ანგარიშის თანახმად, ყოვნდება ინვესტიციები ახალი ელექტროსადგურების, ან გამონაბოლქვის შემცირების დასაფინანსებლად.

„ჰაერის დაბინძურება საზღვრებს არ ცნობს და კვლავაც რჩება უხილავ მკვლელად ევროპაში“, აღნიშნავს ანგარიშის ავტორთაგანი, ორგანიზაცია „ჯანმრთელობისა და გარემოს ალიანსის“ წარმომადგენელი ვლატკა მატკოვიჩ-პულიჩი.

თბილისის ვიცე-მერი: არცერთი სცენარით K2-ის გადამეტება აღარ მოხდება

„არცერთი სცენარით K2-ის გადამეტება აღარ მოხდება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ფეისბუქის პირდაპირ ეთერში მოქალაქის შეკითხვას K2 კოეფიციენტის ზრდის შეზღუდვის საკითხზე.

„ჩვენ კარგად დავინახეთ რა გამოიწვია K2 კოეფიციენტის ზრდამ - ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, დაუგეგმავი განაშენიანება, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო.

რამდენიმე წლის წინ იყო გადაწყვეტილება გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც არსებობდა ინსტრუმენტი, რომლითაც კომპანიები ახერხებდნენ გადამეტებას და შენობებიც დაუსრულებლად იზრდებოდა სიმაღლეში იზრდებოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ K2 კოეფიციენტი არც ცენტრალურ და არც პერიფერიებში აღარ გაიზრდება არცერთი გზით და არცერთი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, სამართლებრივ დონეზე იკრძალება K2 კოეფიციენტით მანიპულაციები. ამის შესახებ მან 15 თებერვალს განაცხადა.

ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან. წლების განმავლობაში, ნებადართული იყო მშენებლობის კოეფიციენტის ზრდა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ.

თბილისის მერი მოქალაქეების კითხვებს ფეისბუქის პირდაპირი ეთერით პასუხობს

თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილეები მოქალაქეების კითხვებს ფეისბუქის პირდაპირი ეთერით პასუხობენ. ერთ-ერთი პირველი კითხვა ქალაქში დაუმთავრებელ მშენებლობებს უკავშირდებოდა. კახა კალაძის თქმით, ქალაქში 179 დაუმთავრებელი ობიექტია აღრიცხული, რომელთა დასრულების ხელშეწყობა მერიის პრიორიტეტია:

„დაუმთავრებელი შენობები სერიოზულ პრობელმას წარმოადგენს ყველანაირი თვალსაზრისით. ხალხს ფული აქვს გადახდილი და წლებია ელიან საცხოვრებელს. პრობლემაა ეს ანტისანიტარიისა და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, მსგავსი შენობები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ბევრი საინვესტიციო ჯგუფია დაინტერესებული დაუსრულებელი შენობებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომპანიებს გვერდში დავუდგეთ და დაუსრულებელი შენობები დავასრულოთ“.

დონალდ ტუსკი უკრაინულად გამოვიდა უკრაინის პარლამენტის სხდომაზე

2019 წლის 19 თებერვალი: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის პარლამენტის სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა ევრომაიდნად ცნობილი მოვლენების - ღირსების რევოლუციისა და მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის - მეხუთე წლისთავს.

ტუსკმა უკრაინულად მიმართა ვერხოვნა რადას დეპუტატებს. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ძალაში დატოვებს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. მანვე უკრაინელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, უფრო შედეგიანად ებრძოლონ კორუფციას და უარი თქვან რადიკალური ნაციონალიზმის პოპულიზმზმე.

ვერხოვნა რადაში სხდომის დაწყებამდე, ტუსკმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პატივი მიაგეს „ზეციური ასეულის“ - მაიდანზე მოკლული დემონსტრანტების ხსოვნას.

სხდომის მსვლელობაში, პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს კონსტიტუციაში ცვლილების შესახებ ევროატლანტიკური კურსის გასამყარებლად. პოროშენკომ პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა 2023 წლამდე შეიტანოს განაცხადები ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის მიღების თხოვნით.

მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს უკრაინის მიმართ აგრესიის ბრალდებას, ხოლოდ 2014 წელს ყირიმის ანექსიას უწოდებს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.

