Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავლის იმედით 2012 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ფეხბურთში


ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი
12 ოქტომბერს დაასრულა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მიმდინარე წლის მატჩები. ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს 6 ქულით. მომდევნო მატჩი 26 მარტს თბილისში ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან, ხორვატიასთან, გაიმართება. როგორ აფასებენ ეროვნული ნაკრების თამაშებს პროფესიონალი ფეხბურთელები და გულშემატკივრები?

გოოოოოოოოოოლ - აი ასეთი პოსტი გაჩნდა ფეისბუქზე 12 ოქტომბერს, 10 საათსა და 14 წუთზე, ანუ ფეხბურთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩის დაწყებიდან 74-ე წუთზე. რიგაში, ”სკონტოს” სტადიონზე, 3000 მაყურებლის წინაშე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა - უფრო კონკრტულად კი, დავით სირაძემ - ლატვიელთა კარში ბურთი შეაგდო. ჩემი ტელევიზორი სრულიად სხვა არხზე იყო მომართული, ანიმაციურ ფილმებზე, ამიტომ ეს ამბავი ფეისბუქით შევიტყვე. 89-ე წუთი სრულდებოდა, მატჩს რომ შევხედე და გულდამშვიდებულმა იმით, რომ მოგვიგია-მეთქი, ტელევიზორი ისევ ანიმაციურ ფილმს დავუბრუნე. მაგრამ ჯერ სადა ხარ! დამატებით დროში ლატვიელ ცაუნას ვარდნაში ბურთი უცნაური ტრაექტორიით გაუგზავნია და ანგარიში გაუთანაბრებია - 1:1. და ისევ გაჩნდა ფეისბუქზე ახალი პოსტი. და მე ამ პოსტს საკმაოდ ოპტიმისტურ პოსტს ვუწოდებდი: ”პირველად ითამაშა გუნდმა ფეხბურთი. 90 წუთის ფეხბურთი ჩვენ არასდროს გვითამაშია, მაგრამ ვაი, რომ არსებობს 91–ე წუთიცო...” მოვაშოროთ ეს ”ვაი, რომ” და ამ შემთხვევაში შევჩერდეთ პოზიტიურზე. მით უმეტეს, რომ ამ პოსტს მოჰყვა კიდევ რამდენიმე კომენტარიც. მაგალითად, ასეთი: ”ეს ერთი ქულა სჯობია წინა თამაშში აღებულ სამსო”. წინა თამაში კი თბილისში, ბორის პაიჭაძის სტადიონზე, 8 ოქტომბერს გაიმართა, ქართველებმა სამწლიანი ნავსი გატეხეს და თემურ ქეცბაიას ფეხბურთელებმა მალტა დავით სირაძის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხეს. მალტამდე ისრაელი და ფრე - ნულით ნული - იყო, კიდევ უფრო მანამდე კი -საბერძნეთი: ჩვენ კარში - ერთი გოლი და იმათ კარშიც - ერთი გოლი.

სატურნირო მდგომარეობის მიხედვით, ამ ეტაპზე საქართველო ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს და სულ მცირედით ჩამორჩება პირველ და მეორე ადგილოსნებს, საბერძნეთსა და ხორვატიას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ნაკრების მიერ ჩატარებული ოთხი მატჩის შედეგებს რადიო თავისუფლებასთან პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ამის დანახვა რთული არ არის. ის ნაკრების ახალ მწვრთნელზე, თემურ ქეცბაიაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ხშირად არ ამართლებს, ამ შემთხვევაში ქეცბაიას მოსვლამ ძალიან დადებითად იმოქმედა ნაკრების შედეგებზეო: ”რადიკალურად შეცვლილია მოტივაცია გუნდში, რაც ძალიან დიდი წინაპირობაა იმისა, რომ შედეგი დადგეს და, დღევანდელი პირობებით, მგონი, ეს გუნდი ძალიან კარგ შედეგს აღწევს. თუკი ბოლო მატჩებს შევაფასებთ, შედარებაც კი არ არის წინა წლებთან და თითქმის მიახლოებულია საუკეთესო შედეგთან. 8 ქულა 100%-იანი შედეგი იქნებოდა იმ ჩანაფიქრისა, რაც მატჩების დაწყებამდე გვქონდა, თუმცა, მიმდინარე წლის თამაშების მიხედვით, მიზანი 80 % - ით მიღწეულია”, - ამბობს არველაძე.

ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი და ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას მუშაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კიდევ უფრო უკეთესი შედეგებისათვის დრო არის საჭირო, დრო, რომელიც უცხოელი მწვრთნელების ყოფნისას დავკარგეთო. გარდა ამისა, თუკი გვინდა, რომ ნაკრებმა კარგი ფეხბურთი შესთავაზოს გულშემატკივარს, ჯერ ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაზეც უნდა ვიზრუნოთო, ამბობს ხურცილავა. ის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კიდევ ერთ პოზიტიურ თვისებაზეც ამახვილებს ყურადღებას: ”ქეცბაიას აქვს ძალიან კარგი თვისება, რომ ენდობა ახალგაზრდა მოთამაშეებს. აი, გუშინ, მაგალითად, ზესტაფონის ფეხბურთელი მურთაზ დაუშვილი პირველად ათამაშა, რომელმაც საკმაოდ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ქეცბაიას უნდა მივცეთ დრო - უნდა მივცეთ დრო, რომ თავისუფლად იმუშაოს.”

რაც შეეხება ნაკრების სუსტ რგოლს, ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ნაკრებს განსაკუთრებით სჭირდება უფრო ძლიერი თავდასხმა, ბურთის უფრო გაბედული გამტანები.

ლექსო მაისურაძე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. მალტასთან მატჩს მეგობრებთან ერთად უყურა და ამბობს, რომ ფრე ნამდვილად დასანანი შედეგი იყო, რადგან, თამაშის მიხედვით, ჩვენი ფეხბურთელები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ის ეროვნული ნაკრების მომავალს იმედიანად უყურებს: ”მოგებაც იქნება ძალიან მალე. პირადად მე მჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით უკეთ ითამაშებენ. ასეთი შედეგი სხვა ციკლებში არ გვქონია, გუნდს წაგება არა აქვს და ინარჩუნებს შანსს, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს. როგორც წესი, ჩვენ თავიდანვე ვკარგავდით ხოლმე ქულებს და ვეგუებოდით იმ აზრს, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდოდით, ახლა კი ამის შანსი გვეძლევა”, - ამბობს ლექსო მაისურაძე.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 26 მარტს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან, ხორვატიასთან, გაიმართება. თქმა აღარ უნდა იმას, რომ სტადიონი უნდა გაივსოს, რომ სახლში დარჩენილების ტელევიზორი ანიმაციურ ფილმებზე არ უნდა იყოს მომართული და ამბები ფეისბუქიდან არ უნდა შევიტყოთ.
XS
SM
MD
LG