Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტეჯების რეაბილიტაცია – არამიზნობრივი ხარჯვა?


ბზარი ახლადაშენებული კოტეჯის საძირკველზე
ბზარი ახლადაშენებული კოტეჯის საძირკველზე
დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირები მათთვის აშენებულ კოტეჯებში შეასახლეს. სწრაფად და უხარისხოდ აშენებულმა საცხოვებლებმა ორი წელიც ვერ გაძლო და უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა საჭირო. კოტეჯების კედლები დაიბზარა, კარ-ფანჯარა დეფორმირდა, სახურავიდან წყალი ჩავიდა. ღარებგაჩენილი იატაკიდან კი ბალახი და მწერები ამოდიოდნენ.

სოფელ კარალეთთან კოტეჯები სამშენებლო კომპანიამ „ბლოკ ჯორჯიამ“ ააშენა. ამ კომპანიას ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ გამოვლენილ ხარვეზებს ერთი წლის განმავლობაში გამოასწორებდა. მიუხედავად იმისა, რომ კოტეჯები აშენებიდან მალე დაზიანდა, სამშენებლო კომპანიისთვის პირობის შესრულება არავის მოუთხოვია. თითქმის ორი წლის შემდეგ კი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დამატებით 6 მილიონი გამოიყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კი კომპანია „დაჯიმ“ გაიმარჯვა. დევნილებს ჰპირდებოდნენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისში დაიწყებოდა, მაგრამ „დაჯის“ მშენებლები დასახლებაში მხოლოდ ახლა შევიდნენ.

ბზარი კოტეჯის კედელზე
ამ დროისთვის ჩასახლების მხოლოდ რამდენიმე კოტეჯია რეაბილიტირებული. დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით მონიტორინგი ჩაატარა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. მათ ანგარიშში სამშენებლო კომპანია ,,ბლოკ ჯორჯიას" მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზეა საუბარი. იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელს ქეთი ბებიაშვილს მიაჩნია, რომ საქმე თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს, რადგან ხელისუფლებას „ბლოკ ჯორჯიასთვის“ უნდა მოეთხოვა ხარვეზების გამოსწორება და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დამატებითი ფინანები აღარ უნდა გამოეყო.

კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე კოტეჯია შეკეთებული. რემონტის დროს დევნილებს ავეჯი გარეთ უწყვიათ, ახლა ისინი ცას შიშით შეჰყურებენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, გაწვიმდება, აცივდება და იძულებით გადაადგილებული პირები ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. მათი ვარაუდით, თუ რეაბილიტაცია ასეთი ტემპით გაგრძელდა, ზამთარს გარეთ შეხვდებიან და ისევ სველ კოტეჯებში მოუწევთ შესვლა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ სამუშაოები ნოემბერში უნდა დაასრულოს.
XS
SM
MD
LG