Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა გააპროტესტა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა გააპროტესტა. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სუვერენული ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საბჭოთა პოლიტიკური ლიდერებისთვის ჩვეული სტილის "ვიზიტი" კიდევ ერთი ცინიკური აქტია. ”რუსეთი კვლავ ადასტურებს, რომ არაფრად აგდებს საერთაშორისო ვალდებულებებს და არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას”, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისივე შეფასებით, კრემლი მიზნად ისახავს ლეგიტიმურობის ილუზია შეუქმნას მარიონეტულ რეჟიმებს, რადგან რუსეთის მცდელობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მათი აღიარებისა, კრახით დასრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ესკალაციის კიდევ ერთი მცდელობის გამო და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, აიძულოს რუსეთი, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, უპირობოდ შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დაუყოვნებლივი და სრული დეოკუპაცია.
XS
SM
MD
LG