Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 23 ივლისი 2010


დღევანდელ ქართულ გაზეთებში კოსოვოს სტატუსზე საერთაშორისო დასკვნა არ არის წამყვანი თემა. მას ზოგიერთი გაზეთი ეხმაურება.

”რეზონანსის” პირველ გვერდზე სტატიას, სათაურით ”საერთაშორისო სასამართლო კოსოვოს დამოუკიდებლობას მიემხრო”, ფოტო ახლავს, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: ”სერბი ქალი ბელგრადის მართლმადიდებელ წმ. საბას სახელობის ტაძარში ლოცულობს. გუშინ კოსოვოს დაბრუნებისთვის სერბეთის ყველა ეკლესიაში სპეციალური წირვა ჩატარდა. როგორც მალე გაირკვა, უშედეგოდ”. ”რეზონანსშივე” ქვეყნდება ინტერვიუ პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილთან. ის თვლის, რომ ”შეუძლებელია კოსოვოს პრეცედენტის გავრცელება” საქართველოს რეგიონებზე, ”თუ შეიძლება ამ ფაქტს საერთოდ პრეცედენტი ვუწოდოთ”. გოგოლაშვილის თქმით, „კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხში გადამწყვეტი როლი მაინც პოლიტიკურმა ნებამ ითამაშა, ვიდრე საერთაშორისო სამართალმა”.

”ვერსია” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით - ”რაც უნდათ, ის ”გაახურონ” სექტემბრიდან!.. რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება!”. კუბლაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაზეც ლაპარაკობს: ”ამ ადამიანებს კონსტიტუციის პროექტი წაკითხული არ ჰქონდათ და რაღაც შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკობდნენ. კი ბატონო, იარონ ამ გზით. მკაფიოდ ვამბობ - არანაირი არჩევნები 2012 წლამდე არ ჩატარდება!”. ამავე ინტერვიუში პავლე კუბლაშვილი უმეტესად ოპოზიციაზე ლაპარაკობს: ”ჩვენს ოპონენტებს განვლილი წლებიდან რაღაც მაინც უნდა ესწავლათ. თუ ვინმემ დაინახა, რომ ულტიმატუმის გზა წარმატებულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ხელისუფლებას ელაპარაკები, შორს ვერ იხედება”, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი, რომელსაც ”ვერსიის” ჟურნალისტი ესაუბრა.

”ახალ თაობაში” ”კონსერვატორების” ერთ-ერთ ლიდერ კახა კუკავასთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება. კუკავა ამბობს, რომ კონსტიტუციის პროექტის არსებული რედაქციით, სააკაშვილს ექნება ხელისუფლებაში ”მესამე ვადით დარჩენის უფლება”. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: ”მე მგონი, პუტინი პუტინია და ლილიპუტინი სააკაშვილია, თუ პოლიტიკური გაგებით ვისაუბრებთ და არა ფიზიკური პარამეტრებით. იმიტომ რომ, ფაქტია, სააკაშვილისთვის პუტინი მისაბაძი გახდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს საქართველოში კარიკატურული იქნება და ვერ შედგება”, - ამბობს კახა კუკავა.

”ახალ თაობაშივე” გაეცნობით ექსპერტების მოსაზრებებს ოპოზიციაზე. ირაკლი სესიაშვილი ამბობს: ”ოპოზიციამ დაკარგა ძალა, დაკარგა საზოგადოების ნდობა. ოპოზიციის მიმართ საზოგადოებას მოლოდინი არა აქვს, რომ ის რამეს შეცვლის, რომ მას ეს შეუძლია”. რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ კონსტიტუციის მიღების დაჩქარება დამაფიქრებელია და, სავარაუდოდ, ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. აქვე საყვარელიძე ამბობს: ”ოპოზიციის მთელი უბედურება იმაშია, რომ არ იციან რა მოითხოვონ და როდის. დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლებას აწყობს იმიტომ, რომ მას ძალიან მყარი აქვს პოზიციები და ოპოზიცია თუ ისევ მშვიდ ძილს მიეცემა, ზღვაზე გაშავდება აგვისტოში, სექტემბერში აღშფოთებისგან გაწითლდება და ზამთარში გალურჯდება, მაშინ, რა თქმა უნდა, გაზაფხულზე თუ დაინიშნა არჩევნები, ხელისუფლება მოიგებს”. რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ ”ახალ თაობაში” ქვეყნდება.

”24 საათი” წერს სისხლის სამართლის კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებზე, რომელთა მიხედვით რიგ მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე სასჯელი მცირდება. ავტორის თანახმად, ”პროექტში მითითებულია, რომ სასჯელის შემცირება არ გავრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ კანონის ძალაში შესვლამდე განაჩენი უკვე დაადგინა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG