Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა


მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე
მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე
18 სექტემბერს ძიუდოს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. თანამდებობა დატოვა ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა და სამწვრთნელო შტაბის დანარჩენმა სამმა წევრმა. საგანგებო სხდომა იაპონიაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის გამო დაინიშნა. ტატამზე დაგვიანების შედეგად, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ჩემპიონატიდან მოიხსნა. აღმასკომზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დილარ ხაბულიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც დაისვა.

ამან თქვა, ჩაეძინაო, იმან თქვა, კიმონოს ჩაცმა ვერ მოასწროო, ამან თქვა, ვერ ვიპოვეთო, იმან თქვა, რა ჩემი ბრალი იყოო... საბოლოო ჯამში კი, ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტატამზე დროულად არ გამოცხადდა და დაგვიანების გამო იაპონიის დედაქალაქში - ტოკიოში - გამართული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნა.

სწორედ ამ ინციდენტის გამო შეიკრიბა 18 სექტემბერს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა, სადაც ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამირან ტოტიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას აღმასკომის მთელმა შემადგენლობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. მასთან ერთად თანამდებობის დატოვება მოუხდათ სამწვრთნელო შტაბის დანარჩენ წევრებსაც. სხდომის დაწყებამდე ამირან ტოტიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გია ნაცვლიშვილს გარკვეულ ბრალდებებს უყენებდა: ”ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა გამომიგზავნა ოლიმპიური კომიტეტის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი. მან მითხრა, რომ შედეგი მექნებოდა თუ არ მექნებოდა, უნდა წავსულიყავი ნაკრებიდან. თურმე მე ვუთხარი ცირეკიძეს, რომ შეხვედრა მაინც უნდა წააგო და არ გახვიდე-მეთქი. აი, ეს არის გია ნაცვლიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი”, - ამბობს ტოტიკაშვილი.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ ბრალდებას აბსურდული და არალოგიკური უწოდა: ”აბსოლუტურად გაუგებარია, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მთავარ მწვრთნელთან ექიმის საშუალებით საუბრობდეს. ოლიმპიური კომიტეტი ვერ გახდება პასუხისმგებელი ვერც გუნდის მომზადებაზე და ვერც სპორტსმენის ტატამთან მიყვანაზე. თუ წააგებდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პრეტენზიები გვექნებოდა, მაგრამ თუ მოიგებდნენ, სულ მცირე, ლოგიკა ხომ მაინც უნდა არსებობდეს, რატომ უნდა გვინდოდეს მოგებული მწვრთნელის წასვლა, ეს წარმოუდგენელია”, - აცხადებს ნაცვლიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ტოტიკაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომით მან მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. თუმცა ის ძიუდოდან წასვლას არსად აპირებს: ”მწვავე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, მე წინასწარ მქონდა წასვლის გადაწყვეტილება მიღებული. დაკმაყოფილდა ჩემი მოთხოვნა და ამის შემდეგ თუ ჩაითვლება საჭიროდ, რომ მე ძიუდოში რაღაცის გაკეთება კიდევ შემიძლია, ნებისმიერ დროს მზად ვიქნები, რომ ძიუდოს აღორძინებას, ძიუდოს წინსვლას ხელი შევუწყო და ვემსახურო”, - აცხადებს ტოტიკაშვილი.

აღმასკომის წევრი, ძიუდოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შოთა ხაბარელი მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას ფედერაციაში არსებულ არაჯანსაღ სიტუაციას აბრალებს და აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა. 18 სექტემბერს აღმასკომის საგანგებო სხდომა სწორედ ხაბულიანის კაბინეტში გაიმართა, თუმცა მისი სკამი ცარიელი დარჩა. მოლოდინის მიუხედავად, ის სხდომაზე გაურკვეველი მიზეზების გამო არ გამოცხადდა. დილარ ხაბულიანის თანამდებობიდან გადაყენების ინიციატივით სხდომაზე შოთა ხაბარელი გამოვიდა: ”ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ამ ადამიანის ბრალია ყველაფერი, რაც ხდება ძიუდოს გარშემო. როდესაც მან თავისი პროვოკაციული ქმედებებით დაიწყო მუშაობა, აი, აქამდე მიგვიყვანა. ეს კაცი აუცილებლად უნდა წავიდეს ძიუდოდან. დამერწმუნეთ, ხალხო, ეს ასეა”, - ამბობს ხაბარელი.

აღმასრულებელი კომიტეტის დასრულების შემდეგ პირველი განცხადება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გააკეთა. ის ჯერ კიდევ იაპონიის ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ აცხადებდა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ის უმკაცრეს ზომებს მიიღებდა და დღის წესრიგში კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა: ”მთავარმა მწვრთნელმა ცირეკიძესთან ინციდენტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და მან დატოვა თანამდებობა. ჩვენ უახლოეს დღეებში ახალ მწვრთნელს წარვადგენთ. რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტს, მე მას ორშაბათს შევხვდები და ფედერაციის პრეზიდენტი თვითონ გაგაცნობთ თავის გადაწყვეტილებას, წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი”, - აღნიშნავს ვარძელაშვილი.

აღმასრულებელი კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, ძიუდოს ფედერაცია საზოგადოებას ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურას წარუდგენს. როგორც წინასწარ არის ცნობილი, ნაკრების მწვრთნელად ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სოსო ლიპარტელიანის კანდიდატურა განიხილება.

თავად ირაკლი ცირეკიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ინციდენტის ზუსტ მიზეზებს ვერ აკონკრეტებს. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტატამზე გასასვლელად მობილიზებული იყო და საბრძოლველად ემზადებოდა: ”ორი შეხვედრა ჩავატარე და მესამესთვის ვემზადებოდი. უნდა მოსულიყვნენ და გავეფრთხილებინე. როგორც წესი, მწვრთნელებიც მოდიან ხოლმე და ორგანიზატორებიც. მეც, რა თქმა უნდა, ველოდებოდი. და როდესაც მოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ ტატამზე გასვლა უკვე დაგვიანებული იყო. არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, რა მოხდა. იყო სხვადასხვა ვერსია, რომ თითქოს, მოსამზადებელი დარბაზი იყო ტატამიდან შორს, მაგრამ მარტო ჩემთვის ხომ არ იყო ის ტატამი შორს? ჩემი მეტოქე უკვე იქ იყო და მელოდებოდა. მთელი წელი ვემზადებოდი ამ შეჯიბრისათვის, ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა და წარმატებით გამოვსულიყავი და ასეთი რაღაც თუ მოხდებოდა, ნამდვილად ვერ წარმომედგინა”, - ამბობს ცირეკიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე თხუთმეტმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა, თუმცა მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. ეროვნული ნაკრების წევრთაგან ყველაზე მაღალი შედეგი მეხუთე ადგილზე გასულ ვარლამ ლიპარტელიანს ჰქონდა.
XS
SM
MD
LG