Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა საბურველის ტარების აკრძალვას


საფრანგეთის ზედა პალატამ 14 სექტემბერს თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საჯარო ადგილებში პირბადის ტარებას. საუბარია ტრადიციულ საბურველზე, რომელსაც მუსლიმანი ქალები ატარებენ. კანონი 2011 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება, მანამდე კი მოსახლეობასთან განმარტებითი მუშაობა ჩატარდება.

246 მომხრე და ერთი წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა საფრანგეთის სენატის სხდომა სადავოდ ქცეულ კანონპროექტზე, რომელიც საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმან ქალებს საჯარო ადგილებში პირბადის ტარებას უკრძალავს. თუკი კანონის ამოქმედების შემდეგ ქალი საბურველის ტარებას განაგრძობს, იგი 180 ევროთი დაჯარიმდება, ხოლო მამაკაცს, რომელიც ქალს პირბადის ტარებას აიძულებს, უფრო მკაცრი სასჯელი - 38 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ანდა თავისუფლების აღკვეთა - ელოდება. საკონონმდებლო ცვლილების მომხრეები ფიქრობენ, რომ ჩადრის ტარება შეიცავს პოტენციურ საფრთხეს, წინააღმდეგობაში მოდის საფრანგეთის სეკულარულ ფასეულობებსა და რესპუბლიკის პრინციპებთან, ლახავს ქალის ღირსებას. სენატში გამართული კენჭისყრის შემდეგ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ მადლობა გადაუხადა ფრანგ კანონმდებლებს: „მე მართლა ვფიქრობ, რომ დღეს საღამოს საფრანგეთის რესპუბლიკას შეუძლია იამაყოს საფრანგეთის სენატითა და სენატორებით.“

საფრანგეთში, დასავლეთ ევროპის მასშტაბით, ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმანური დიასპორა ცხოვრობს. 64 მილიონიან ქვეყანაში მუსლიმანთა რაოდენობა მოსახლეობის 5-10 პროცენტს შეადგენს. ოფიციალური კვლევების თანახმად, საფრანგეთში 1900 ქალი მალავს სახეს საბურველის ქვეშ, უფრო ხშირად მუსლიმანი ქალები ატარებენ ნიღაბს, გრძელ მუქ კაბასთან ერთად. თვალების დასამალად გამოიყენება ასევე წამოსასხამიც.

საფრანგეთის ნაციონალური თავისებურების ხაზგასმის ფონზე, მუსლიმანი ქალების საბურველის თაობაზე დაწყებული კამათი ზოგიერთ მუსლიმან სასულიერო პირს აფიქრებინებს, რომ მათი რელიგია მიზანშია ამოღებული. ქალებს არავინ არ უნდა ასწავლიდეს, რა ატარონ და რა არაო, - უთხრა რადიო თავისუფლებას მუჰამედ ჰენიჩემ, რომელიც პარიზის სან-დენის დასახლების მუსლიმთა ასოციაციის გენერალური მდივანია:

„ ეს არის ძალიან სახიფათო ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვის კუთხით. ჩვენ ვამბობთ, რომ წინააღმდეგნი ვართ, როდესაც ქალებს აიძულებენ საბურველი ატარონ ირანში, უკრძალავენ შარვლების ტარებას სუდანში, და იმასვე ვამბობთ საფრანგეთთან მიმართებითაც: ჩვენ არ გვაქვს უფლება, ავუკრძალოთ ქალებს ატარონ საბურველი. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიდგეთ ქალების მხარეზე. ჩვენ ქალებს ბავშვებივით არ უნდა ვექცეოდეთ.“

მაგრამ მუსლიმანური საბურველის ტარების აკრძალვა პოპულარულია ევროპის ქვეყნებში. ვაშინგტონში არსებულმა კვლევითმა ცენტრმა (Pew Global Attitude Project) დაადგინა, რომ გამოკითხულთა 65-71 პროცენტი ემხრობა მუსლიმანური საბურველის ტარების აკრძალვას საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ესპანეთში. მაგრამ ასეთ აკრძალვას სხვადასხვა ბანაკში მყოფი ორი გავლენიანი ოპონენტიც ჰყავს: საბურველის ტარების აკრძალვის წინააღმდეგია შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ისლამისტ მეამბოხეთა ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს აკრძალვა შეურაცხყოფს მუსლიმანებს. საფრანგეთზე ადრე მუსლიმანური საბურველის ტარების აკძრალვის კანონი აპრილში ბელგიამ მიიღო, მოგვიანებით, ივნისში, პირბადის ტარება აიკრძალა ბარსელონაში. გარდა ამისა, საბურველის ტარების ამკრძალავი კანონი მიიღო შვეიცარიის რამდენიმე კანტონმა და ადგილობრივი დეკრეტის მოლოდინშია ასევე რამდენიმე იტალიური ქალაქი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG