Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საიათნოვა – 40“


აგვისტოს მიწირულს 40 წელი გავიდა თბილისელი კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ფილმის, „საიათნოვას“, ეკრანებზე გამოსვლიდან. ფილმზე მუშაობა ფარაჯანოვმა გაცილებით ადრე დაასრულა, მაგრამ ცენზურამ პრემიერა რამდენჯერმე გადადო, ბოლოს ამოიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, თავიდან დაამონტაჟა ფილმი და სათაურიც კი შეუცვალა – „ბროწეულის ყვავილობა“ დაარქვა... „საიათნოვას“ ისტორია ამით არ დასრულებულა – სერგო ფარაჯანოვი დააპატიმრეს და ეკრანებზე ახლად გამოსული ფილმი თაროზე შემოდეს.

„ყოველი ფილმი, რომელიც იმ წლებშია გადაღებული (არამარტო ჩემი ფილმები), არის შიშის კარდიოგრამა... კარდიოგრამა შფოთვისა, რომელსაც განაპირობებს მუშაობის აკრძალვისა და შიმშილით სიკვდილის მოლოდინი“, - თქვა ერთხლ სერგო ფარაჯანოვმა.

მუშაობის აკრძალვისა და შიმშილით სიკვდილის შიშით, სერგო ფარაჯანოვი დათანხმდა ამ კუპიურებზე... კუპიურებზე, რომელთაც მომავალში იგი საკუთარი შვილის დასახიჩრებას შეადარებს. 1970 წლის აგვისტოში ფარაჯანოვის ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, მაგრამ “საიათნოვას” ნახვა მხოლოდ კინემატოგრაფისტებმა მოასწრეს. თითქმის სამი წელი გრძელდებოდა ფილმის დახურული ჩვენები კინოს სახლებში და პატარა კლუბებში. ფარაჯანოვს პირდებოდნენ, რომ როგორც კი კინოგაქირავება გეგმას შეასრულებდა, „საიათნოვას“ დიდ კინოდარბაზებშიც გაუშვებდნენ. 1972 წელს „საიათნოვა“ მართლაც უჩვენეს თბილისისა და ერევნის კინოთეატრებში, მაგრამ სურათის ოფიციალური პრემიერიდან რამდენიმე თვის შემდეგ სერგო ფარაჯანოვი დააპატიმრეს. რეჟისორი მაშინ კიევში იმყოფებოდა და ახალი ფილმის სცენარზე მუშაობდა.

ფარაჯანოვის პირველ დაპატიმრებაზე უამრავი ვერსია არსებობს. ზოგი ამტკიცებს, რომ ფარაჯანოვმა ყველაფერი გააკეთა, რათა, მისი საყვარელი რეჟისორის პიერ-პაოლო პაზოლინის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, “საკუთარი ნებით ასულიყო გოლგოთაზე”. ფარაჯანოვი არათუ არ ემორჩილებოდა, იგი განუწყვეტლივ აჯავრებდა, აღიზიანებდა, დუელში იწვევდა ოფიციალურ საბჭოთა იდეოლოგიას. 1973 წელს, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, ფარაჯანოვმა, რომელმაც თავისი ფილმის, “საიათნოვას”, გადაკეთებაზე უარი თქვა, ინტერვიუ მისცა რომელიღაც საბავშვო ჟურნალის კორესპონდენტს. ცეკას ოცამდე თანამშრომელთან მქონია ინტიმური ურთიერთობაო, - უთქვამს რეჟისორს... ეს სიტყვები საკმარისი გახდა მის დასაპატიმრებლად. მით უმეტეს, რომ კაგებე კარგა ხანია ცდილობდა გამოენახა საბაბი ურჩი კინემატოგრაფისტის დასაკავებლად. ამისათვის რამდენიმე ვერსია მუშავდებოდა: ეკლესიების გაქურდვა (ფარაჯანოვი კიევში ხატებს აგროვებდა), მექრთამეობა, მაწანწალობა. ბოლოს მიაგნეს ახალგაზრდა კაცს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფარაჯანოვმა გააუპატიურა. საბავშვო ჟურნალის კორესპონდენტთან საუბარი და ცრუმოწმის ჩვენება ერთმანეთს დაუკავშირეს და სერგო ფარაჯანოვი ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით დააპატიმრეს. დაიწყო მოწმეთა დაკითხვები. მაგრამ კინორეჟისორის მეგობრებმა არ დაადასტურეს ეს ბრალდებები. ერთ-ერთმა, არქიტექტორმა მიხეილ სენინმა, კაგებეში დაკითხვის შემდეგ პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა.

სერგო ფარაჯანოვი უზარმაზარ ბანაკში, საბჭოთა კავშირში, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მის ბიოგრაფიას სისტემასთან, ხელისუფლებასთან კონფლიქტი განსაზღვრავდა. მას დევნიდნენ, ბანაკის საზღვრები კი თანდათან ვიწროვდებოდა. ვოროშილოვგრადის ბანაკი, რომელშიც იგი 1973 წელს მოათავსეს, ამ პროცესის ლოგიკური დასასრული იყო.

„როცა მეუბნებიან, თქვენი ფილმები პაზოლინის სურათებს ჰგავსო, რაღაც განსაკუთრებული სიხარულის გრძნობა მეუფლება – პაზოლინი ჩემთვის ღმერთია, ესთეტი, საოცარი სტილიზატორი, რომელიც ქმნის ეპოქის პათოლოგიებს – კოსტიუმით, ჟესტით უტრირებას მიმართავს... ანდა როგორ არ უნდა ვიყო აღფრთოვანებული მისი არტისტული ნიჭით, მისი ტვინით, რომელიც მართლაც უზარმაზარია.“

ეს უკვე ფარაჯანოვის გვიანდელი ინტერვიუა, რომელიც რეჟისორმა 80-იან წლებში, მეორე პატიმრობიდან განთავისუფლებისა და სამშობლოში აღიარების შემდეგ მისცა. ექსცენრტიკა მისი ცხოვრების სტილი იყო და ექსცენტრიკა იგრძნობა მის ყველა ინტერვიუში.

საბჭოთა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა ფარაჯანოვის პროცესი საჯარო გამხდარიყო. უკრაინის კაგებეს ვერ წარმოედგინა, თუ რაოდენ ნიჭიერ ხელოვანთან ჰქონდა საქმე. ხელისუფლებას არ სჯეროდა, რომ ფარაჯანოვის ფილმებს “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” და “საიათნოვა” დასავლეთი “ყველა დროის შედევრებად” გამოაცხადებდა.

ფარაჯანოვის დაპატიმრებით კაგებეს სურდა დაეშინებინა ურჩი მხატვრები, რომლებიც ხელისუფლების მანიპულაციას არ ემორჩილებოდნენ. ცდილობდა დანგრეულიყო მათი ოჯახები, ცდილობდა თავად საზოგადოებას გამოეხატა პროტესტი “უზნეო მხატვრების” მიმართ. გარკვეული თვალსაზრისით, კაგებემ მიაღწია კიდეც მიზანს. დაპატიმრების შემდეგ დიდ კინორეჟისორს ზოგიერთმა მისმა ახლობელმა ზურგი შეაქცია.

მაგრამ არა ყველამ.

1977 წელს ლილი ბრიკი პარიზში გაემგზავრა, ვლადიმერ მაიაკოვსკის გამოფენაზე. აქ შეხვდა იგი ლენინური პრემიის ლაურეატს ლუი არაგონს და სთხოვა, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები სერგო ფარაჯანოვის გასათავისუფლებლად. არაგონი მოსკოვში ჩავიდა და დიდ თეატრში, მისი მოღვაწეობის აღსანიშნავ კონცერტზე, ლეონიდ ბრეჟნევს ფარაჯანოვის შეწყალება მოსთხოვა. “ვინაა ფარაჯანოვი?” - უკითხავს ცეკას მაშინდელ მდივანს. არაგონის თხოვნა და დასავლეთის კულტურის მოღვაწეთა წერილი, რომელსაც სხვებთან ერთად ფელინი, ანტონიონი, ბერტოლუჩი, ალბერტო მორავია, აგრეთვე იტალიისა და საფრანგეთის კომპარტიის აქტივისტები აწერდნენ ხელს, საკმარისი აღმოჩნდა დიდი ხელოვანის გასათავისუფლებლად.
“ციხე - მადლი იყო ჩემთვის”, იტყვის მოგვიანებით სერგო ფარაჯანოვი. 1982 წელს, ახლა უკვე თბილისში, მას ხელახლა დააპატიმრებენ. ამჯერად - სპეკულაციის ბრალდებით. მაგრამ სერგო ფარაჯანოვი დაპატიმრებას სრულიად მშვიდად შეხვდება. თავისუფალი ადამიანისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად ჩაამწყვდევენ მის სხეულს. განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევანი ერთია: ან პატარა ციხე, ან დიდი საპყრობილე, მთელი ქვეყნის, სისტემის სახით...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG