Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 ივლისი 2010


Georgia -- Georgian newspapers, Tbilisi, 23Apr2010
Georgia -- Georgian newspapers, Tbilisi, 23Apr2010
პრესა მიმდინარე თვეში უცხოეთის მაღალი რანგის დიპლომატების გახშირებული ვიზიტების მიზეზს ეძებს. ”ახალი თაობა” 2008 წლის ივლისთანაც ავლებს პარალელს - ”ასე ხდებოდა ორი წლის წინაც, როდესაც აგვისტოს ომი დაიწყოო”, ეუბნება კორესპონდენტი ექსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელიც ამ ეჭვსა და დღევანდელ რეალობას შორის კავშირს ვერ ხედავს. ამავე ინტერვიუში არეშიძე საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის საკითხზეც ლაპარაკობს: ”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადააბიჯოს ყველაფერს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოსთხოვოს რუსეთთან დიალოგში იყოს შუამავალი, თორემ რუსეთი თავისი ზრახვებით საქართველოს დაქუცმაცებას ომის გარეშეც ახერხებდა”, - ამბობს არეშიძე. მასთან ინტერვიუ ”ახალ თაობაში” ქვეყნდება. ამავე გაზეთში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებებსაც გაეცნობით: ”რუსეთ-საქართველოს ომი ნაწილობრივ გამოწვეული იყო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების კონტექსტში. ამ შემთხვევაში საქართველო იყო ის გზაჯვარედინი, სადაც რუსეთის და დასავლეთის ინტერესები იკვეთება. ერთმა იმარჯვა, - მხედველობაში მაქვს რუსეთი. მეორეს შედარებით პასიური მდგომარეობა ჰქონდა. შესაბამისად, გამარჯვებული დარჩა რუსეთი და წაგებული არა დასავლეთი, არამედ საქართველო. ამიტომ ამ პასუხისმგებლობას გრძნობს დასავლეთი”, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი პარლამენტის წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლახან ჩატარებული სხდომის შესახებ ეკითხება. ლორთქიფანიძე ჰყვება, რომ რუსეთის გაღიზიანება ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილთა ”შიდა მიგრანტებად” მოხსენიებას გამოუწვევია.

”ყველა სიახლე” ზურაბ ნოღაიდელთან ინტერვიუს აქვეყნებს. ნოღაიდელი ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ოჯახის დევნასა და ორი თვის წინ დაკავებულ ბიზნესმენ გენო მალაზონიაზე ლაპარაკობს. ”არავის შევარჩენ, რომ ჩემთან ურთიერთობისა და მეგობრობის გამო ხალხს პრობლემები შეუქმნან. რაც შეეხება გენო მალაზონიას, მას არსად შევხვედრივარ და ამაზე ლაპარაკი არ მსურს. აქ აღსანიშნავია ერთი რამ: საქმე ითითხნებოდა ჩემს წინააღმდეგ”, - ამბობს ნოღაიდელი. ”ყველა სიახლის” კორესპონდენტი პარლამენტის უმრავლესობის წევრ გოკა გაბაშვილს ჩხარტიშვილის შესახებ ნოღაიდელის განცხადებაზე კომენტარს სთხოვს: ”ნოღაიდელის ბოდვა არ მაინტერესებს”, - პასუხობს გაბაშვილი... არც ჩხარტიშვილის ბედი მაღელვებს, მით უფრო, არ მაინტერესებს მისი მოგზაურობა”, - პასუხობს გაბაშვილი.

”ალია” წერს: „”ალიას” სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს. ჯანდაცვის სამინისტროში გაუქმდა ე.წ. დახმარების კომისია, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ და უმწეოთა პროგრამებს აფინანსებდა. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას ყველა ურგენტული პროგრამის გაჩერება. საუბარია ქირურგიული ოპერაციების იმ დაფინანსებაზე, რომელიც ადრე სახელმწიფოს მხარდაჭერითა და პირდაპირი დაფინანსებით ხორციელდებოდა. ზუსტად, 2010 წლის ბოლოს კი ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანად გაუქმებას აპირებენ”, - წერს ”ალია”.

”რეზონანსის” ინფორმაციით, აჭარაში პლაჟზე ვაჭრობა აიკრძალა და ამ აკრძალვის დამრღვევს საქონელს ჩამოართმევენ და, შესაძლოა, 200 ლარითაც დააჯარიმონ. ქობულეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებ 16 წლის სკოლის მოსწავლეს ”რეზონანსისთვის” უთქვამს: ”რაღა ჩვენ გვნახეს. პურის ფულს ვშოულობთ ხალხი. გუშინწინაც ჩვეულებრივ ვვაჭრობდით, დაგვიძახეს - მერიიდან ვართ და მერიასთან ამოდითო. მერე გვითხრეს - ვაჭრობა გეკრძალებათო. ხალხმა ახსნა-განმარტება მოითხოვა, შეხლა-შემოხლაც მოხდა, ზოგს საქონელიც ჩამოართვეს. მერე გავიგე, ვიღაც მამა-შვილი უცემიათო”. ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს - ჯუმბერ ჭყონიას ”რეზონანსისთვის” განუმარტავს, რომ გარე ვაჭრობა დიდი ხანია აკრძალულია და თუკი გასულ წელსაც პლაჟზე მოვაჭრეები დადიოდნენ, ჭყონიას თქმით, ”ქვეყანა უკეთესობისკენ ვითარდება და იმის შესაბამისად ვმოქმედებთო.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG