Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიბერდანაშაული მკაცრად დაისჯება


8 ოქტომბრიდან საქართველოში კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ამოქმედდა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ძალაში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, გარდა ფიზიკური პირებისა, იურიდიულ პირებზეც გავრცელდება.

კიბერდანაშაული - დანაშაული ინფორმატიკის სფეროში. კიბერდამნაშავეები -დამნაშავეები ინფორმატიკის სფეროში. ისინი, როგორც იტყვიან, სახლიდან გაუსვლელად, თუ შეიძლება ითქვას, სავარძლიდან წამოუდგომლად, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერული კომბინაციის შედეგად, სჩადიან დანაშაულს, ანუ, სამი სიტყვით რომ ვთქვათ, სხვის კომპიუტერს ერჩიან. კიბერდამნაშავეები საზოგადოებაში ჰაკერების სახელითაც არიან ცნობილნი. ჰაკერი ინგლისური სიტყვაა და სიტყვასიტყვით ჭრილობას, გაპობას, გაჭრას ნიშნავს. თურმე არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ”ჰაკერი” ”ყველაფრის მცოდნეა”. ჰაკერებს უწოდებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, რომლებიც განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევიან ამ სფეროში და უბადლოდ ფლობენ კომპიუტერული პროგრამების შექმნის უნარ-ჩვევებს.

არ ვიცი, რამდენად უბადლო პროფესიონალები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც 3 ოქტომბერს ინტერნეტ-პროვაიდერ ”კავკასუს ონლაინის” სერვერში შეაღწიეს და საქართველოში არსებული 140 ინტერნეტ-საიტის პირველი გვერდი, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც, გააშავეს. ამ გრძელ სიაში ჟურნალ ”ლიბერალისა” და ”ცხელი შოკოლადის” ვებ-გვერდებიც მოხვდნენ, რომელთა ადმინისტრატორი, ნინო ჯაფიაშვილი, ამბობს, ჰაკერებმა იმდენად სუფთად იმუშავეს, რომ არანაირი კვალი არ დატოვეს, რათა დაზარალებულებს სულ მცირე ხელჩასაჭიდი მაინც გვქონოდაო: ”3 ოქტომბერს, 13:25 წუთზე, ჩვენი საიტი გატყდა, საიტის მთავარი გვერდი გაქრა და მის ადგილას გამოჩნდა შავი ფონი, რომელზეც იყო გამოსახული თურქეთის დროშა და წარწერა, რომ საიტი გატეხილია ამა და ამ ჯგუფის მიერ”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

ნინო გვეუბნება, როგორც წესი, ჰაკერები საკუთარ კვალს ან შლიან, ან ცვლიან, რის შედეგადაც თითქმის შეუძლებელი ხდება მათი პოვნა და ვინაობის დადგენაო.

რადიო თავისუფლება ”კავკაზუს ონლაინს” დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსო კაპანაძე განმარტავს, რომ მსგავსი შეტევებისაგან არავინ არის დაცული, თუმცა კომპანია ყველანაირად ცდილობს უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების შექმნას: ” ‘კავკასუს ონლაინი’ ყოველთვსი იყენებდა და დღესაც იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში არსებულ უახლეს საშუალებებს, რომ კიბერშეტევებისაგან დავიცვათ მომხმარებლები, თუმცა ეს არის სფერო, სადაც უსაფრთხოების სრული გარანტიის მიცემა მომხმარებლისათვის შეუძლებელია. ამიტომ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელთა ინტერესებს ამიერიდან, ტექნოლოგიების გარდა, კანონიც დაიცავს”, - აცხადებს რუსო კაპანაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

დიახ, 8 ოქტომბრიდან საქართველოში კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ამოქმედდა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ძალაში შევიდა. საქართველო კიბერდანაშაულის კონვენციას უერთდება, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე, - რაც გამოიხატება თანამედროვე მოთხოვნების სრულყოფილად დაკმაყოფილებაში. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, გარდა ფიზიკური პირებისა, იურიდიულ პირებზეც გავრცელდება, რაც საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან ქონების ჩამორთმევას გულისხმობს.

ამას გარდა, სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ჩაითვლება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლა და კერძო კომუნიკაციის გაცნობა. ასევე, იკრძალება კერძო საუბრის გარკვევის მიზნით კომპიუტერული პროგრამის, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება. როგორც ოთარ კახიძე განმარტავს, მსგავსი ტიპის დანაშაულის გახსნა სპეციალურ აღჭურვასა და კადრებს მოითხოვს:

”მიმდინარეობს ტრენინგები. მჭირდო ურთიერთობა გვაქვს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტთან, რომელიც გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს ატარებს. ამავე დროს, მიმდინარეობს ექსპერტთა ტრენინგიც, რომლებიც ჩაატარებენ ექსპერტიზას კომპიუტერულ მონაცემებზე და, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ამგვარი დანაშაულის უფრო ეფექტურად გამოვლენა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა”, - ამბობს ოთარ კახიძე.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში მსგავს დანაშაულებათა რიცხვი დიდი არ არის, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, დამნაშავეების გამოსავლენად ყველანაირი ბერკეტი უნდა არსებობდეს.

გიორგი მაჩიტაძე, საინფორმაციო ტექნოლოგიათა სპეციალისტი, ამბობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ რჩება პრობლემად სასერვერო პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა, რის შედეგადაც ჰაკერებს სხვის კომპიუტერებში შეღწევა უმარტივდებათ.
XS
SM
MD
LG