Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეში შესაძლოა, დღეს დაიწყოს ოპერაცია მაღაროელთა გადასარჩენად


ჩილეში შესაძლოა, დღეს შეუდგნენ 33 მაღაროელის ამოყვანას იმ ადგილიდან, სადაც ისინი, ავარიის შედეგად, ორ თვეზე მეტი ხანი არიან გამოკეტილი. მაშველთა გუნდმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა გალია, რომელსაც საგანგებოდ ამოჭრილ შახტში ჩაუშვებენ 625-მდე მეტრის სიღრმეზე, მაღაროელების ევაკუაციის დასაწყებად. გეგმის მიხედვით, მაღაროელებს ცალ-ცალკე ამოიყვანენ სამაშველო გალიით, რომელსაც „ფენიქსს“ უწოდებენ. სამთო მრეწველობის მინისტრის განცხადებით, ევაკუაციისთვის დამზადებული შახტი მზად ჩანს სამაშველო ოპერაციის დღეს, ადგილობრივი დროით შუაღამეს დასაწყებად (საქართველოს დროით, ხვალ დილას, 7 საათზე). ავარია 5 აგვისტოს მოხდა ჩრდილოეთ ჩილეში მდებარე სან ხოსეს მაღაროში, რის შედეგადაც ჩაიხერგა შესასვლელი სპილენძისა და ოქროს მაღაროებში. მაღაროელები თავდაპირველად დაღუპული ეგონათ, მაგრამ მათ 17 დღეში შეძლეს კონტაქტის დამყარება და შეტყობინება, რომ საავარიო თავშესაფარში შესვლა მოასწრეს.
XS
SM
MD
LG