Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაღაროელები ხშირად იღუპებიან”


დღეს იმ სამი მაღაროელის დაკრძალვას, რომლებიც 27 აგვისტოს ტყიბულის მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ, გაერთიანებული პროფკავშირების წევრები გამოეხმაურნენ. საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი პროფკავშირელები მდუმარე აქციით დაღუპულების ხსოვნას მიაგებდნენ პატივს, თან საკანონმდებლო ორგანოს სთხოვდნენ შრომის არსებულ კოდექსში ცვლილებების შეტანას იმისათვის, რომ შრომის უსაფრთხოება დაცული იყოს.

ასფალტზე ანთებული სანთლებით დაწერილი სიტყვა SOS და ბანერი, ზედ გამოსახული „პრობლემებით“ დატვირთული ვაგონებით, რომლებიც მაღაროში შედიან. ზემოთ კი წარწერაა: ”მაღაროელები ხშირად იღუპებიან, ეს კი ყოველთვის მაღაროელებს ბრალდებათ. როდემდე?” - გაერთიანებული პროფკავშირების წევრები დგანან ბანერის გვერდით,ხელში საქართველოსა და პროფკავშირის დაშვებული დროშებით, რომლებზეც შავი ლენტებია დამაგრებული. სხვებს ხელში სანთლები უჭირავთ. ასე მიაგეს პატივი გაერთიანებული პროფკავშირების წევრებმა 27 აგვისტოს ტყიბულში, მინდელის მაღაროში, დაღუპული 3 მაღაროელის ხსოვნას. იქვე, აქციაზე, შეიტყვეს, რომ გარდაიცვალა კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.

შემდეგ გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ 27 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება მაღაროს ხელმძღვანელობას უსაფრთხოების მარტივი წესების გათვალისწინებით შეეძლო, და ჩამოთვლის პრობლემებს:

” განათების პრობლემაა, სპეცტანსაცმლის პრობლემაა, უსაფრთხოების დაცვის პრობლემაა, განათლების პრობლემაა, - აი, როდის რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა კრიტიკულ ვითარებაში, - კვების, ტრანსპორტირების, ხელფასების პრობლემებია, სხვა უამრავი პრობლემაა. შრომის კანონმდებლობა რომ ცუდია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უგულებელვყოთ ყველა ის სტანდარტი, რაც გვქონდა.”

პარლამენტის წინ აქციაზე მისული ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელი გოგა ბრეგვაძე ამბობს, რომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ ქარხანაშიც მძიმე მდგომარეობაა. გოგა ბრეგვაძის განცხადებით, ქარხნის ხელმძღვანელობა თავს მარტივი ხერხით იცავს. ყოველი სამუშაო დღის დაწყებისას ქარხნის თანამშრომელმა ხელი უნდა მოაწეროს ფურცელს, რომლის მიხედვითაც, მან თითქოს ინსტრუქტაჟი მოისმინა:

”უნდა მოაწერო ხელი ფურცელს და ვინც არ მოაწერს ხელს, ის დაკარგავს სამსახურს. არანაირი გადამზადება. მშრომელებს რომ შრომის ინსტრუქტაჟი, სწავლება უტარდებოდეთ, ასეთი რამე 10 წელიწადია მე არ მინახავს.”

მხოლოდ ტყიბულის მაღაროში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 9 მაღაროელი დაიღუპა. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, უბედურება იმაშია, რომ დღეს არსებული შრომის კანონმდებლობა დამქირავებელს არ ავალდებულებს რაიმე სახის კომპენსაციას. ასევე არ არსებობს შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის შექმნა სახელმწიფოებს შრომის საერთაშორისო ფედერაციის კონვენციით ევალებათ - საქართველო შესაბამის დეკლარაციას არ მიერთებია.

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს დღემდე სწავლობს შესაბამისი კომისია. ტყიბულის მინდელის მაღაროში „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შემავალი კომპანია ”საქნახშირი” ახორციელებს მენეჯმენტს. კომპანიის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ბოჭორიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, - რაც მაღაროში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა, - ყოველდღიურად, მუშაობის დაწყების წინ, ინსტრუქტაჟი ტარდებაო:

”პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ გამკაცრებულია კონტროლი ყოველ ცვლაში. 4 ცვლიანი უწყვეტი სამუშაო რეჟიმი გვაქვს და ჩვენ ვესწრებით, - ხელმძღვანელობის, მერიის, პროკურატურის წარმომადგენლები, - რომ თითოეულ მუშას ანბანივით ვუზუთხოთ და ვუმეოროთ წესები.”

ავთანდილ ბოჭორიშვილი იმასაც ირწმუნება, რომ ეს წესი მხოლოდ რამდენიმე ხანს არ გაგრძელდება და სავალდებულო ხასიათი ექნება.
რაც შეეხება დაღუპულ მაღაროელთა ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის საკითხს, ავთანდილ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, 7 ათას ლარს გამოყოფს მაღაროელთა დამზღვევი კომპანია „აისი“, დაკრძალვის ხარჯებს და შემდგომში ოჯახის წევრთა გარკვეულ საჭიროებებს კი თავად კომპანია დააფინანსებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG