Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ გეიტსის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 2011 წელს მთლიანად არ დატოვებს ავღანეთს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები არ წავლენ ავღანეთიდან 2011 წელს. გეიტსის განმარტებით, საქმე ეხება ავღანეთიდან ჯარების ნაწილობრივ გაყვანას, ამასთან თალიბ მეამბოხეებს არ მიეცემათ საშუალება, დაელოდონ, როდის წავლენ ამერიკელები. ამ თემაზე გეიტსმა ამერიკულ ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში ისაუბრა და დასძინა, რომ ის, თუ რამდენად შეიკვეცება კონტინგენტი, დამოკიდებული იქნება ავღანეთში ძალისხმევის წარმატებაზე. დღესვე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სხვა ამერიკულ ტელეკომპანიასთან, CBS-თან ინტერვიუში „რეალისტური“ უწოდა ავღანეთში ვაშინგტონის ადმინისტრაციის მიზნებს. დღეს, როცა ობამამ და გეიტსმა ტელევიზიაში ისაუბრეს ავღანეთში მიზნებზე, ამ ქვეყანაში სამხედრო მისია დაასრულა ჰოლანდიამ. ის ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ავღანეთიდან ჯარები გაჰყავს. ჰოლანდიის სამხედრო სარდლის, გენერალ პეტერ ვან უმის განცხადებით, ჰოლანდიის კონტინგენტმა, რომლის შემადგენლობაც 1950 ადამიანს აღწევდა, გარკვეულ წარმატებებს მიაღწია უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისევე როგორც ჯანდაცვის, განათლებისა და ვაჭრობის სფეროებში ურუზგანის პროვინციის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ. ურუზგანი სამხრეთ ავღანეთში მდებარეობს. ავღანეთში ოთხწლიანი სამხედრო მისიის განმავლობაში, სულ ცოტა 24 ჰოლანდიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ჰოლანდიელებს ამერიკელები და ავსტრალიელები, აგრეთვე რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩაენაცვლებიან.
XS
SM
MD
LG