Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მოქალაქე აფხაზურ საგუშაგოსთან გაძარცვეს


ავაგ ეფრემიანი
ავაგ ეფრემიანი
16 სექტემბერს, დილით, აფხაზმა "მესაზღვრეებმა" ენგურის ხიდთან მოქმედ საგუშაგოსთან გააჩერეს აფხაზეთიდან ერევანში მიმავალი სომეხი ეროვნების ავაგ ეფრემიანი და, საბუთებთან ერთად, მოსთხოვეს, აეხსნა მათთვის, თუ რა მიზნით იმყოფებოდა დე ფაქტო რესპუბლიკაში.

ეფრემიანმა აფხაზ "მესაზღვრეებს" განუმარტა, რომ ის გალში ოთხი დღის წინ ჩავიდა ბიძაშვილის საფლავის მოსანახულებლად და უკან, სამშობლოში, ბრუნდებოდა, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს, აფხაზმა ჯარისკაცებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გაძარცვეს.

"აფხაზურ საგუშაგოსთან კაპიტანმა მომთხოვა, საფულე მიმეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით დამემუქრა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს მისმა თანმხლებმა პირებმაც. არაფერი მითქვამს. ვიცოდი, რასაც მიზამდნენ. ამიტომ ვარჩიე მშვიდად გავცლოდი იქაურობას", - ამბობს დაზარალებული.

ავაგ ეფრემიანი აფხაზეთში პირველად წლის დასაწყისში, ბიძაშვილის დაკრძალვაზე ჩავიდა. იგი ამბობს, რომ მაშინ აფხაზმა "მესაზღვრეებმა" ადმინისტრაციულ საზღვარზე უპრობლემოდ გაატარეს.

ავაგ ეფრემიანის გაქურდვისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს იძიებს ზუგდიდის რაიონული პოლიციის სამმართველო, სადაც დაზარალებულმა გამომძიებელს ჩვენება მოსცა. სომხეთის მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დღეს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG