Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სიმკაცრეა


ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე
ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე
მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადასასვლელად ფასიანი საშვი დააკანონა, მოსახლეობას სამეგრელოში გადმოსვლა უძნელდება. სპეციალური საშვის გამოყენება კი, რომელსაც გალის აფხაზური მილიცია გასცემს, მხოლოდ ენგურის ცენტრალურ ხიდზეა შესაძლებელი. სხვა დანარჩენი, ე.წ. შემოვლითი გზები, დღემდე ჩაკეტილია და მას, ისე როგორც აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს, რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტის ცნობით, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ხმის შეცვლა ითხოვა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები ადგილობრივებს ზუგდიდში განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უშვებენ.

ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა წალენჯიხასთან მოსაზღვრე ოკუპირებულ საბერიოში. ფახულანი-საბერიოს ბლოკ-საგუშაგოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსი სამხედროები იმყოფებიან. ადგილობრივები იტყობინებიან, რომ აღნიშნული საგუშაგო დღემდე მკაცრად კონტროლდება და მისი გადაკვეთა შეუძლებელია.

რადიო თავისუფლების საბერიოელი რესპონდენტის ცნობით, 23 აგვისტოს ეფ-ეს-ბე-ს ჯარისკაცებმა წალენჯიხიდან მომავალი სასწრაფო დახმარების მანქანა არ გაატარეს, რომელსაც საბერიოელი ქალი საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა.

თხილის სეზონთან დაკავშირებით გააქტიურდნენ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ოკუპირებულ ნაბაკევში იმყოფებიან. ნაბაკეველი ქალის ცნობით, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები სოფელში ”ვილისის” მარკის მანქანებით ყოველ ერთ საათში, ე.წ საზღვრიდან სოფლის ცენტრამდე მოძრაობენ, რათა პროდუქტის გატანა ან შეტანა არ მოხდეს. ამასთან, რესპონდენტი ამბობს, რომ სოფელში, სადაც უმრავლესობა მოხუცები არიან, მედიკამენტების დეფიციტია.

ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან მეორე ოტობაიის სკოლის პედაგოგები. ”დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით სასწავლო პროცესი ოკუპირებულ აფხაზეთში 1 სექტემბერს დაიწყება”, - ამბობს მეორე ოტობაიის სკოლის დირექტორი. მისივე ცნობით, შარშანდელთან შედარებით წელს მოსწავლეების სიმცირეა, რაც სოფელში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების შედეგია.
XS
SM
MD
LG