Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 21 სექტემბერი 2010


”ავღანეთში 3 ქართველი სამხედრო ყოფილა დაჭრილი” – ”რეზონანსი” წერს, რომ ”საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში საბრძოლო შეტაკებისას ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3 ქართველი სამხედროს დაჭრის შესახებ. ეს ინფორმაცია ლეიტენანტ მუხრან შუკვანის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა”, - წერს გაზეთი. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ”რეზონანსის” კორესპონდენტს ეუბნება: ”შეიარაღებული ძალები ეკუთვნის საზოგადოებას და ნებისმიერი ასეთი ტიპის ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა იქნას გავრცელებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება ავღანეთში და რა მდგომარეობაში არიან ქართველი სამხედროები.”

დღეს არაერთი გაზეთი წერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ . ”საზოგადოების და ვენეციის კომისიის ვალი მოხდილია”; ”ოპოზიცია ახალი პროექტის შემუშავებს ემხრობა” – ”24 საათი” ორ სტატიას უძღვნის ამ საკითხს. დეპუტატ გურამ ჩახვაძეს გაზეთისთვის განუცხადებია, რომ კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე 24 სექტემბერს გავა. ჩახვაძეც და ქრისტიან-დემოკრატებიც ფიქრობენ, რომ განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ექსპერტი სამართლის საკითხებში, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე კი ამბობს: ”უმრავლესობას რომც შეესრულებინა ვენეციის კომისიის თხოვნა პროცედურულ საკითხებში და დალოდებოდა რეკომენდაციების გამოქვეყნებას, ამ რეკომენდაციებს მაინც არ გაითვალისწინებდა.”

”ახალი თაობა” გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ”სამ ფაქტს დაგისახელებთ, რომლის გამოც მერაბიშვილი, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი და უმაღლესი კატეგორიის სახელმწიფო დამნაშავე, აუცილებლად გასამართლდება”, - ეუბნება ხაინდრავა ჟურნალისტს და ასახელებს სანაკოევის პროექტს, კოდორის ხეობაში რაზმ ”მონადირის” გაუქმებას, იხსენებს პაატა დავითაიას ხელმძღვანელობით შექმნილი საპარლამენტო კომისიის მუშაობის ზოგიერთ დეტალს და აკრიტიკებს ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანას მაშინ, როცა, მისი თქმით, მისაღებ გამოცდებზე ”კატასტროფა დაფიქსირდა”, ”გაუნათლებელი ხალხი მოდის, ქართული არ იციან...”.

”ალიას” კორესპონდენტი წერს: ”ჩვენ პირდაპირ მოვუწოდეთ ”ლეიბორისტების” ლიდერს გამოსულიყო ვიწრო პარტიული ჩარჩოებიდან და საკუთარ თავზე აეღო საერთო-სახალხო ლიდერის ფუნქციები. როგორც ჩანს, რჩევამ და მოწოდებამ გაამართლა. მის განცხადებებს პირდაპირ ეთერშივე გამოეხმაურა რამდენიმე პარტიის ხელმძღვანელობა”, - წერს ”ალიას” კორესპონდენტი და მკითხველს შალვა ნათელაშვილთან კიდევ ერთ ინტერვიუს სთავაზობს. ნათელაშვილი ამბობს: ”მე ვფიქრობ, ეს იყო გარდატეხის საათები, ახლა მთავარია იდეის ხორცშესხმა და დამერწმუნე, რომ თუ ძირითადი ოპოზიციური სპექტრი გაილაშქრებს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი გადატრიალების წინააღმდეგ, მაშინ ხელისუფლება ძალიან მალე დაამთავრებს თავის არსებობას.”

”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე - ”სააკაშვილის იმპიჩმენტი იწყება!” გაზეთში ქვეყნდება ”საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის - პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების - დამფუძნებელი კონფერენციის მოწვევის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მომზადებული რამდენიმე ტექსტი-პროექტი, რომლებიც პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითვალისწინებს და ამ უნდობლობის საფუძვლებს განმარტავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG