Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა გორში


საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა რეგიონებში დაასრულა. ერთი შეხვედრა გორშიც გაიმართა. გორის უნივერსიტეტში კომისიის წევრები აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის მიუხედავად, რიგითმა გორელებმა ცვლილებების შესახებ ბევრი არაფერი იციან.

სახელმწიფო კომისიის პარალელურად, საზოგადოებასთან რეგიონებში შეხვედრებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც მართავდნენ, მაგრამ, კომისიისგან განსხვავებით, ისინი შეკრებილებს ცვლილებების ხარვეზებსა და უარყოფით მხარეებზე ესაუბრებოდნენ. ახალგაზრდა იურისტების აზრით, წარმოდგენილი პროექტით, მართალია, შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ის მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების მონაწილედ. მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ფუნქციები ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში. მთავრობა ფლობს პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ყოველგვარი რისკის გარეშე. დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი. პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, დათხოვნის შიშით.

ყველაზე მეტი კითხვა სწორედ მომავალი პარლამენტის ფუნქციებისა და უფლებების შესახებ დაისვა. ეკონომისტ თამარ ედიშერაშვილის აზრით, წარმოდგენილი პროექტი ვერ ასახავს იმას, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის, რადგან პარლამენტის უფლებები შემცირებულია.

იურისტების აზრით, გამოსაცდელი ვადის შემოღებით ეჭვქვეშ დგება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები. უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს. გორელი არინა თავაქარაშვილის აზრით, რამდენიმე წელიწადში საქართველოში კვლავ ახალ კონსტიტუციაზე დაიწყებენ ფიქრს, რადგან დღეს წარმოდგენილი პროექტი ეფექტურად ვერ იმუშავებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი სახელმწიფო კომისიის რამდენიმე შეხვედრას დაესწრო. მისი აზრით, კომისიის წევრები საზოგადოებას ცალმხრივ ინფორმაციას აწვდიდნენ და ცვლილებების მხოლოდ დადებით მიმართულებებზე საუბრობდნენ. ბებიაშვილის აზრით, საზოგადოება საკმარისად არ არის ინფორმირებული, რაც მმართველი პარტიის ინტერესებში შედის.

ცალკე საკითხია მედიის აქტიურობა საკონსტიტუციო ცვლილებების სიღრმისეული განხილვის საკითხში. არც ელექტრონული და არც ბეჭდური მედიის მიერ პროექტი დეტალურად არ განხილულა. ტელევიზიები ახალი ამბებით შემოიფარგლებოდნენ და მხოლოდ იმას აშუქებდნენ, თუ სად მართავდა კომისია შეხვედრებს. ცვლილებების საჯარო განხილვა დასრულდა, პროექტი მალე პარლამენტში შევა და დებატები გაიმართება, მაგრამ, პარლამენტში ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, იურისტებს იმედი არა აქვთ, რომ პროექტში არსებითი ცვლილებები კიდევ შევა.
XS
SM
MD
LG