Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 23 სექტემბერი 2010


”ახალი ომი თუ დიდი სპეცოპერაცია. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ნაწილებისა და შეიარაღების მასშტაბური გადასროლა შეიმჩნევა”, - წერს პირველ გვერდზე ”რეზონანსი”. სტატიაში წაიკითხავთ: ”სხვადასხვა რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთი საქართველოში შეჭრას გეგმავს. თუმცა ქართველი ექსპერტები მოვლენების ამგვარ განვითარებას გამორიცხავენ. მათი თქმით, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთს ახალი ომი საქართველოსთან არც პოლიტიკური და არც სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობით არ სჭირდება.”

”24 საათი” პრეზიდენტ სააკაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ეხმაურება სტატიაში, სათაურით ”ძალზე ფასიანი ქაღალდების გარემოცვაში”. ”დასავლეთში ახალი ინვესტორების ძიებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აშშ-ის ელიტურ ფინანსურ ჯგუფებთან დაახლოება შეძლო. შეერთებულ შტატებში ელექტრონული ფასიანი ქაღალდების უდიდესი ბაზარი, ნაზდაქი, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებით დაინტერესდა”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

”მეტი რაღა უნდა დაგემართოთ?!” - ამ სათაურით ”ყველა სიახლე” აქვეყნებს ინტერვიუს ნონა გაფრინდაშვილთან. ის წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოსამზადებელ სხდომაზე ლაპარაკობს და დასძენს: ”ხომ ხედავთ, რომ ქვეყანაში ოპოზიციური ცხოვრება ჩამკვდარია, ოპოზიციური პარტიებისადმიც ისევე, როგორც ხელისუფლებისადმი, ხალხს რწმენა დაეკარგა. ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ოპოზიციამ ამდენი ხნის ბრძოლის შემდეგ შედეგს ვერ მიაღწია. მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ჯადოსნურ წრეზე სიარული, საზოგადოებამ მოახერხოს მობილიზება და ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ჩარხი წაღმა შემოაბრუნოს.”

”ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიციის ნდობა დაბალია, პირიქით, წინააღმდეგობის და შეურიგებლობის მუხტი საკმაოდ მაღალია საზოგადოებაში და ამან თუ იფეთქა, მაშინ ძალიან ცუდად დაუმთავრდება სააკაშვილს და მის ბანდას ეს ყველაფერი, კაბინეტიდან ვერ გაასწრებენ და ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებენ” - ეს განცხადება ლეიბორისტ გიორგი გუგავას ეკუთვნის. მას ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”ალიას” პირველ გვერდზე წაიკითხავთ: ”სკანდალი ”იმედში””. სტატიის ავტორი წერს: ”მოდელირებულ ”ქრონიკასთან” დაკავშირებით არველაძესთან სკანდალურ ჩანაწერში მონაწილე ეკა წამალაშვილი ”იმედიდან” გამოუშვეს! ეს ინფორმაცია ჩვენთვის ოთხშაბათს გახდა ცნობილი. იმავე დღეს გაირკვა, რომ ”იმედი” ”სპეციალური რეპორტაჟის” წამყვან ნათია კობერიძესაც დაემშვიდობა...”

”ალიაში” წაიკითხავთ აგრეთვე ლევან გაჩეჩილაძის, ირაკლი ოქრუაშვილისა და სოზარ სუბარის ერთ პარტიაში შესაძლო გაერთიანებაზეც: ”...ოქრუაშვილს ახლა ჟანგბადივით სჭირდება ”გრეჩიხასა” და სუბარის პოლიტიკური იმიჯი, ხოლო ”გრეჩიხასა” და სუბარს - ”ოქროს” ფინანსები”, - წერს ”ალია”.

”ჯორჯიან ტაიმსში” ნანა დევდარიანი აქვეყნებს სტატიას. ”შალვა ნათელაშვილის ინიციატივა - აეკრძალოს ყოფილ პრეზიდენტს წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე კენჭისყრა, ერთგვარ ლუსტრაციასაც წარმოადგენს ოპოზიციონერებისთვის; ვისაც საკუთარი მომავალი სააკაშვილთან ერთად აქვს დაგეგმილი, ცხადია, ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს”, - წერს ”ჯორჯიან ტაიმსში” ნანა დევდარიანი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG