Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 16 აგვისტო 2010


”ვინ გახდება უნივერსიტეტის რექტორი?” - ამ სათაურ-შეკითხვას ”მთელი კვირის” პირველ გვერდზე ნახავთ და იქვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის სავარაუდო კანდიდატთა სიასაც ჩამოთვლის ავტორი: ”გია დვალი, გიგი თევზაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, გოკა გაბაშვილი” - ავტორის თანახმად, სწორედ მათზე ვრცელდება ხმები, როცა საქმე უნივერსიტეტის მომავალი რექტორის ვინაობას ეხებაო. ”უმაღლეს საგანმანათლებლო წრეებში ცალსახად აცხადებენ, რომ თსუ-ს რექტორი ის იქნება, ვინც ხელისუფლების მითითებებს კარგად შეასრულებს”, – წაიკითხავთ ”მთელ კვირაში”.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან გიორგი ხუბუას გადადგომის შესახებ ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი გუგული მაღრაძე ამბობს: ”...საქართველოში ეჭვი არავის ეპარება, ვინც იცის, რა ქვეყანაში ცხოვრობს, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლების მიერ მართული სამი ტელევიზია სინქრონულად დაიწყებს ისეთი ამბების გაშუქებას, რომელიც 2 წლის წინ თვითონ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ იყო აღმოჩენილი და სს საქმეც იყო აღძრული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით, როცა 2 წლის შემდეგ მოუნდებათ ამ საქმეზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხა, ცხადია, რომ ეს არის მართული პროცესი.”

”ვიმყოფებით რა საბჭოთა კომუნისტური სისტემის აგიტაციური პროპაგანდის გავლენის ქვეშ, მარტივად ვხვდებით, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-მა საკუთარ თავზე აიღო გაზეთ ”კომუნისტის” ფუნქცია”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი და განმარტავს: ”საბჭოთა ეპოქაში თუ გაზეთ ”კომუნისტში” ამა თუ იმ ფუნქციონერზე კრიტიკას გამოთქვამდნენ, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მას თანამდებობაზე დარჩენა დიდხანს არ ეწერა”. - სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ ”კვირის პალიტრაში” იბეჭდება. ამავე გაზეთში წაიკითხავთ: ”გიორგი ხუბუასთან ხუთწლიანი ომი დასრულდა, უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა. კულუარებში შაშკინ-ხუბუას ომად მონათლული დაპირისპირება მინისტრის გამარჯვებით დასრულდა. არადა, სულ რამდენიმე კვირის წინ თეა თუთბერიძე იფიცებოდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოვხსნიო. ლომაიას მხარდამჭერ ”თავისუფლების ინსტიტუტს” შაშკინი ბოლო დროს თვალში რომ არ მოსდის, მიზეზი ის არის, რომ ახალმა მინისტრმა ლომაიას მიერ გაკვალულ გზას გადაუხვია”, - წერს ”კვირის პალიტრა”.

”მთელ კვირას” მივუბრუნდები, სადაც გენერალ გია ყარყარაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”მე არავის არ ვადანაშაულებ. უსაფრთხოების სისტემის ამოცანაა ომის თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავება და მათი რეალიზება. პირველი უნარი ხელისუფლების ის უნდა იყოს, რომ უსაფრთხოების ისეთი სისტემა შექმნას, მასში შემავალი სტრუქტურები ისე ააშენოს, სამხედრო პოლიტიკა ისე წარმართოს და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაცია ისე მოახდინოს, რომ ომი ააცილოს საკუთარ ხალხს”, - ამბობს ყარყარაშვილი და ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში 1992 წელს აფხაზეთის ომის დაწყებასაც იხსენებს: ”აფხაზეთის ომის დაწყებაც პროვოცირებული იყო. მაშინაც რუსეთის ხელი ერია. ამიერკავკასიის ოლქის დაზვერვის უფროსი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმ კატარღაზე, რომელმაც დესანტი გადასხა ლესელიძეში.”

”კვირის ქრონიკა” წერს, რომ ტელეკომპანია ”მაესტრომ” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა ”და ეს ამ კომპანიის ნებაყოფლობითი ნაბიჯი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენივე ცნობით, ”მაესტროს” მაუწყებლობა დავალიანების გამო შეუჩერდა, არადა, კომპანია ”მირთან” სულ რაღაც 21 მაისს მოაწერეს კონტრაქტს ხელი”. ”კვირის ქრონიკა” დღევანდელ ნომერში ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილეების ცვლილებაზე წერს. გაზეთის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრმა ორი მოადგილე - მანანა ჯებაშვილი და კოკა ფრუიძე - გაათავისუფლა და ახალ მოადგილეებად ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მოადგილე მიხეილ დოლიძე და ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის აღმასრულებელი მენეჯერი დავით ურუშაძე დანიშნა.

”ასავალ-დასავლის” პირველ გვერდზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პორტრეტია დაბეჭდილი და იქვე მსხვილი შრიფტით - ”გვიშველეთ!!!”. ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარის გამო დაკავებული ”სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრების გასამართლებით აღშფოთებული სოსო ჯაჭვლიანი ინტერვიუში ამბობს: ”მივმართავ ჩვენს მუსლიმან ძმებს, კათოლიკეებს, ბუდისტებს, გრიგორიანებს და, საერთოდ, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს: გვიშველეთ!!! გვიშველეთ, თორემ თქვენც მოგდგებიან!”. ჟურნალისტი ეკითხება: ”ამათ რატომ უნდა ვთხოვოთ დახმარება?”. ჯაჭვლიანი: ”აბა, ქართველები ყურს არ იბერტყავენ! მართლმადიდებლობისთვის გვიჭერენ, ტაძარს გვინგრევენ, პატრიარქს გვიგინებენ და სხვა რაღა დარჩა?” - კითხულობს სოსო ჯაჭვლიანი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG