Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 10 აგვისტო 2010


აგვისტოს ომის ორი წლის თავზე ომის მიზეზებსა და შედეგებზე მსჯელობა, მომხდარის გახსენება დღევანდელ პრესაშიც გრძელდება.

”სააკაშვილს ომისკენ ამერიკამ უბიძგა” – ”ახალ თაობაში” ამ სათაურით პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც ის ამბობს, ”მხოლოდ ამერიკის წაქეზება არ იქნებოდა საკმარისი და სააკაშვილის ”ოტპიმისტურ განწყობაზე” რუსეთის გარკვეულმა წრეებმაც იქონიეს გავლენაო.

”ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელ ხიზრი ალდამოვთან ინტერვიუს. ალდამოვი ამბობს, რომ საქართველოში მცხოვრები ოსების გაჰკვირვებია: ”მე იმ ოსებზე ვსაუბრობ, ვინც ჩვენს ძმებად ითვლებიან. რაკი აქ ცხოვრობენ და ჩვენს ძმებად ითვლებიან, კეთილი ინებონ და ცხინვალი დაგვიბრუნონ. დაელაპარაკონ თავის ხალხს და გააგებინონ, რომ ეს ქართული მიწაა. აი, ეს უნდა გააკეთონ ოსებმა”, - ამბობს ალდამოვი.

”საქართველოს რესპუბლიკაში” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის მოსაზრებებს გაეცნობით: ”თბილისმა რატომღაც მოსკოვის, ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ჟენევის გავლით გადაწყვიტა სოხუმთან და ცხინვალთან საუბარი. ეს არის არა შეცდომა, არამედ საკუთარი უსუსურობისა და უმეცრების აღიარება. როცა სოხუმსა და ცხინვალს მხოლოდ ჟენევაში ელაპარაკები,ეს ხომ, პრაქტიკულად, ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაა.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” დღეს ქვეყნდება ”ქართული აკადემიის” ღია წერილი საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას: ”მომავალ საკონსტიტუციო რეფორმას უფრო სერიოზულად უნდა მოვკიდებოდით დ გვეფიქრა იმაზე, რაც სჭირდება ქვეყნის მომავალს და არა მ. სააკაშვილის გუნდს.”

”ალია” საქართველოში უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის სტუმრობაზე წერს: ”ეს უკვე მეორედ ხდება, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და ახლა უეფას პრეზიდენტი საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის ექს-პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას დასალობირებლად ჩამოდის. პლატინი და ჟორდანია რომ ახლო მეგობრები არიან, ცნობილი ფაქტია. ბოლო დროს ჟორდანია გააქტიურდა და ქართულ ფეხბურთში დასაბრუნებლად იღვწის. თუ ევროლიგის ფინალი მართლა თბილისში გაიმართა, ყველა მიხვდება, რომ ეს სწორედ ექს-პრეზიდენტ ჟორდანიას დამსახურებაა.”

პლატინის ვიზიტზე წერს ”24 საათიც”: ”ის, რომ საქართველოს ევროპულ ფეხბურთში პრესტიჟულობის თვალსაზრისით მეორე ჯილდოს - ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობის პრეტენზია გაუჩნდა, ბევრმა ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ბოდვად მიიღო და შეაფასა. მაგრამ დღეს უკვე ამ თემაზე - არც მეტი, არც ნაკლები - თავად უეფას პრეზიდენტი აკეთებს კომენტარს.”

”24 საათში” ამერიკა-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე შეერთებული შტატების ელჩ ჯონ ბასთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”მე უკვე 22 წელია დიპლომატად ვმუშაობ, მიმსახურია ბევრ ქვეყანაში, მიმუშავია სხვადასხვა ქვეყნების თემებზე, ვაკეთებდი იმას, რაც ყველა ამერიკელ დიპლომატს ევალება - ვმუშაობდით ამერიკული ექსპორტის ზრდაზე სხვადასხვა ქვეყნებში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებს საკმაოდ მაღალი სავაჭრო დეფიციტი აქვს. საქართველოში ჩვენ საკმაოდ უჩვეულო საქმეს ვაკეთებთ - ხელს ვუწყობთ საქართველოს შეერთებულ შტატებში იმპორტის განხორციელებაში.”

”ჯორჯიან ტაიმსი” ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელ თეა თუთბერიძესთან ინტერვიუს ასე ასათაურებს: ”როცა თეა და ”ჯორჯიან ტაიმსი” ერთსულოვანნი არიან...”. ინტერვიუში ვკითხულობთ: ”განათლებისა და მეცნიერების მინისტრ შაშკინს აქვს განდიდების მანია და უნდა, რომ ყველაფერს თვითონ აკონტროლებდეს. მინდა გითხრათ, რომ ცხრა შაშკინი და 95 სააკაშვილი რომ დასვა მინისტრად, დეცენტრალიზაციის გარეშე სკოლებში არსებული ვითარების გაკონტროლებას ვერავინ მოახერხებს.”

”რეზონანსი” აჭარის სანაპირო ზოლის დაბინძურებაზე წერს: ”გარემოს დაცვის სამინისტრო თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს, ანუ გარემოს სათანადოდ ვერ იცავს. კანალიზაციებიდან ზღვა და მდინარეები ბინძურდება. გარდა ამისა, ექსპერტები ჰესების სავარაუდო მშენებლობის მიმდინარეობისას გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით კრიტიკულ დასკვნებს აქვეყნებენ, თუმცა ამ საკითხებს სამინისტრო არ იკვლევს”. ”რეზონანსის” სტატიიდან შეიტყობთ, რომ საკანალიზაციო სისტემები საქართველოს რამდენიმე ქალაქშია მოწესრიგებული. ”მაგალითად, ცნობილ სიღნაღში კანალიზაცია არ არის. მოსახლეობა სპეციალურ ჭებს თხრის, სადაც ფეკალურ მასებსა და სხვადასხვა ნარჩენებს აგროვებს, შემდეგ ქირაობს სპეციალურ მანქანას, რომელიც ამ ნარჩენებს იღებს და პირდაპირ მდინარეში უშვებს”, - წერს ”რეზონანსი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG