Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩარგალში ვაჟა-ფშაველას მუზეუმის კარები დაამტვრიეს


ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში
ჯერჯერობით დაუდგენელია ვინ ამოიღო ფანჯარა, ვინ დაამტვრია რამდენიმე ოთახის კარი ან რას ეძებდნენ სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სადაც მწერლის ნივთები და საგვარეულო ვერცხლეული ინახება - ძირითადად, ეთნოგრაფიული ექსპონატები, რომელთაც სიმბოლური ფასი აქვთ. თუმცა ფაქტია, რომ პირველ ოქტომბერს, გამთენიისას, სახლ-მუზეუმში, რომელსაც მხოლოდ ერთი დარაჯი იცავს, ვიღაც შევიდა და ოთახიდან ოთახში გასასვლელი კარი დალეწა. მწერლის ნივთებიდან დაკარგული არაფერია.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს, სხვა მუზეუმებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი დარაჯი იცავს. ასეთია კიდევ ნიკო ნიკოლაძისა და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმები. იქ არ დგანან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ლეგიონის წარმომადგენლები, როგორც ეს სხვა მუზეუმებშია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაკა შავიშვილი ამის მიზეზად მუზეუმის მწირ ეთნოგრაფიულ მასალას ასახელებს:

“მატერიალური ღირებულების თვალსაზრისით, მუზეუმი არ შეიცავს ძვირად ღირებულ ექსპონატებს, იქ მხოლოდ ეთნოგრაფიული მასალაა და, დაცვის მხრივაც, მხოლოდ ერთი დარაჯი იცავდა. არანაირად არ არის მიმზიდველი ადგილი გაქურდვის თვალსაზრისით და უფრო ხულიგნობა მგონია.”

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში
დაახლოებით ორი წლის წინ გაქურდეს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი საჩხერეში და მაშინ, რაც უნდა წარმოუდგენელი ამბავი იყოს, ტანსაცმელი წაიღეს.

”სრულიად წარმოუდგენელია ასეთი ადგილიდან რამე გამოიტანო და შემდეგ მატერიალური სარგებელი ნახო.”

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ წაღებული არაფერია. ადგილზეა სეიფიც, სადაც მწერლის საგვარეულო ვერცხლეული ინახება. როგორც დუშეთის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი გვეუბნება, ამოღებულია ფანჯარა, რომელშიც ნაკლებ სავარაუდოა, ზრდასრული ადამიანი გატეულიყო:

”ისეთი ფანჯარაა ამოღებული, რომ იქ დიდი ადამიანი ვერ გადავიდოდა - ან ბავშვია, ან მოზარდი გადასული. რა სურდა და რას ეძებდა, ჯერ უცნობია, მაგრამ შიდა ოთახების ყველა კარი დამტვრეულია.”

მუზეუმში ახლა რემონტია. მუზეუმის დირექტორმა ლალი რაზიკაშვილმა რემონტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კულტურის სამინისტროს ნაჩუქარი კომპიუტერი, როგორც თავად ამბობს, საიმედო ადგილას შეინახა. ერთადერთი მეტ-ნაკლებად ფასეული, რაც იქ დარჩა, სეიფში შენახული ვერცხლეულია:

”შესაძლოა, ეს ნივთები არ არის ძვირიანი, მაგრამ ძვირფასია ეთნო-კულტურული თვალსაზრისით. შესაძლოა, მუზეუმი ამ ბოლო დროს რომ აქტიურობს, ვიღაცას ილუზია შეექმნა, რომ რამე იქნებოდა შიგ. ეს არის ამორალური და ვანდალური აქტი, რადგან ეს საქართველოს სიწმინდეა. ამას წინათ გურამ დოჩანაშვილი იყო ამოსული და არ შევიდა შიგნით, არ ვარ ღირსი, რომ მის სახლში შევიდეო. ამ დონის სიწმინდეა და ადამიანი რომ ღამით შეიპარება და დაამტვრევს იქ კარებს, ვანდალური აქტია, სხვანაირად როგორ შევაფასო.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG