Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 18 აგვისტო 2010


”ახალი თაობა” უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი მას ციხეებში არსებულ ვითარებაზე ეკითხება. ნიკოლაიშვილის პასუხი: ”ის, რომ ბაჩო ახალაიას კადრები დაბრუნდნენ უკან, ეს ფაქტია. მე გამიჩნდა ეჭვი, რომ თვითონ ხელისუფლების შიგნით ხდება რაღაც შიდა დაპირისპირება ბაჩო ახალაიასა და მერაბიშვილის კლანებს შორის, ვინაიდან აქამდე 100%-ით აკონტროლებდა ციხეებს მერაბიშვილი თავისი კადრებით. ეს გადაადგილებები ციხეში რაღაცის მომასწავებელია, შემთხვევითი არ უნდა იყოს.”

ამავე გაზეთში გენერალ გია ყარყარაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. მედია კვლავაც ინტერესდება ”საქართველოს ლეგიონის” მიზნებით. ჟურნალისტი ყარყარაშვილს იმაზეც ეკითხება, ”საქართველოს ლეგიონი” თავდაცვის უწყების კრიტიკას თუ აპირებს. ყარყარაშვილი ამბობს: ”თავდაცვის სამინისტრო ერთადერთი უწყებაა, რომელსაც ჩვენგან ექნება იმუნიტეტი” და განმარტავს, რომ ”ლეგიონი” თავდაცვის სამინისტროსთვის მხოლოდ ქვეყნისთვის სასარგებლო წინადადებების მიცემას აპირებს: ”იმ ოჯახს, რომელშიც ცხოვრობდი და შესისხლხორცებული იყავი, როგორც წესი, არ ლანძღავენ. მერე რა, ახლა ამ ოჯახიდან თუ გავშვილდით. წესი წესია და ამ შეთანხმებას ყოველთვის დავიცავთ”, - ამბობს გია ყარყარაშვილი.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ფილოსოფოს კახა კაციტაძესთან ინტერვიუ იბეჭდება. ”არავინ დავობს, რომ საქართველო რუსეთთან 20 წელია გამოუცხადებელ ომშია, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ ადეკვატურად არ გვიმოქმედია. ჩვენ მხოლოდ ვწუწუნებთ, რომ ავანტიურაში ჩაგვითრიეს”, - ამბობს კახა კაციტაძე და იმავე ინტერვიუში დასძენს: ”გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი მიდგომები სიტუაციის გადაწყვეტის მიმართ. წუწუნი საქმეს ვერ უშველის. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ რაც არ უნდა ძლიერი ზეწოლა იყოს ჩვენზე და წამგებიან ვითარებაში ვიყოთ 20 წლის განმავლობაში, საჭიროა საზოგადოებამ ადეკვატურად მოახდინოს იმავე საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის პროდუცირება. ოღონდ ჯერ იდეები უნდა ჩამოყალიბდეს. ამაში კი ძალიან გვიჭირს.”

”რეზონანსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ინგლისურის უცხოელ მასწავლებლებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ ყივჩაღების მაგალითის მოხმობაზე ეკითხება აზრს. ინტერვიუს დასასრულს საყვარელიძე ამბობს: ”როგორ ფიქრობთ, რამდენად უყვართ საქართველოში სერიოზული ადამიანები? თუკი კითხვას ასე შემოვატრიალებთ, შეიძლება რამდენიმე მაინც დაფიქრდეს. ჩემი ბრალი ხომ არ არის, რაც ქვეყანაში ხდება? ჯერ ვილაპარაკოთ ერზე, რომელმაც სააკაშვილი აირჩია და თუ რამე არ მოგვწონს მასში, ყველა ეს ნიშანი ხალხზე გადაიტანეთ.”

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ სამეცნიერო ინსტიტუტების უმაღლეს სასწავლებლებთან მიერთების პროცესსა და მეცნიერთა ნაწილის აღშფოთების მიზეზებზე.

”24 საათი” პირველ გვერდზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევასა და მის წინამორბედ მოვლენებზე წერს: ”მომხდარ ფაქტს პროფესორების ნაწილმა უნივერსიტეტისა და ხუბუას წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი კამპანიის ნაწილი უწოდა. კანონმდებლობის თანახმად, რექტორობის ვადა ხუბუას ორ თვეში ეწურებოდა. თუმცა ხუბუამ მოვლენებს დაასწრო და თანამდებობიდან გადადგა. ხუბუამ აკადემიურ საბჭოს სხდომაზე თხოვნას, დარჩენილიყო თანამდებობაზე, უარით უპასუხა, მიზეზად კი მეცნიერული მოღვაწეობის გაგრძელების სურვილი დაასახელა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG