Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 5 აგვისტო 2010


„ოს სამხედროებს რუსები ანაცვლებენ“ - პუბლიკაციაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ თავდაცვის სამინისტროში ”მტკივნეული რეფორმები” ხორციელდება: 3500 სამხედრო მოსამსახურიდან მხოლოდ 200 თანამშრომელი დარჩება. გაზეთის თანახმად, სამხედრო პირებმა, გენერალ ანატოლი ბარანკევიჩის მეთაურობით, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმატი ჩამოაყალიბეს, კონტრნაბიჯად კი თავად კოკოითიმ დათხოვნილი 3 300 სამხედრო პირის, განსაკუთრებით ოფიცრების დასაქმების მიზნით, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა. ამ საქმისათვის 50 000 რუსული რუბლი გამოიყო. პროგნოზირება იმისა, რამდენად გაამართლებს ეს მეთოდი და აუჯანყდებიან თუ არა დათხოვნილი სამხედრო ოფიცრები კოკოითის, გაზეთ ”24 საათის” რესპონდენტ ქართველ სამხედრო ექსპერტებს უჭირთ.

გაზეთი ”რეზონანსი” კი ცხინვალის ციხეში მჯდომი ქართველი კაპრალის, მესანგრე ზვიად კობალაძის შესახებ მოგვითხრობს. გაზეთის თანახმად, კობალაძე ერთადერთი სამხედრო ტყვეა, რომელიც დღეს რუსებისა და ოსების მიერაა დაკავებული. ”კაპრალი კობალაძე 2 წელია, რაც ცხინვალის უშიშროების ეგრეთ წოდებულ სარდაფში მარტო იმყოფება. სარდაფში, სადაც მას ოსები ამყოფებენ, მზის სინათლე ვერ აღწევს. მას აძლევდნენ ძლიერ ფსიქოტროპულ საშუალებებს. როგორც მისი ბიძაშვილი, გენერალი კობა კობალაძე ”რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, ის სასტიკად არის ნაწამები”,-ვკითხულობთ ”რეზონანსში. გაზეთის თანახმად, კობალაძის გათავისუფლების საკითხს სეპარატისტები, რუსებთან ერთად, პოლიტიკურ მიზნებს აბამენ, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები კი მის გასათავისუფლებლად არასაკმარის ძალისხმევას იჩენენ.

ქართული ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში 5 აგვისტოს მოექცა ასევე ”ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის დაკავების ფაქტი. გაზეთ ”ალიას” ცნობით, ქოქოლაძისათვის იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს პირადად ასე შეუთვლია: ” 10 მილიონი და ზედ ტექნო ბუმი.” ოფიციალურად ეს ვერსია პროკურატურაში სასაცილოდ ჟღერს, არაოფიციალურად კი არც არავის უკვირს. ის კი არადა, იმასაც ამბობენ, ცოტა მოუთხოვიათო. ქიბარ ხალვაშის შემდეგ ანზორ ქოქოლაძე პირველი მსხვილი ბიზნესმენია, რომელსაც ქონება თავზე დაახიეს.” ამავე სტატიის მიხედვით, ანზორ ქოქოლაძის დაკავება პირდაპირ უკავშირდება თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინტერესებს. ის ინტერესი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ქოქოლაძემ მრავალხნიანი დუმილი დაარღვია და ბანკი მისი ქონების ფარულად შეძენაში დაადანაშაულაო. დაპირისპირებამ კი თურმე მას შემდეგ მიაღწია პიკს, როცა ქოქოლაძემ ”ელიტ ელექტრონიქსის” კონკურენტი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელი შექმნა”, - ვკითხულობთ ”ალიაში.”

”სახალხო აჯანყება საქართველოს დაღუპავს” - ამ სათაურით გაზეთი ” ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ყოფილ სახალხო დამცველ სოზარ სუბართან. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელსაც გაზეთი მას უსვამს, ოპოზიციის შემოდგომისთვის დაგეგმილ აქტივობას უკავშირდება. ”ცხელ შემოდგომას რაც შეეხება, მე ამდაგვარი იმედები არ მაქვს. მე მაინც მგონია, რომ ეს შემოდგომა მშვიდი დუღილის პერიოდი იქნება, როცა რაღაცები დაიწმინდება და რაღაც პროცესები დაიწყება სამომავლოდ”, - უთხრა სოზარ სუბარმა გაზეთ ”ახალ თაობას.”
XS
SM
MD
LG