სომხურ-ოსური მეგობრობის აღსანიშნავად ცხინვალში სომხურ ჯვარს დადგამენ

სომხურ-ოსური მეგობრობის აღსანიშნავად სომხურ ჯვარს (ხაჩქარს) დადგამენ ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე.

ამის შესახებ განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრისას.

ბიბილოვი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები სომხური დიასპორა საკუთარ თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს:

„ჩვენთან ბევრი სომეხი მაღალ თანამდებობას იკავებს. ისინი პატრიოტები არიან და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებს ატარებენ“, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რეს“.

დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვებით, სომხურმა დიასპორამ ძმური მეგობრობის აღსანიშნავად მათ შესთავაზა სომხური ჯვრის დადგმა:

„ძეგლი დაიდგმება ქუჩაზე „არმიანსკაია“, იქვე გაშენდება სკვერი. ჯვარი, რომელსაც იქ დავდგამთ, გახდება ოსებისა და სომხების მეგობრობის სიმბოლო არა მხოლოდ ჩვენს რესპუბლიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, სომხებსა და ოსებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ:

„ჩვენ არასდროს ვივიწყებთ იმ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ვაფასებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც მათ გვიანდერძეს კეთილმეზობლობისა და ძმობის თვალსაზრისით“.

ირანი: გასულ კვირაში გვარდიელებზე თავდასხმა პაკისტანის მოქალაქემ მოაწყო

ირანელი ბრიგადის გენერალი მოჰამად პაკპური თვალს ადევნებს სამხედრო წვრთნებს

ირანელი ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმკვლელი თავდამსხმელი, რომელმაც გასულ კვირაში მოკლა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრები, პაკისტანის მოქალაქე იყო.

რევოლუციური გვარდიის კორპუსის ბრიგადის გენერალმა, მოჰამად პაკპურმა 19 თებერვალს ამ საკითხზე საუბრისას დაასახელა ეჭვმიტანილის ვინაობაც. მისივე თქმით, ექსტრემისტების ჯგუფში, რომელმაც 13 თებერვლის აფეთქება დაგეგმა, შედიოდნენ კიდევ ერთი პაკისტანელი და ირანის სამი მოქალაქე, რომელთაგან ორი დაკავებულია.

პაკისტანმა დაგმო თავდასხმა, რომელმაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის 27 წევრი შეიწირა. ისლამაბადმა პირობა დადო, რომ ითანამშრომლებს თეირანთან.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო სუნიტი მუსლიმების ჯგუფმა „ჯაიშ ალ ადლმა“. ის აცხადებს, რომ იბრძვის ბელუჯების ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

13 თებერვალს თვითმკვლელი თავდამსხმელი დანაღმული ატომანქანით დაეჯახა ავტობუსს, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ჯარისკაცები გადაჰყავდა სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში. პაკისტანისა და ავღანეთის მოსაზღვრე ეს რეგიონი ექსტრემისტებისა და ნარკოტრეფიკერების აქტიურობით გამოირჩევა.

ევროკავშირის ელჩი: „თიბისი ბანკი“ ქვეყნის სისტემური ბანკია. ჩვენთვის ეს ვითარება მნიშვნელოვანია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროკავშირისთვის ეს ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „თიბისი ბანკი“ ქვეყნის სისტემური ბანკია და ისეთ საკითხები, როგორიცაა საქართველოს მაკროფინანსური სტაბილურობა, სერიოზულად გათვალისწინებული უნდა იყოს.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ, ვინაიდან ჩემი მხრიდან არაკეთილგონივრული საქციელი იქნება კომენტარის გაკეთება გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული იყო ეროვნული ბანკის ზედამხედველობითი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ განვაგრძობთ მოვლენების დაკვირვებას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ლიბიამ ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების თანხმობა გასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიამ დაღუპული ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი ვარაუდობს, რომ ცხედრის გადმოსვენების პროცედურა, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს ინტენსიურად. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე ოჯახის წევრებთან და გემთმფლობელ კომპანიასთან, რომლის ადვოკატი დღესაც იმყოფება ლიბიაში. თავად ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე, უბრალოდ ეს უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელსაც ხვალ გადმოგვცემენ. ამის შემდეგ უკვე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში გადმოსვენების პროცედურა დასრულდება“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, გადმოსვენების შემდეგ გაგრძელდება პროცედურები იმის დასადგენად, თუ რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.

აშშ ავღანელებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ ომისათვის ბოლოს მოსაღები ძალისხმევის გარშემო

აშშ-ის წარმომადგენელი ავღანეთის საკითხში, ზალმაი ხალილზადი, ავღანელებს მოუწოდებს, გვერდით გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ ავღანეთში ომისათვის ბოლოს მოსაღებად.

ბოლო თვეებში ხალილზადმა ახლო აღმოსავლეთში გამართა თალიბანის დელეგაციასთან მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი, მაგრამ მათში არ მიუღია მონაწილეობა ავღანეთის მთავრობას.

პრეზიდენტ აშრაფ ღანის მოწინააღმდეგე გავლენიანი ავღანელები 5-6 თებერვალს მოსკოვში შეხვდნენ თალიბანის წარმომადგენლებს.

ხალილზადმა ქაბულს მოუწოდა, შექმნა „ძლიერი, ეროვნული“ დელეგაცია. როგორც მან 18 თებერვალს უთხრა ავღანეთის ტელეარხ „ტოლო ნიუსს“, საჭიროა გუნდი, რომელშიც პატივს სცემენ მთავრობის, როგორც ლიდერის როლს და რომელშიც, ამავე დროს, წარმოდგენილი იქნებიან სხვა პოლიტიკური ელემენტებიც.

ვერცხლის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

პაკისტანი საჭიროდ მიიჩნევს ინდოეთთან მოლაპარაკებას დაძაბულობის განსამუხტად

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ მის ქვეყანას არაფერი აქვს საერთო აფეთქებასთან, რომელმაც ქაშმირში ათობით ინდოელი ჯარისკაცი მოკლა. ხანი საჭიროდ მიიჩნევს მოლაპარაკებას დაძაბულობის განსამუხტად.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თქმით, ინდოეთმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე წაუყენა ბრალდებები ისლამაბადს და მისი მთავრობა მზადაა, დელისთან ითანამშრომლოს ქაშმირის ინდურ ნაწილში მომხდარი აფეთქების გამოსაძიებლად.

იმრან ხანის ამ განცხადებამდე პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაეროს წერილობით სთხოვა დახმარება ინდოეთთან დაძაბულობის განმუხტვაში.

ინდოეთი, გარდა იმისა, რომ პაკისტანს აკისრებს პასუხისმგებლობას ორ ბოლოდროინდელ თავდასხმაზე, მას მკაცრი რეაგირებით დაემუქრა.

18 თებერვალს ისლამაბადმა საკონსულტაციოდ გაიწვია დელიში თავისი ელჩი.

ბირთვული იარაღით აღჭურვილ ორ მეზობელს ერთმანეთში აქვს გაყოფილი ქაშმირი. 1947 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მომხდარი სამი ომიდან ორის მიზეზი იყო უთანხმოება ამ რეგიონის გარშემო.

ლგბტქი აქტივისტები 18-23 ივნისს "თბილისი პრაიდს" გამართავენ

ლგბტქი აქტივისტები თბილისში 18-23 ივნისს პრაიდს გეგმავენ სახელწოდებით "თბილისი პრაიდი". ფეისბუქში უკვე გამოჩნდა გვერდი ამ სახელწოდებით. თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება იგეგმება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, 23 ივნისს კვირეულს დაასრულებს ღირსების მარში, რომლის ფორმაც არ იქნება საზეიმო, რადგან მათი თქმით, „საქართველოში დღეს ქვიარებს არ ეზეიმება“.

„ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები. ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებშიც, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ!

ჩვენი დები და ძმები საზოგადოებაში არსებული სიძულვილისა და აგრესიის გამო სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს. ჩვენ არ გვინდა გაქცევა, გვინდა ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში!

ჩვენ გვეხება და გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და სოციალური უთანასწორობა...

ჩვენ ვართ სტუდენტები, მიმტანები, მუსიკოსები, დიზაინერები, არტისტები, მწერლები, სპორტსმენები, ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, მეშახტეები, ტაქსის მძღოლები, სოციალური მუშაკები, პოლიტიკოსები, მღვდელმსახურები…

ჩვენ ვართ თქვენი შვილები, მშობლები, დები, ძმები, მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები და მეზობლები...“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლგბტქი აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა სამხედროებისათვის ჩამწერი აპარატების აკრძალვას

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე, ბოლო მოსმენით მოიწონა კანონი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებსა და ახალწვეულებს უკრძალავს ტელეფონების, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჩამწერი და ინტერნეტთან დამაკავშირებული აპარატების სამუშაო ადგილას გამოყენებას.

სამხედროებს აუკრძალავენ აგრეთვე ჟურნალისტებთან საუბარს და ინტერნეტში წერას სამხედრო სამსახურის თავისებურებების, ყოფილი თანამებრძოლებისა და მათი ნათესავების შესახებ.

დოკუმენტს ხმა მისცა 408 დეპუტატმა, არავინ ყოფილა წინააღმდეგი.

სამხედროების მიერ სხვადასხვა მონაცემის გამოქვეყნებას ბევრჯერ მოჰყოლია ინფორმაციის გაჟონვა. სოციალური ქსელების მეშვეობით ჟურნალისტები, გამომძიებლები და ექსპერტები ახერხებდნენ 2014 წელს უკრაინაში, ხოლო 2015 წელს სირიაში რუსი სამხედროების ყოფნის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების მოპოვებას.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია გამოიყენეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმაც იმის დასამტკიცებლად, რომ დონბასში რუსეთიდან იყო შესული საზენიტო კომლექსი „ბუკი“, რომლითაც 2014 წელს ჩამოაგდეს მალაიზიის სამგზავრო „ბოინგი“.

უფლებადამცველები შიშობენ, რომ კანონის მიღება გააძლიერებს „დედოვშჩინას“ - ახალწვეულთა ჩაგვრასა და დამცირებას - რუსეთის არმიაში.

სალომე ზურაბიშვილი: საფრანგეთი რომ გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა

„მგონი იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის არსებობაშიც დღეს დარწმუნებული არ ვარ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საფრანგეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის როლის შესრულების შესახებ სალომე ზურაბიშვილს ქართველმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

„საფრანგეთი არამხოლოდ განცხადებებს აკეთებს, ის მუდმივად იმეორებს, რომ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში. განცხადების იქით ასევე, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს თავისი ვალდებულებები ყველანაირად გაახსენოს იმ ფორმატში და იმ მომენტში, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. ეს მზადყოფნა არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდაიცვალა მოდის გამოჩენილი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მოდის გამოჩენილი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი. ის სხვადასხვა პერიოდში სათავეში ედგა მოდის სახლებს „ჟან პატუს“, „ქლოეს“, „ფენდის“.

1983 წელს ლაგერფელდი გახდა „შანელის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა მასთან.

მოდელიერი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ფოტოგრაფიც, 1933 წელს დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. ის ახალგაზრდობაშივე გადასახლდა პარიზში და მთელი ცხოვრება იქ გაატარა.

ღამით თბილისში ქარი ჩადგება

თბილისში ქარი დილის 4 საათისთვის ჩადგება. 20 თებერვალს კი ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი მცირე ნალექით, დღის განმავლობაში ტემპერატურა 10-12 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებიდან მიაწოდეს.

დასავლეთ საქართველოში ხვალ დარი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში დღით 3-8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. ღამით კი ტემპერატურა მინუს 5-დან მინუს 8-მდე შეიძლება დაეცეს.

ტრამპი აკრიტიკებს პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ოფიციალური პირები, რომლებსაც კავშირი აქვს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიებასთან.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, ანდრიუ მაკკეიბმა 17 თებერვალს ინტერვიუში განაცხადა, რომ 2017 წელს განიხილებოდა ტრამპის გადასაყენებლად აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესაძლო გამოყენების საკითხი.

მაკკეიბის თქმით, გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტაინი კაბინეტის რამდენიმე წევრსა და სხვა ოფიციალურ პირებს ესაუბრა ამ თემაზე.

ტრამპმა 18 თებერვალს ტვიტერში „უკანონო და მოღალატეობრივი“ უწოდა მაკკეიბისა და როზენსტაინის მოქმედებას. ისინი, „როგორც ჩანს, რაღაცას ძალიან უკანონოს“ გეგმავდნენო, წერს პრეზიდენტი.

ამასთან, როზენსტაინმა ჯერ კიდევ შარშან უარყო ინფორმაცია, რომელზეც 17 თებერვლის ინტერვიუში ისაუბრა მაკკეიბმა. როზენსტაინის განცხადებით, „აბსოლუტურად არასწორია“ იმის თქმა, რომ ის ოდესმე მოქმედებდა პრეზიდენტის გადაყენების ხელშესაწყობად.

სალომე ზურაბიშვილი: საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა სოლიდარობა

„საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ჩაერთო იმ კონფლიქტის იმ დროისთვის შეწყვეტაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ემანულ მაკრონს იმისთვის, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მის უნაუგურაციაზე ქვეყნის წარმომადგენლად გამოუშვა.

„საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ჩაერთო იმ კონფლიქტის იმ დროისთვის შეწყვეტაში და თუ არა საფრანგეთისა და პრეზიდენტი სარკოზის დახმარება, ჩვენ შეიძლება, სხვა მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, იმისთვის, რომ ჩემს ინაუგურაციაზე ბატონი სარკოზი გამოუშვა, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი და სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობამ ტაშით მიიღო და ეს იყო იმის ნიშანი, რამდენად მადლიერია საქართველოს მოსახლეობა იმისთვის, თუ რა გაკეთდა 2008 წელს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ის პრეზიდენტად ევროპისა და საქართველოს დაახლოების პროცესში გარკვეული როლის შესასრულებლად აირჩია.

„ამ წარსულის გამო, ჩვენ ერთგვარად, იძულებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ამ მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი არჩევანიც ერთგვარი სიმბოლოა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როცა საქართველოს მოსახლეობამ ამირჩია, ამირჩია, ერთდროულად, როგორც ევროპელი პრეზიდენტი და ამირჩია იმისთვის, რომ სწორედ, ეს როლი შევასრულო საქართველოსა და ევროპას შორის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავახლოვდეთ, სანამ ის დღე მოვა, როცა ევროპისა და ევროკავშირის სრული წევრები გავხდებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცემენტის შემოწმებისას 29 ნიმუშიდან მხოლოდ 15-მა დააკმაყოფილა სტანდარტი

ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 29 სახეობიდან მხოლოდ 15-მა პროდუქტმა, ანუ 52%-მა დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი. ასეთი შედეგი აჩვენა „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ მიერ ჩატარებულმა მეექვსე ფარულმა ტესტირებამ.

2019 წლის იანვარში შემოწმებული 29 ნიმუშიდან 14-მა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან 7-მა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა. აღნიშნავენ„საქართველოს ცემენტის ასოციაციაში“. მათი განმარტებით, შედეგები გაუმჯობესებულია 2018 წლის ნოემბრის ტესტირების შემდეგ, როდესაც 36 ნიმუშიდან მხოლოდ 13-მა გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი.

“საქართველოს ცემენტის ასოციაციაში“ 2019 წლის იანვრის შემოწმების ფარული ტესტირების მაჩვენებელს, ევროპული სტანდარტის დამაკმაყოფილებელ კომპანიათა 52%-ს, რეკორდულად მიიჩნევენ. ორგანიზაცია შემოწმებას 2018 წლის ნოემბრიდან ატარებს.

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2019 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა ახალი ტექნიკური რეგლამენტი. "საქართველოს ცემენტის ასოციაცია" იმედოვნებს, რომ უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში სააგენტო აქტიური და შეურიგებელი იქნება.

ემანუელ მაკრონი: მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს

„ჩვენ მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ადმინისტრაციულ ხაზზე სეპარატისტულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე:

„ქალბატონ პრეზიდენტთან საუბრისას მე ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მათ დაბრკოლებებს უქმნის თავისუფალ გადაადგილებაში. ყველაფერი ეს ხელს არ უწყობს ვითარების ნორმალიზებას. საფრანგეთი ყოველთვის მოუწოდებდა რუსეთს ამ საკითხთან მიმართებაში კონსტრუქციული მიდგომა გამოეყენებინა, რაც ასევე მოიცავს ევროკავშირის დაშვებას ამ რეგიონებში. ეს ის პოზიციაა, რომელიც ჩვენ მომავალშიც გვექნება. რუსეთს მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებები დაიცვას“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG