Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 18 ოქტომბერი 2010


დღევანდელი ქართული გაზეთებიდან ამოვარჩიეთ გამონათქვამები, ინტერვიუები, რომლებშიც მსჯელობდნენ ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე და კიდევ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები.

"ქართული პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან გაჩეჩილაძე, გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ასეთ რამეს ამბობს: "როცა ადამიანი ხელისუფლებას უზურპირებას უკეთებს, სხვა გზა აღარ რჩება, რევოლუციის გარდა. ჩვენს ბრძოლაში ახალი ის იქნება, რომ აღარ გავიმეორებთ ძველ შეცდომებს და ჩვენს გადაწყვეტილებებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებთ. აქამდეც გვქონდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ერთობლივი გადაწყვეტილების გამო ჩემკენ გამოიშვირეს თითი, იპოდრომი ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება იყოო. არადა, გუნდურად გადავწყვიტეთ... "ქართულ პარტიაში" კი გუნდური პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება. უამისოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია. ციხეშიც პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა წავიდეთ. ძალიან სისხლიანია სააკაშვილი და ესეც მოსალოდნელია. პარტიის შემქმნელები ვაცნობიერებთ, რომ ჩვენთვისა და საქართველოსთვის სხვა შანსი აღარ იარსებებს, ეს უკანასკნელი ბრძოლა იქნება“, - დასძენს ლევან გაჩეჩილაძე. ამ ინტერვიუს „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავთ.

„ქართული პარტიის“ ლიდერების განცხადებებს „მთელი კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პასუხობს. ”რა რევოლუციაზე საუბრობს ოქრუაშვილი, როდესაც მან ერთი დღე ვერ გაძლო საკანში? რევოლუციების დრო საქართველოში დასრულდა და ამ წლების განმავლობაში ძალიან ცუდი გაუკეთა ჩვენს ქვეყანას.
შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი გზა და ხელისუფლების ალტერნატივა არის საარჩევნო გარემოს შეცვლა და "ნაცმოძრაობის" დამარცხება. ჩვენ სწორედ ამ გზით სვლას ვაპირებთ", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ეს, რაც შეეხება მომავალ ვითარებას. აწმყოს კი ”ახალ თაობასთან” საუბარში ექსპერტი ლადო პაპავა ეხება. ის ამბობს: "ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სიტუაცია არის მდორე, არაფრის მთქმელი, ეს ჩემთვის შემაშფოთებელია. მიიღეს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, კონსტიტუცია, და რატომღაც ქართულ საზოგადოებაში არის აბსოლუტურად ინდიფერენტული დამოკიდებულება. იქმნება განცდა, რომ საზოგადოებას საერთოდ არ აღელვებს, რა ხდება. არავის არ ადარდებს არაფერი.” ლადო პაპავა დასძენს: „აქ რომ საზოგადოებრივი მღელვარება იყოს, ეს ხომ შეაფერხებდა კონსტიტუციის მიღებას, თუნდაც იმიტომ, რომ იმავდროულად დასავლეთიდანაც არის სერიოზული ზეწოლა. ვენეციის კომისიამ რამდენჯერმე მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი თხოვნა - მანამდე ნუ განიხილავთ კონსტიტუციას, სანამ ჩვენი საბოლოო დასკვნა არ იქნებაო, მაგრამ, როგორც ხედავთ, კონსტიტუცია უკვე მიღებულია."
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG