Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის საავადმყოფო ევროპული სტანდარტით


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წელს ”ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის” განსახორციელებლად ზუგდიდში არსებული ოთხი მოქმედი სამედიცინო დაწესებულება, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად - 1000 ამერიკულ დოლარად - კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიას” გადასცა.

სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას მის საკუთრებაში არსებული ოთხი სამედიცინო დაწესებულებიდან ერთ-ერთის - ყოფილი საავადმყოფო ”რესპუბლიკის” - რეკონსტრუქცია უნდა მოეხდინა და თანამედროვე აპარატურით აღეჭურვა. ”ბლოკ-ჯორჯიამ” პირობა შეასრულა და საავადმყოფო ევროპულ სტანდარტებსაც მიუახლოვა. ამჟამად ”წმინდა ლუკას სახელობის ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში”, როგორც სამედიცინო მენეჯერი დავით ფიფია გვიხსნის, საწოლების რაოდენობა 150-ს აღემატება, რაც, მათი გათვლებით, სავსებით საკმარისია ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკისა და გალის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მისაღებად.

ჰოსპიტალის კომფორტით და ჰიგიენით კმაყოფილები არიან პაციენტები და მათი ნათესავები. მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა მკურნალობის სიძვირეზე ჩივის. ”კარგი მომსახურება აქვთ, მაგრამ მკურნალობის ფასები ხელმიუწვდომელია. ყველას არ შეუძლია ის ფასები გადაიხადოს, რომელიც მათ აქვთ”, - ამბობენ პაციენტები.

სამედიცინო ცენტრის მენეჯერის დავით ფიფიას ცნობით, კომპანია ”ბლოკ ჯორჯიამ” უკვე დაიწყო 15 საწოლიანი ჰოსპიტალების მშენებლობა სამეგრელოს ოთხ რაიონში - მარტვილში, წალენჯიხაში, აბაშასა და ხობში. რაც მისი ვარაუდით, სავსებით საკმარისი იქნება ადგილობრივების მისაღებად.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG